ახალი ამბები

დაკავება საზღვარზე – საქართველოში ჩანთით არასრულწლოვანი გადმოჰყავდათ

26 ოქტომბერი, 2017 • 2560
დაკავება საზღვარზე – საქართველოში ჩანთით არასრულწლოვანი გადმოჰყავდათ

თურქეთის მედიის ცნობით, თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საქართველოში ჩანთით 14 წლის მოზარდი გადაჰყავდა. მოზარდი სავარაუდოდ საქართველოში მცხოვრები ფეტოს წევრის შვილია.

როგორც თურქული hurriyet იუწყება, მებაჟეებმა ეჭვი ჩანთაზე მიიტანეს და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქეს არ სურდა, მესაზღვრეებს ჩანთა გაეხსნათ, მაინც გახსნეს ჩანთა და იქ არასრულწლოვანი ნახეს.

hurriyet იუწყება, რომ ბავშვი საქართველოში დედის სანახავად მოდიოდა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში უნდა იმყოფებოდეს. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე და ბავშვი ციხეში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, შემთხვევა 25 ოქტომბერს მოხდა.

საქართველოს კონსულმა ტრაპიზონში  ავთანდილ მიქაცაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე საქართველოშია დეპორტირებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის.

“საკონსულოსა და შესაბამისი ორგანოების საშუალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროები კარგ კონტაქტში არიან, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შეეწყოს გამოძიების პროცესს, ასევე უფლებების დაცვის პროცესს”, – განუცხადა იმედს მიხეილ ჯანელიძემ.

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო ძალებს გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ძალების უკან მუსლიმი იმამი ფეთულა გიულენი და მისი ორგანიზაცია “ფეტო” დგას.

გადატრიალების შემდეგ თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო “ფეტოსთან” კავშირისა და ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით.

ადამიანების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თურქეთი არაერთხელ გააკრიტიკეს დაპატიმრებების პროცესში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი