ახალი ამბები

ექვსი სოფელი დატბორვის მოლოდინში

18 ივნისი, 2013 • 2160
ექვსი სოფელი დატბორვის მოლოდინში

მდინარეზე კაშხლების აშენების შემდეგ წყალი დაფარავს სოფლების – კირნათის, მარადიდის, ერგეს, მახოს, მირვეთისა და აჭარისწყლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილსა და ასევე მდინარეების – ჭოროხისა და აჭარისწყლის ჭალებს. მთლიანობაში წყალასაცავის წყლით დაიფარება 181 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, პროექტის ზემოქმედების ქვეშ კი, 2, 25 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მოექცევა. 

 

ექვსი სოფელი დატბორვის მოლოდინში


მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” სამი კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობა-ექსპლუატაციას გეგმავს, მათ შორის ორის მშენებლობა უკვე დაწყებულია. საქართველოს მთავრობასა და “აჭარ ენერჯი 2007”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პროექტით გათვალისწინებული “კირნათიჰესი” “ხელვაჩაური-1” და “ხელვაჩაური-2” ექსპლუატაციაში 2015 წლიდან უნდა შევიდეს.


პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე ჭოროხზე სამი კალაპოტური ტიპის კაშხლის მშენებლობის ნებართვა გასცა, წყლით დაიფარება ექვსი სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი, მთლიანობაში კი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 2, 25 კვ/კმ მოექცევა. 


არასამთავრობო ორგანიცაზია “მწვანე ალტერნატივას” შეფასებით, რომელიც ორგანიზაციამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე დაყრდნობით გააკეთა, ამ სოფლებიდან მინიმუმ 20 ოჯახი უნდა გასახლდეს, რადგან მათი საცხოვრებელი სახლები და კარმიდამო წყლის ქვეშ მოექცევა. სოფელ მარადიდში კომპანიისგან უკვე მიიღეს 12-კაციანი სია, სადაც იმ ადამიანების სახელები და გვარებია, რომლებმაც ჰიდროპროექტების გამო სახლები უნდა დატოვონ. თუმცა სიაში მყოფ არც ერთ ადამიანთან “აჭარ ენერჯი 2007”-ის წარმომადგენელი საკუთრების დათმობის თაობაზე მოსალაპარაკებლად ჯერ არ მისულა. მოსახლეობის ერთ ჯგუფს კი, რომელთაც კომპანიას საკუთრებაში არსებული ნაკვეთი უკვე დაუთმეს, კომპანიამ კვადრატულ მეტრზე 20 ლარი გადაუხადა. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ კომპანია მოსახლეობას, რომელსაც საკუთრების დათმობა მოუწევს, ზარალს ადგილობრივი საბაზრო ფასის მიხედვით აუნაზღაურებს. 


ექვს სოფელში, რომლებსაც უშუალოდ ეხება დაგეგმილი ჰიდროპროექტები, მთლიანობაში 2949 ოჯახი ცხოვრობს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ყანასა და ბოსტანში მოყვანილი ხილ-ბოსტნეული და საქონელია. როგორ შეიცვლება ამ ადამიანების ცხოვრება ჰესების ამუშავების შემდეგ?


არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ დაიკარგება დაბლობის დიდი ნაწილი, სოფლებს აღარ ექნებათ საძოვრები და დაბლობში მცხოვრები გლეხი მიწის გარეშე დარჩება.


დასკვნაში, რომელიც “მწვანე ალტერნატივამ” პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა, ნათქვამია:


“დაგეგმილი საქმიანობის გავლენის ზონაში მოქცეული მიწის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2,5 კვ.კმ-ს შეადგენს, ანგარიშის თანახმად დაიტბორება: 181 კერძო ნაკვეთი; 30 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთი; 22 არარეგისტრირებული ნაკვეთი. ფიზიკურ განსახლებას ექვემდებარება 20-მდე ოჯახი. დატბორვის ზონაში ხვდება სოფელ მარადიდის სკოლა და სასაფლაო (187 საფლავი). ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლით დაიფარება და სამუდამოდ დაიკარგება მუნიციპალური საკუთრების მიწები და ტყის კორომები, რომლებიც დღეისათვის გამოყენებულია საძოვრებად, სანადიროდ და ველური ხილის შესაგროვებლად. გარდა ამისა, თურქეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივ ან მთლიანად დაიტბორება 100-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.” 


გლეხებს, რომელთაც პროექტი უშუალოდ არ ეხება, ანუ მათ არ მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ან არ იტბორება მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, კომპანია კომპენსაციას არ სთავაზობს, იმის მიუხედავად, რომ მათი საცხოვრებელი გარემო ჰიდროპროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვლება. 


“კომპანია დაზარალებულებად მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილს განიხილავს, ვისაც უშუალოდ შეეხება პროექტი, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრაქტიკასთან”, – ამბობს დავით ჭიპაშვილი.


კლიმატოლოგები პროექტების განხორციელების შემდეგ ამ სოფლების შესაძლო დაცლის სხვა მიზეზებზეც საუბრობენ:


“მოიმატებს აორთქლება, ქარის სიჩქარე და ტენიანობა. წყალდიდობის დროს, მომატებული ტენიანობა, შესაძლოა, გადავიდეს ჭირხვში, რაც ახლად გამოზრდილ კვირტებს გაანადგურებს; წყალსაცავები ზრდის ფილტრაციას, რის გამოც მოიმატებს გრუნტის წყლების რაოდენობა ნიადაგში… ტენის დამატებითი რაოდენობა კი კიდევ უფრო დაამძიმებს ჭოროხის დელტის კლიმატს. განსაკუთრებით გარდამავალ სეზონზე, რაც ვეგეტაციისა და ტურისტული სეზონის საწყისს და ბოლო თვეებს ემთხვევა. მდინარე აჭარისწყალზე წყალსაცავების ამოქმედებით კი, ჭოროხის ქვემო ნაწილში ტენის ამაორთქლებელი ზედაპირი, ანუ სარკის ფართობი 44,0 კვ2-მდე გაიზრდება და მისგან ატმოსფეროში ასული ტენის მოცულობა 40 მილიონ მ3 მიაღწევს”, – ამბობს კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი.

მდინარე ჭოროხზე სამი კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობა ექვსი სოფლის დაბლობის ნაწილს დატბორავს
მდინარე ჭოროხზე სამი კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობა ექვსი სოფლის დაბლობის ნაწილს დატბორავს

სახელმწიფო და კომპანია – შეთანხმების საიდუმლო დეტალები და არაინფორმირებული მოსახლეობა 


დოკუმენტში, რომლითაც თურქული კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” და საქართველოს მთავრობა მდინარე ჭოროხზე ჰიდროპროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია, რომ კომპანიამ, საერთო ჯამში, არანაკლებ 167 მილიონ 860 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მემორანდუმში არ არსებობს მუხლი იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და კომპენსირების შესახებ, რომლებსაც პროექტი უშუალოდ შეეხებოდა. 


მიუხედავად ბევრი მცდელობისა, გასულ წელს “ბათუმელებმა| მემორანდუმის ასლი ვერც ერთი მხარისგან ვერ მიიღო. გასაიდუმლოებული იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა ფასად გაყიდა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობის სარგებლობაში არსებული სახნავ-სათესი მიწები. ეს ნაკვეთები გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისე გადაიფორმა და გაასხვისა, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცოდა. მოგვიანებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ სამინისტრომ მოსახლეობის ის ნაკვეთები, რითაც სოფლებში ათწლეულების მანძილზე სარგებლობდნენ, მაგრამ დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, საკუთრებაში “აჭარ ენერჯი 2007”- ს გადაუფორმა. 2013 წელს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ნაკვეთები ყოფილმა ხელისუფლებამ ინვესტორს სიმბოლურ ფასად – 3 ლარად გადასცა. 


მემორანდუმის შესწავლით დგინდება, რომ მხარეები გარკვეული საკითხების კონფიდენციალობის დაცვაზე შეთანხმდნენ. საკითხის კონფიდენციალურად მისაჩნევად, საკმარისია, მხარემ ინფორმაციის მიწოდებისას განაცხადოს, რომ ობიექტურად დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის გასაიდუმლოებით. ეს მუხლი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას გარემოსდაცვითი ხასიათის ინფორმაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებითაც. საჭიროების შემთხვევაში ამ მემორანდუმით დავების განხილვა უნდა მოხდეს არა საქართველოს საერთო სასამართლოებში, არამედ პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. 


საქართველოს მთავრობასა და “აჭარ ენერჯი 2007”-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აწერს ხელს. 


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან ერთად ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს ის, რომ მან მიიღოს ინფორმაცია მის ირგვლივ არსებული გარემოს შესახებ: 


“არ არსებობს დათქმა, რაც ამ უფლების ხელშემშლელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია მიაწოდოს მოქალაქეს ნებისმიერი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უნდა იყოს დეტალური და ამომწურავი. მაშინ კი, როცა საქმე ეხება გარემოს, სადაც უწევს მოქალაქეს ცხოვრება ან საქმიანობა და ინფორმაციის მიღება, მისთვის განსაკუთრებული ინტერესის მატარებელია, ასეთი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფომ ყოველმხრივ უნდა უზრუნველყოს.”


მიუხედავად დაგეგმილი პროექტების მასშტაბურობისა, სოფლებში მოსახლეობას არ აქვს ზუსტი, ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, პროექტის განხორციელების შემდეგ კონკრეტულად რა ადგილები დაიტბორება და როგორ აისახება ჰიდროპროექტების განხორციელება მათ ცხოვრებაზე. “აჭარ ენერჯი 2007”-მა ბოლო ორი წლის მანძილზე მოსახლეობასთან რამდენიმე საჯარო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მოსახლეობა ამ შეხვედრებით უკმაყოფილოა, ისინი ამბობენ, რომ ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს. კომპანიას დღემდე არ გამოუქვეყნებია გასახლების გეგმა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს. 


“აჭარ ენერჯი 2007” შეკითხვებს არ პასუხობს 


“ბათუმელების” წყაროს ინფორმაციით ჭოროხზე მშენებარე ჰესის მშენებლობის სტანდარტი დარღვეულია: “კედელი 40 სანტიმეტრითაა გადაწეული, რაც შესაძლოა იმის შედეგია, რომ პროექტით 32-ანი ალმირება რომ იყო გათვალისწინებული, 28-ანი გაკეთდა.”


“ბათუმელებმა” ამ ინფორმაციის გადამოწმება “აჭარ ენერჯი 2007”-თან სცადა, თუმცა კომპანიამ “ბათუმელების” არც ერთ კითხვას არ უპასუხა, მათ შორის კითხვას მშენებლობის უსაფრთხოების, მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორიების შესაძენად სახელმწიფოსთვის გადახდილი თანხისა და მოსახლეობის კომპენსირების შესახებ. 


შპს “აჭარ ენერჯი 2007” საქართველოში 2007 წლის აპრილშია რეგისტრირებული, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მისი მფლობელები სააქციო საზოგადოებები: “ეკსიმ იათირიმ ჰოლდინგი” (თურქეთი) და “ინჯესუ გაირიმენქულ იათირიმ სანაი ვე თიჯარეთ”-ია (თურქეთი). 


კომპანიის მიერ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება ენერგეტიკის სამინისტროს ევალება.


ბოლოს როდის გადამოწმდა მშენებლობის მიმდინარეობა და რა დადგინდა მონიტორინგის შედეგად? – ამ კითხვას ენერგეტიკის სამინისტრომ შემდეგი პასუხი გასცა:


“ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.”


მოგვიანებით სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებთან” დააზუსტა: “მართალია, ენერგეტიკის სამინისტროსაც ეგზავნება ინფორმაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ არ გვაქვს მისი გავრცელების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხს მიიღებდით.”


რა სარგებელს მიიღებს სახელმწიფო ჰიდროპროექტებით


“ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებაში. გამოყენებული იქნება ადგილობრივი რესურსები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. თითოეული ჰესის მშენებლობის პერიოდში დასაქმდება დაახლოებით 150 კაცი (3-4 წლის განმავლობაში), ექსპლუატაციის პერიოდში კი – დაახლოებით 50 კაცი. ენერგოსისტემა მიიღებს მნიშვნელოვან დამატებას ელექტროენერგიის სახით,” – ასეთია ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი კითხვაზე, რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ პროექტის განხორციელების შემდეგ. 


დავით ჭიპაშვილის თქმით კი “აბსოლუტურად გაუგებარია, რა სარგებელს იღებს სახელმწიფო აღნიშნული პროექტისგან, ვინაიდან პროექტის თანახმად, შიდა მოხმარებისთვის მხოლოდ გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% იქნება გათვალისწინებული, რომელსაც კომპანია საქართველოს ენერგოსისტემას მიაწოდებს 6 თვის განმავლობაში.”


პრაქტიკულად, სახელმწიფო სარგებელს ვერ მიიღებს ელექტროენერგიის გაყიდვითაც, ვინაიდან, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტი არ იბეგრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი