ახალი ამბები

“რუსეთი საქართველოსაგან ელოდება ნაბიჯს და მანამდე არ აპირებს თავისი ინტერესების განხორციელების შეჩერებას”

14 ივნისი, 2013 •
“რუსეთი საქართველოსაგან ელოდება ნაბიჯს და მანამდე არ აპირებს თავისი ინტერესების განხორციელების შეჩერებას”

ქართველი ისტორიკოსი, რომელიც უკვე წლებია შეერთებულ შტატებში მუშაობს, “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება იყოს ევროკავშირის გარდა კიდევ ერთი შუამავალი, თუმცა არაფრის გამორიცხავა არ შეიძლება:

 

“შუამავლის არსებობა ზოგ შემთხვევაში აუცილებელია. ვიღაცამ რწმენის ფაქტორი უნდა შემოიტანოს. ნდობის ფაქტორი უნდა აღდგეს. ეს შეიძლება იყოს დასავლეთი ან ვინმე სხვა, ვისაც ორივე მხარე ენდობა. ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს ასეთი. უნდა დავხედოთ რუკას და იმ ქვეყნებს, რომელთაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, შემდეგ უნდა დავხედოთ იმ ქვეყნებს, რომელთაც  საქართველოსთან აქვთ კარგი ურთიერთობა და ამის შემდეგ შეიძლება ანალიზის გაკეთება. საქართველოსთვის უკეთესია, რომ დასავლეთი იყოს, მაგრამ არაფერი უნდა იყოს გამორიცხული. ყველაზე მთავარი მიზნის მიღწევაა”.

 

იგი მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა იყოს გაყინულ მდგომარეობაში და არ უნდა ელოდოს იმას, თუ როდის შეიცვლება რუსეთში ხელისუფლება და როდის დაკომპლექტდება კრემლის მმართველი კაბინეტი საქართველოსადმი პოზიტიურად განწყობილი პოლიტიკოსებით.

 

“არსებული სტრატეგია [რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული კონტაქტების დამყარების მცდელობა] წარსულშიც იყო გამოყენებული და მომავალშიც ხშირად გამოიყენებენ. როდესაც სხვა ხერხი არ არსებობს, მიმართავენ ამ ხერხს.  რაც შეეხება ეფექტურობას, კონტაქტის დამყარებისთვის კი არის ეფექტური, მაგრამ, მე მგონი, დეოკუპაციისთვის უფრო მნიშნელოვანი ბერკეტები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, ვიდრე კულტურული კონტაქტები”, – ამბობს იგი და 1990–იან წლებში საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ფაქტს იხსენებს, რომელიც, მისი თქმით, დასავლეთის სერიოზული ზეწოლის შედეგად განხორციელდა:

 

“ძნელია იმის თქმა, რა უნდა მოხდეს ახლა, მაგრამ ვიცით, რა მოხდა წარსულში”.

 

იგი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის პირველი პირის, ვლადიმირ პუტინის მიერ მიმდინარე კვირის განმავლობაში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მას საქართველოსთან ურთიერთობების სრული აღდგენა სურს, შესაძლოა, მხოლოდ რიტორიკა იყოს და არა რეალური სურვილი.

 

“საერთოდ, ოფიციალური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის შესახებ არ უნდა მივიღოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთი განცხადებები კონკრეტულ მომენტში რაღაც კონკრეტული მიზნით ან საზოგადოების განწყობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად კეთდება და ეს არ ნიშნავს, რომ მხარეები ნამდვილად გაყვებიან ამ განცხადების შინაარსს. ჩვენ იმის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს, რომ პოლიტიკური რიტორიკა ძალიან ხშირად სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს კაცობრიობის პოლიტიკური განვითარების ზოგადი თავისებურებაა. რიტორიკას ყველა იყენებს რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით”.

 

“ამ განცხადებაში შეიძლება დავინახოთ ის, რომ რუსეთი საქართველოსაგან ელოდება ნაბიჯს და მანამდე არ აპირებს თავისი ინტერესების განხორციელების შეჩერებას. მაგალითად, თუ მიაჩნიათ, რომ თავისი ინტერესებისთვის საჭიროა ე.წ. საზღვრის გადატანა, ამას გააკეთებენ და არ დაელოდებიან საქართველოს პასუხს. აკეთებენ იმას, რაც მათი ინტერესებისთვის არის საჭირო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი