ახალი ამბები

ყოფილი მოსამართლეები – იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები

14 ივნისი, 2013 • • 2367
ყოფილი მოსამართლეები – იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები

საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს კენჭი უყარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა დეპუტატთა ხმების 2/3, რის გამოც მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 12 კანდიდატი გადავიდა.

 

ყველაზე მეტი, 90 ხმა დააგროვა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა გოჩა მამულაშვილმა, რომელიც არის სამართლის დოქტორი, ის ასწავლის და ასწავლიდა სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტებში.

 

მეორე ტურში, ასევე, გადავიდა იურისტი ნინო ბაქაქური, ის პარლამენტს თავუსუფალმა უნივერსიტეტმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარუდგინეს. ნინო ბაქაქურმა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2002-2003 წლებში იყო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლის მკვლევარი.  2004 წლის დეკემბერში დაინიშნა თბილისის საოლქო (შემდგომში სააპელაციო) სასამართლოს მოსამართლედ, სადაც მუშაობდა 2008 წლამდე. 2008 წლის შემდეგ კი მუშაობს კერძო იურიდიულ კომპანიაში.

 

ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გასული ვახტანგ თორდია „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის“ მიერ წარდგენილი კანდიდატია. ვახტანგ თორდია 1985 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად და უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივნად. 1991 წელს ხელმეორედ იქნა არჩეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. მას 1993 წლის თებერვლიდან დაეკისრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება. ვახტანგ თორდია 1999 წლიდან 2006 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი. გარდა ამისა, 2006 წლიდან ასრულებდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

 

მეორე ტურში ხმების რაოდენობით მეოთხე ადგილზე გასული ევა გოცირიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე 1980 წლიდან მუშაობდა. 1997-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი, ხოლო 2000 წლის სექტემბრიდან კვლავ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი. ევა გოცირიძე პარლამენტს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

 

რაც შეეხება მეხუთე ადგილზე გასულ ეკატერინე გასიტაშვილს, წლებია კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა. გასიტაშვილი 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. პარლამენტს დასამტკიცებლად ის სწორედ ადვოკატთა ასოციაციამ წარუდგინა.

 

მეექვსე ადგილზე გასული კახაბერ სოფრომაძე წლებია კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი უწოდეს და უარი განაცხადეს მისთვის მხარი დაეჭირათ. კახაბერ სოფრომაძე ბოლო დროს იყო შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი.

 

მეშვიდე ადგილზე გასული ლევან ხეცურიანი პარლამენტს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. ის ამავე უნივერსიტეტში ეწევა პედგაგოგიურ საქმიანობას.

 

მეორე ტურში გადასული მამუკა სონღულაშვილი 1998–2006 წლებში იყო მოსამართლე მთაწმინდა–კრწანისის სასამართლოში. მისი სახელი არაერთ ხმაურიან საქმეს უკავშირდება. სწორედ მან განიხილა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას, ედუარდ შევარდნაძის სიძის, გია ჯოხთაბერიძისა და რკინიგზის ყოფილი შეფის აკაკი ჯოხაძის საქმეები. სასამართლო რეფორმის დაწყების შემდეგ, 2006 წლიდან სასამართლო სისტემიდან დაითხოვეს.

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანდიდატმა გია მეფარიშვილმა ხმების რაოდენობის მხრივ საპარლამენტო კენჭისყრის პირველ ტურში მეცხრე ადგილი დაიკავა. გია მეფარიშვილი 1996 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, მალევე კი ამავე სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 1999 წელს ამოეწურა.

 

მეათე ადგილზე გასული მადი ჩანტლაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანდიდატია. ის 1998 წლიდან 2006 წლამდე საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

 

მეორე ტურში ასევე გადავიდა როინ მიგრიაული, რომელიც არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ კანდიდატი. ის სამართლის დოქტორია და ეწევა კერძო იურიდიულ საქმიანობას.

 

რაც შეეხება მეორე ტურში გადასულ მეთორმეტე კანდიდატს, თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სულაქველიძიეა. ის 2002–2012 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი