ახალი ამბები

ფანჯიკიძე: რუსეთის მიმართულებით გადავდგით პოზიტიური ნაბიჯი, რასაც აქვს შედეგები

12 ივნისი, 2013 •
ფანჯიკიძე: რუსეთის მიმართულებით გადავდგით პოზიტიური ნაბიჯი, რასაც აქვს შედეგები

“ჩვენ რუსეთის მიმართულებით გადავდგით რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი. პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ახლა არ დაწყებულა, მას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მე ვადასტურებ, რომ ჩვენ მივიღებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას და გარდა ამისა, ჩვენც ვხედავთ თანამშრომლობის პოტენციალს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების კუთხით”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში საქართველოსთვისაც არსებობს წითელი ხაზები: ოკუპირებული ტერიტორიები და მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.


“ამას საქართველო არასოდეს შეეგუება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა გარკვეულწილად გარკვეულ სფეროებში დათბობისკენ მიდის, ჩვენ ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ეს წითელი ხაზები, რომელიც 6 თვის წინ არსებობდა, დღესაც არსებობს”.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსულენოვანი არხის, RT-ის ეთერში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

“მე უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, როგორია რუსეთის პოზიცია. ვფიქრობ, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, ამის შესახებ ბევრჯერ გვქონდა საუბარი, მგონია, რომ ამას ის არ უარყოფს. მე ვეუბნებოდი, მიხაილ ნოკოლაევიჩ, ოღონდ არ დაუშვათ სისხლისღვრა. ის მპირდებოდა, რომ არ დაუშვებდა ამას, მაგრამ ეს ყველაფერი ომით დასრულდა,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო ეთერში.

 

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახალი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხედავს ხელისუფლებისგან ნაბიჯებს.

 

“მაგალითად, სოჭის ოლიმპიადში გეგმავს საქართველო მონაწილეობას მიღებას, ასევე, ვხედავთ სხვა შემხვედრ ნაბიჯებს და ამას ვაფასებთ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის, მზად ვართ ამ ურთიერთობების აღდგენისთვის. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს, კულტურა, რელიგია. მაგალითად, საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი. ის ძალიან კეთილი ადამიანია, ნამდვილი ქართველია, შეხვედრის განმავლობაში ის სულ საქართველოზე და ქართველების ინტერესებზე საუბრობდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი