ახალი ამბები

დიდი სხვაობა მმართველი და სხვა პარტიების შემოწირულობებში – წინა არჩევნების ტენდენცია შენარჩუნდა

20 ოქტომბერი, 2017 • 1794
დიდი სხვაობა მმართველი და სხვა პარტიების შემოწირულობებში – წინა არჩევნების ტენდენცია შენარჩუნდა

პირველი ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე პოლიტიკურმა პარტიებმა 10 319 998 ლარის შემოწირულობა  მიიღეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  შუალედური ანგარიშიდან, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხებოდა. კვლევის მიხედვით, შეწირული თანხის 93% (9 553 178 ლარი) “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, შემომწირველთა უმრავლესობა, 643 ადამიანი ფიზიკური პირი იყო.  კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ ორგანიზაციის პროგრამის  მენეჯერს და  კვლევის ხელმძღვანელს,  ლევან ნატროშვილვს ვესაუბრეთ:

პარტიების დაფინანსების კუთხით წელს რა ტენდეციები გამოიკვეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით?

ტენდენცია, ფაქტობრივად,  ძირითად ასპექტებში წინა წლის მსგავსია. 2016 წელსაც იყო იგივე პრობლემა.  დიდი განსხვავება იყო მმართველი პარტიის შემოსავლებსა  და სხვა პარტიების შემოსავლებს შორის.  ეს ტენდენცია ამ არჩევნებზეც  შენარჩუნებულია,  ეს არის ძირითადი მსგავსება. 2016 წელსაც სწირავდნენ იურიდიული პირები და ამ არჩევნებზეც სწირავენ. წელს განსხვავება ისაა, რომ წინა წელს რამდენიმე კომპანიამ ოპოზიციურ პარტიებსაც  შესწირა, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსს”. წელს შესწირა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, მაგრამ ასეთი მცირე თანხები იურიდიული პირების მიერ გაღებული სხვა პარტიების სასარგებლოდ 2016 წელს არ ყოფილა. შესაძლოა ამის მიზეზი  ის იყოს, რომ წინა წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა. სხვა მხრივ განსხვავებული ტენდენცია  არ ყოფილა. ისევ დაფიქსირდა შემომწირველი კომპანიები, რომლებიც გამარტივებულ შესყიდვებში ფიქსირდებიან. წინა არჩევნებზეც ასე იყო. ერთადერთი განსხვავება რაც ამ არჩევნებზე იყო ის არის, რომ არ გვყვავდა ისეთი თანამდებობის პირები, რომლებმაც შესწირეს პოლიტიკურ პარტიებს და არ ჰქონდათ დაფიქსირებული თავიანთ ქონებრივ დეკლარაციაში საკმარისი შემოსავალი.

დაზუსტებისთვის, პარტიების შემომწირველ თანამდებობის პირებს საკმარისი ქონება უფიქსირდებოდათ?

ჩვენ რაც შევისწავლეთ, ადამიანები, ვინც სწირავდნენ პარტიებს, მათ საკმარისი შემოსავლები უფიქსირდებოდათ და ეჭვი არ გაგვჩენია, რომ მათ შესაძლოა საკმარისი თანხა არ ჰქონოდათ, თუმცა ეს ეხება მხოლოდ პირველ ოქტომბრამდე შემოწირულობებს. შემოწირულობების პროცესი ამის შემდეგაც გაგრძელდა და ახლაც მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ამ არჩევნებისთვის არ დაფიქსირებულა მსგავსი ფაქტი, რადგან არ არის გამორიცხული, შემდეგ მოხდეს ასეთი რამ.

თქვენ პრეზენტაციისას ისაუბრეთ მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებზე, რომლებმაც შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტები გამარტივებული წესით მიიღეს. გასულ წელსაც იყო  ასეთი პრაქტიკა?

ასე არ შეგვისწავლია, ჯერ შესწირეს და მერე კონტრაქტი მიიღეს.  ანუ არ ვიცით, რომელი უფრო ადრე იყო. 2016 წელსაც იყო ასეთი ტენდენციები, როდესაც სწირავდნენ გარკვეული იურიდიული  თუ ფიზიკური პირები და ეს კომპანიები ან ამ პირებთან დაკავშირებული კომპანიები იღებდნენ გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს. ასეთები იყო 2016 წელსაც და მანამდეც. მეტ-ნაკლები სიმწვავით ეს პრობლემა ყოველთვის იდგა. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა 2011-2012 წლებში იყო. იმიტომ, რომ იქ  ძალიან დიდი სხვაობები არსებობდა. მაგალითად,  6 მლნ. ლარი შესწირეს ადამიანებმა და მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა პარტიას და შემდგომ  100 მლნ-ზე მეტი კონტრაქტი მიიღეს გამარტივებული წესით. 2012 წლის შემდეგ ასეთი შემთხვევები არ ფიქსირდება, მაგრამ ეს პრობლემა  მეტ-ნაკლები სიმწვავით არის ხოლმე.

რას იტყვით იმ პირებზე, რომლებიც აუდიტის სამსახურში არ გამოცხადნენ

ჩვენ გვაქვს გარკვეული პრეტენზიები, რომ იყვნენ ისეთი შემომწირველები, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერები იმ კუთხით, რომ მაგალითად, თანხა არ ჰქონდათ საკმარისი ან ა.შ. აუდიტის სამსახურმა ვერ მოახერხა ვინმეს დაჯარიმება.  გასულ წელსაც იგივე პრობლემა იყო. ფაქტობრივად, თუ სწორად მახსოვს,  ორი ადამიანი იყო დაბარებული და შემდეგ ეს ადამიანები დააჯარიმეს. ისინიც იმიტომ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ აღიარებდნენ დარღვევას. სხვა შემთხვევაში აუდიტის სამსახურს უჭირს ხოლმე ისეთი ადამიანების გამოვლენა, რომელთაც არ ჰქონდათ საკმარისი თანხები, რომ პარტიისთვის შეეწირათ. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ  აუდიტის სამსახურის ბრალია,  თუმცა ფაქტია, რომ ბევრი საეჭვო შემთხვევა  არსებობს, მაგრამ რეაგირების კუთხით დაჯარიმებული, დასჯილი  ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა.

ბოლო კითხვა ე.წ. შავ ფულს შეეხება. გაქვთ ინფორმაცია შავი ფულის მოძრაობაზე საარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ?

ეს ძალიან რთული გასაშიფრია. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ეჭვი, რომ ეს შავი ფული არსებობს, მაგრამ ამის შესახებ მტკიცებულებების მოპოვება ჩვენს ძალებს აღემატება. ამას საგამოძიებო სტრუქტურები სჭირდება. ამის დადგენა  ძალიან გაგვიჭირდება, თუ რაღაც ინფორმაცია შემთხვევით არ ჩაგვივარდა ხელში.

იურიდიული თუ ფიზიკური პირის შემთხვევაში თუ გქონიათ ეჭვის დონეზე მაინც ასეთი შემთხვევა?

არა, არ გვქონია. ჩვენ  შეგვიძლია შემოსავლები გადავამოწმოთ მხოლოდ თანამდებობის პირების, რომელთაც ევალებათ დეკლარაციების შევსება. ფიზიკური თუ იურიდიული პირების  შემოსავლები ჩვენთვის  ხელმისაწვდომი არ არის. ეს არის კომერციული საიდუმლოება და პირადი ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი