ახალი ამბები

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას აპირებს

19 ოქტომბერი, 2017 • 2027
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას აპირებს

ესპანეთი კატალონიის ავტონომიის გაუქმების პროცედურას იწყებს. ავტონომიის გაუქმების გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კატალონიაში პირველ ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი.

ესპანეთის ხელისუფლება  კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენებას გეგმავს.  ეს მუხლი ესპანეთის კონსტიტუციაში 1978 წელს გაჩნდა და ის შესაძლებლობას აძლევს ცენტრალურ ხელისუფლებას, კრიზისის  პერიოდში პირდაპირი მმართველობა გამოიყენოს. აქამდე 155-ე მუხლი მთავრობას არ გამოუყენებია.

კატალონიის ხელისუფლების ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ  თუ ცენტრალური ხელისუფლება დიალოგზე უარს განაცხადებს, კატალონიის პარლამენტმა შესაძლოა ფორმალურად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა.

პირველ ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

კატალონია ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მდიდარი რეგიონია, რომლის მოსახლეობა 7.5 მილიონია. რეგიონს აქვს ავტონომია, თუმცა, ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, კატალონიელები  დამოუკიდებელ ერად არ არიან აღიარებული.

კატალონიაში მცხოვრებლები ესპანეთის მოსახლეობის 16% შეადგენენ. ქვეყნის ექსპორტის 25.6% და GDP-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% კატალონიაზე მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი