ახალი ამბები

ესპანეთის სასამართლომ ამბოხებაში ბრალდებულ კატალონიელ ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯა

14 ოქტომბერი, 2019 • 845
ესპანეთის სასამართლომ ამბოხებაში ბრალდებულ კატალონიელ ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ ლიდერს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის გამო 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, კიდევ 3 პირი დამნაშავედ ცნეს დაუმორჩილებლობაში და ჯარიმა დააკისრეს.

როგორც BBC წერს, 12-ვე პოლიტიკოსი და აქტივისტი ბრალდებებს უარყოფს.

2017 წლის ოქტომბერში კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და პროცესს მადრიდი არაკონსტიტუციურს უწოდებდა და, შესაბამისად, არ აღიარა. მალევე დააკავეს კატალონიის 9 ყოფილი მინისტრი. 8 მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გირაოთი გაათავისუფლეს. მათ ბრალი აჯანყებაში, აჯანყებისკენ მოწოდებასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედებოდათ.

კატალონიაში რეფერენდუმის შედეგად არჩეული პარლამენტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის 28 ოქტომბერს დაითხოვა, ხოლო რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი