ახალი ამბები

კატალონიის 8 ყოფილი მინისტრი დააკავეს

2 ნოემბერი, 2017 • 2155
კატალონიის 8 ყოფილი მინისტრი დააკავეს

კატალონიის 8 ყოფილ მინისტრს ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ბიბისის ცნობით, პროკურატურამ სასამართლოზე დაკითხვაზე მყოფი 9 ყოფილი მინისტრიდან რვის პატიმრობა მოითხოვა. მეცხრე მინისტრი გირაოთი გაათავისუფლეს.

მათ ბრალი ედებათ აჯანყებაში, აჯანყებისკენ მოწოდებასა და სახელმწიფო  თანხების გაფლანგვაში .

პროკურორმა მოსამართლეს ასევე სთხოვა, გამოეცა ევროპული დაკავების ორდერი კატალონიის პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონზე, ასევე,  ოთხ ყოფილ მინისტრზე, რომლებიც ორშაბათიდან ბრიუსელში იმყოფებიან და მადრიდში, სასმართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ.

პუჩდემონის განცხადებით,  ის ესპანეთში არ დაბრუნდება მანამ, სანამ არ ექნება  სასამართლო პროცესის სამართლიანად ჩატარების გარანტია. თუმცა, პუჩდემონის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი თანახმაა ითანამშრომლოს როგორც ესპანეთის, ასევე, ბელგიის სამართალდამცავ ორგანოებთან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში რეფერენდუმის შედეგად არჩეული პარლამენტი  ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა 28 ოქტომბერს დაითხოვა, ხოლო რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი