ახალი ამბები

მინდია გორაძე იგივე “ლავასოღლი” წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

17 ოქტომბერი, 2017 • 7949
მინდია გორაძე იგივე “ლავასოღლი” წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, გორაძეს წინასწარი პატიმრობის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა და ამის გამო გათავისუფლდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი წაყენებულ ბრალში გამართლდა. მის წინააღმდეგ წარმოებული საქმეების სასამართლო განხილვა გაგრძელდება.

მინდია გორაძეს, იმავე „ლავას ოღლის“ სამართალდამცავებმა ჯერჯერობით ვერ დაუმტკიცეს, რომ კანონიერი ქურდია. 2016 წლის 30 იანვარს მოლდოვიდან დეპორტირებული თბილისის აეროპორტში სწორედ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „ლავას ოღლიმ“ საპატიმრო დაწესებულება შეიძლება ისე დატოვოს, რომ სამართალდამცავებმა მისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცება ვერც მოახერხონ. ის უკვე 20 თვეა საპატიმრო დაწესებულებაშია.

2016 წლის 30 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ „მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე – გურამ ა., მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები“.

საგამოძიებო უწყებამ მაშინ დაასახელა კონკრეტული მუხლები, რითაც მინდია გორაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. „გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით და 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, – ვკითხულობთ უწყების მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში.

20 თვის წინ გავრცელებულ ამ განცხადებაში ასევე ეწერა იმის შესახებ, რომ „დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებშიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“.

მინდია გორაძეს მაშინ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. შესაბამისად, მისთვის 9 თვეში უნდა დაემტკიცებინათ, რომ იყო კანონიერი ქურდი და ჩადენილი ჰქონდა ზემოთ მითითებული დანაშაული.

საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო.

კანონის მიხედვით, მინდია გორაძის მიმართ სასამართლო გამოძიება 2016 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

წინასწარი პატიმრობის ვადა მინდია გორაძეს 2016 წლის 30 ოქტომბერს ამოეწურა. მას წაყენებული ბრალი ვერ დაუმტკიცეს და წესით უნდა გაეთავისუფლებინათ კიდეც, მაგრამ წინასაპატიმრო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მინდია გორაძეს ახალი ბრალი წაუყენეს 366-ე მუხლის პირველი ნაწილით – სასამართლოს უპატივცემლობა.

ეს საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა 2017 წლის 28 მარტს სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის, უფრო ზუსტად კი საქმის მონაწილე პროკურორის შეურაცხყოფისთვის, ერთ წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ მინდია გორაძეს.

მინდია გორაძეს საპატიმრო ვადა, როგორც მისი ადვოკატი ლექსო კობაიძე აცხადებს, 17 ნოემბერს ეწურება. შესაბამისად, ის შეიძლება ერთ თვეში ისე გამოუშვან საპატიმრო დაწესებულებიდან, რომ წაყენებული ბრალი კანონიერ ქურდობაზე თუ სხვა სახის დანაშაულზე, რაზეც თავის დროზე განაცხადა პოლიციამ, ვერ დაუმტკიცონ.

თავიდან მინდია გორაძის საქმეს ქუთაისის სასამართლოში მოსამართლე დავით ახალბედაშვილი განიხილავდა. მოგვიანებით მოსამართლე შეიცვალა და „ლავას ოღლის“ საქმეს ციცინო მოსიძეს დაეწერა. ერთ-ერთი ბოლო სხდომა ქუთაისში 10 ოქტომბერს გაიმართა.

ადვოკატის თქმით, მინდია გორაძის მიმართ სამართალდამცავებს მტკიცებულებები არ მოეპოვებათ: „რა მტკიცებულებებიც წარმოადგნა სასამართლოზე ბრალდების მხარემ, დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი დადგება. ფაქტობრივად, არაფერი აქვთ წარმოდგენილი, რაც პირდაპირ დაადასტურებდა, რომ მინდია გორაძე არის კრიმინალური ავტორიტეტი, გარდა ერთი მტკიცებულებას, რისი ავთენტურობაც ვერ დასტურდება. ეს არის საიტი kriminal.ru -დან აღებული ჩანაწერები. სხვა მტკიცებულება, თუ არ ჩავთვლით პოლიციელებს, რომლებმაც ის დააკავეს, სასამართლოში წარმოდგენილი არ არის“.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი მოწმე ჰყავს სასამართლოს დასაკითხი, მაგრამ პროკურატურა მათ დაკითხვას ხელოვნურად აჭიანურებდა.

შემდეგი სხდომა, ადვოკატის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი