ახალი ამბები

შესაძლებელია თუ არა ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება “ციანიდის საქმეზე”

13 ოქტომბერი, 2017 • 2780
შესაძლებელია თუ არა ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება “ციანიდის საქმეზე”

საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თხოვნით მიმართვას გეგმავს. პროკურატურაში დღეს “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ციანიდის სახელით ცნობილ საქმეზე გამოძიება “ისედაც მიმდინარეობს მასალების გასაჯაროებაზე და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები არ ხორციელდება”.

ადვოკატი ირმა ჭკადუა “აიპრესთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მას “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი დაუკავშირდა და”ციანიდის საქმის” დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან, გარკვეული ნაწყვეტების შესახებ უთხრა, რომლის თანახმადაც ოხანაშვილი ამბობდა, რომ ჭკადუა კორუფციულ სქემაში იყო გარეული საპატრიარქოში და ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი მზადდებოდა.

“მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება საფუძველი უნდა გახდეს გამოძიების დაწყების და გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. იცოდა რა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, რომ ის მე მესაუბრებოდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმიდან და მისი გავრცელება არის კანონით აკრძალული”,- ამბობს ჭკადუა “აიპრესთან” ინტერვიუში.

“ნეტგაზეთი” ცდილობდა ირმა ჭკადუასთან დაკავშირებას და დამატებითი დეტალების გარკვევას, თავიდან მან გვთხოვა, რომ ერთ საათში დავკავშირებოდით, შემდეგ კი სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

“ნეტგაზეთი”დაუკავშირდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, იურისტმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის მისადაგება ამ შემთხვევასთან აბსოლუტური სამართლებრივი ნონსენსია. 381-ე მუხლი  განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის მუხლია, რომელიც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

“ეს მუხლი წარმოადგენს სასამართლოს განჩინების შეუსრულებობას, მაგალითისათვის, თუ ჟურნალისტი დაესწრებოდა პროცესს და ჟურნალისტს გააფრთხილებდა სასამართლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილით და ეტყოდა, რომ შენ ვალდებულება გეკისრება, რომ არ გაამჟღავნო, ამაზე შესაძლებელია 381-ე მუხლით დაწყებულიყო, მაგრამ, როდესაც ჩვენ გვაქვს 374-ე მუხლი (გამოძიების მასალების გახმაურება) და ზოგად მუხლზე ვაკეთებთ აქცენტს, ვერ გადაწონის, ერთადერთი რელევანტური მუხლი გვაქვს 374-ე”- განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

იურისტის თქმითვე,  ჟურნალისტი საუბრობს ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებული წესით, ის არ არის ვალდებული დაასახელოს წყარო, შესაბამისად ჟურნალისტის პასუხისმგებლობა გამორიცხულია იმთავითვე:

“მას იცავს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ ჟურნალისტი თავისუფლდება მოწმის დასახელების ვალდებულებისგან იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მან გაიგო, როგორც ჟურნალისტმა”,- ამბობს ვეფხვაძე.


ციანიდის საქმის” მასალების მედიაში გავრცელების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურებას, კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ.

ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. სხვადასხვა აუდიოჩანაწერი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესიდან “რუსთავი 2-“ის და ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი