ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში კარდიოლოგიური საგანმანათლებლო სიმპოზიუმი ჩატარდა

13 ოქტომბერი, 2017 • 2367
თბილისში კარდიოლოგიური საგანმანათლებლო სიმპოზიუმი ჩატარდა

დღეს, 13 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიის” საკონფერენციო სივრცეში საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნა თემაზე – “თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში”.

კონფერენციაზე საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი პაპიაშვილმა და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის წევრებმა, ასევე მედიცინის პროფესორმა ესპანეთიდან, ჯოზეფ ბრუგადამ, წარმოადგინეს უახლესი მიღწევები რთული კარდიოვასკულარული დაავადებების მართვაში.

გორგი პაპიაშვილის თქმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში გულის არითმიები ერთ-ერთ წამყვანი მიზეზია. შესაბამისად, მისი აზრით, მსგავსი სიმპოზიუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია:

“ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობა და ექიმები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებული რთული არითმიების და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ. უეცარი სიკვდილის აბსოლუტურ უმრავლესობას არითმია იწვევს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის. ჩვენი კონფერენცია პრობლემის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, “ – აღნიშნავს პაპიაშვილი.

მისივე აზრით, გულის დაავადებების მქონე პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებლები შესაძლოა საგრძნობლად გაუმჯობესდეს სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდით.

ჯოზეფ ბრუგადას განცხადებით, საქართველოში არითმიის მკურნალობის ახალი მეთოდები უნდა დამკვიდრდეს:

“თანამედროვე ტექნოლოგიები რთული არითმიების მართვისთვის არის უსაფრთხო და ეფექტური. ეს ტექნიკა ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ისინი კურნავენ პაციენტს, კურნავენ სამუდამოდ, ამის შემდეგ მათ აღარ სჭირდებათ თერაპიები ან მკურნალობა. ეს ტექნოლოგია უნდა დაინერგოს საქართველოში,” – ამბობს ბრუგადა.

კარდიოვასკულარული დაავადება სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წამოადგენს მსოფლიოში. ყოველწლიურად კარდიოვასკულარული დაავადებით დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი იღუპება, უმეტესწილად- გულის შეტევით (ინფარქტით) და ინსულტით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მიზეზის 69%-ს სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს. 2016 წელს საქართველოში დაახლოებით 17 973 ადამიანი გარდაიცვალა კარდიოვასკულარული დაავადებით.

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის კი არითმია, გარდაცვალების ძირითადი მიზეზია, ხოლო გულ–სისხლძარღვთა დაავადებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ყველა სხვა დაავადებით.
უახლესი კარდიოვასკულარული მეთოდოლოგიების ჩვენს ქვეყანაში ფართოდ შემოტანით ქართველ ექიმებს ეძლევათ შესაძლებლობა, პაციენტებს შესთავაზონ კარდიოვასკულარული დაავადებების მართვის მოწინავე მეთოდები, გამოცდილებისა და მიღწევების გაფართოების ფონზე.

ღონისძიების ფარგლებში ქართველ ექიმებსა და უცხოელ კოლეგებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. კონფერენციის ფარგლებში 14 ოქტომბერს მოეწყობა მასტერკლასები ქართველი ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის. ასევე, გაიმართება დისკუსია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გლობალური ტენდეციების შესახებ, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გავლენასა და არსებულ გამოწვევებზე საქართველოში. დისკუსიაზე ასევე განიხილება ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შესაძლებლობაც. საუბრის ერთ-ერთ თემას ასევე წარმოადგენს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების, დაავადებების მართვის თეორიისა და პრაქტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზები, რათა შედეგად მრავალ პაციენტს შეუნარჩუნდეს და გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი