ახალი ამბები

ჰამერბერგი: კრიმინალია ფარული ჩანაწერების გაკეთება, გამოყენება და შენახვა

7 ივნისი, 2013 • 1086
ჰამერბერგი: კრიმინალია ფარული ჩანაწერების გაკეთება, გამოყენება და შენახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს მაღალჩინოსნები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან, შეხვედრა თომას ჰამერბერგმა დასრულებამდე დატოვა.

თომას ჰამერბერგმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ პირთა პერსონალური ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარულ ჩანაწერებს:

 

თომას ჰამერბერგი
თომას ჰამერბერგი

“მე მივესალმე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მან გამართა ეს დისკუსია და კონსულტაციას გადის ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება კრიმინალია, კრიმინალია მისი გამოყენება დასაშანტაჟებლად, ასევე კრიმინალია მათი შენახვა და სხვებისთვის გადაცემა ან გავრცელება”, – განაცხადა თომას ჰამერბერგმა. მისი თქმით, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა მონახოს გზა, თუ როგორ გაანადგუროს ყველა ეს მასალა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა დარჩეს შესაძლებლობა წაუყენოს სისხლის სამართლის ბრალდებები იმ პირებს, ვინც ეს უკანონო ჩანაწერები აწარმოა.

ჰამერბერგი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ პირთა ინტერესები და პირადი ცხოვრების უფლება, რომლებიც ამ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე არიან აღბეჭდილი. ჰამერბერგის თქმით, მთავრობა აპირებს შექმნას კომისია, რომელიც სანდო ადამიანებისგან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან იქნება შემდგარი და რომლებიც შეისწავლიან, თუ რამდენადაა დასაშვები ამა თუ იმ საქმეზე ფარული ჩანაწერის განადგურება.

 

ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომისიის წევრებმა არ უნდა ნახონ ეს ვიდეომასალები, რადგან იმ ადამიანებს, ვინც ფირზე არიან აღბეჭდილი, აქვთ უფლება, რომ მათი პირადი ცხოვრება დაცული იყოს.

ჰამერბერგის თქმით, ეს ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან, ერთი მხრივ, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა დაიცვან ამ ადამიანების პირადი ცხოვრების უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი