ახალი ამბები

გასაიდუმლოებული ბრალდებები ბორჯომის ყოფილ მიტროპოლიტზე და მისი მხარდამჭერები

23 იანვარი, 2017 • 6015
გასაიდუმლოებული ბრალდებები ბორჯომის ყოფილ მიტროპოლიტზე და მისი მხარდამჭერები

მართლმადიდებელი მრევლის ნაწილის მტკიცებით, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, სერაფიმე ჯოჯუა ცილისწამებების მსხვერპლია და ეპარქიაში მის დაბრუნებას ითხოვს.

მრევლი მოითხოვს, რომ ბოდიში მოიხადოს ყველა სასულიერო პირმა, ვინც მიტროპოლიტ სერაფიმეზე ჭორებს ავრცელებს. მრევლის ნაწილი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.

სერაფიმე ჯოჯუა 2016 წლის აპრილიდან აღარ არის ბორჯომისა და ბაკურიანის პიტროპოლიტი. 21 წლის განმავლობაში ამ ეპარქიაში მსახურობდა და თანამდებობიდან პირადი თხოვნის საფუძველზე ისე წავიდა, რომ მიზეზების შესახებ არ უსაუბრია. 17 დეკემბერს გერმანიაში მოღვაწე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა გამოაქვეყნეს წერილი, სადაც გააპრიტესტეს  გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად მეუფე სერაფიმეს დანიშვნა.  ისინი ამბობენ, რომ მიტროპოლიტმა ბორჯომი “მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო” დატოვა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სერაფიმე ჯოჯუას დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდნენ.

საპასუხოდ, 21 დეკემბერს გავრცელდა სერაფიმე ჯოჯუას წერილი, რომელშიც უარს ამბობს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის ხელმძღვანელობაზე, რადგან განხეთქილება თავიდან აიცილოს, და აცხადებს, რომ მარტო ყოფნა და ლოცვა სურს.

“მოვითხოვთ, აღდგეს სამართლიანობა და დაგვიბრუნონ ჩვენი მეუფე სერაფიმე,”- განაცხადა ნეტგაზეთთან ბორჯომელმა ირინე აჩელაშვილმა. 

ირინე აჩელიშვილი ერთ-ერთი მათგანია იმ 200-ზე მეტ ადამიანს შორის, ვინც  21 იანვარს ბორჯომის ცენტრში შეკიკრიბა და მიტროპოლიტ სერაფიმეს დაბრუნება და გერმანიაში მოღვაწე სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ბორჯომის ცენტრში შეკრებილი მრევლი უსმენს გამომსვლელებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

ბორჯომის ცენტრში შეკრებილი მრევლი უსმენს გამომსვლელებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

რა გახდა ბორჯომიდან მიტროპოლიტი სერაფიმეს წასვლის მიზეზი?

გამოსვლის მონაწილეები, რომლებმაც თავიანთ შეკრებას არა საპროტესტო აქცია, არამედ მიტროპოლიტის მიმართ “სიყვარულის გამოხატვა” უწოდეს, თავს არიდებენ, ისაუბრონ სკანდალის შესახებ, რის გამოც სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომიდან წავიდა. მათივე თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუწყო რამდნიმე ადგილობროვმა მღვდელმაც.

“ვერც გავიმეორებ, რაღაც ესემესის გამო, რომ ვიღაცას რაღაც მისწერა და ადამიანურად ურჩია, რაღაც საბაბი დასდეს და დაადანაშაულეს. ერთი ესემესის გამო, მეუფეს როგორ უნდა ჰქონოდა ნებისმიერ ბავშვთან და მრევლთან საუბარი. ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, მე დარწმუნებული ვარ ჩემი მეუფის სიმართლეში,”-უთხრა ნეტგაზეთს გამოსვლის მონაწილემ, დალი ბანცაძემ.

უფრო მეტი გვითხრა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. მისი თქმით, მეუფე სერაფიმეს ერთ-ერთ გოგონასთან სექსობრივ კავშირში დასდეს ბრალი. კონკრეტულ SMS-ზე ისიც საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ SMS გაყალბებული იყო.

“მეუფის ნომერი მე ვიცოდი, სხვამაც იცოდა. “ვიბერს” რომ დაარეგისტრირებ, მე შემიძლია შენს ნომერზე დავარეგისტრირო ვიბერი და ამოვიწერო კოდი. ასეთ მზაკვრული რაღაც მოხდა და ალბათ მოატყუეს მეუფე, რომ მეუფე, რაღაც კოდი მოგივიდათ და თუ შეიძლება, გადმოგვიგზავნეთ. გადაუგზავნიდა მეუფე, ისეთი პიროვნებაა. აქედან, მე მგონი, უკვე ატყდა ეს აჟიოტაჟი. მე თავს დავდებ, რომ ნამდვილად ყალბი იყო,”- განაცხადა ნეტგაზეთთან პირმა, რომელმაც არ ისურვა, მისი ვინაობა დაგვეწერა.

გამოსვლის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიტიკური მიზეზები დაასახელა. თუმცა მათ არ აქვთ კონკრეტული პასუხები კითხვაზე, თუ ვის, ან რატომ სურდა მიტროპოლიტის ბორჯომიდან წასვლა.

“ბევრ რამეს ამბობენ, ბევრი ვარიანტია, მაგრამ ჩვენი მეუფე არის მართალი, ამაში ყველა დარწმუნებულია. უნდა დაბრუნდეს ბორჯომში. მე უფრო ვფიქრობ, რომ პოლიტიკურია და ეს ყველაფერ მოუწყვეს. მართალი, კარგი, ლმობიერი ადამიანია და იმიტომაც დაემართა ასე,”- ამბობს ერთ-ერთი გამომსვლელი, ლელა შატბერაშვილი.

გამოსვლის რამდენიმე მონაწილემ კი განაცხადა, რომ “შეუცდომელი არავინ არის” და ერთმანეთს უნდა შევუნდოთ.

“ჩვენ, მრევლი, ასე ვთვლით, რომც რაღაც ყოფილიყო, ნუთუ არ აქვთ ამ ადამიანებს შენდობის უფლება? რას გვასწავლის ეკლესია? ეს მოძღვრები რას გვასწავლიან? გამოაჩინეს საკუთარი თავი, რომ არ აქვთ შენდობის გრძნობა და დაინახავენ ბორჯომის მოსახლეობიდან იმიტომ, რომ ეკლესიები დაცარიელდა, არავინ პატივს არ სცემს, არავინ მიდის და არავინ ალოცინებს თავს,”- ამბობს ნათია წიქარიშვილი.

რამაზ ჩიკვილაძემ კი განაცხადა, რომ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მეუფე სერაფიმეს აუგად იხსენიებენ, ამის თქმის უფლება არ აქვთ:

“შეუცდომელი არავინ არის ამ ქვეყანაზე. იმდენი მაგათი შეცდომები ვიცი, რომ საერთოდ, შეიძლება არც იყვნენ ეკლესიაში შესაშვებები, მაგრამ, ალბათ, ზოგიერთი მამაოც ამას იმსახურებს, ჩვენი რაიონის მამაოები, რომლებიც საშინებელებს სჩადიან. მრევლს, რომლებიც მათ გვერდზე არიან, რამ დააბრმავათ, მე ასე ვიტყოდი, რამ დააყრუათ, რომ აყვნენ?”- ამბობს რამაზ ჩიკვილაძე.

“დარეკვა და გაფრთხილებები 21 იანვრის გამოსვლის წინააღმდეგ”

ლელა შატბერაშვილი ასევე ამბობს, რომ ბევრ ადამიანს სამსახურის დაკარგვის ეშინია და ამის გამო მიტროპოლიტის მხარდასაჭერას ვერ გამოვიდნენ ის  ადამიანები, ვინც მუშაობს. აქციის რამდნიმე მონაწილემ ასევე განაცხადა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს მხარდაჭერის აქციის მოწყობას ბორჯომის გამგეობაში ეწინააღმდეგებოდნენ.

მრევლის წევრები უსმენენ გამომსვლელებს მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

მრევლის წევრები უსმენენ გამომსვლელებს მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

“გამგეობაში 200-300 ლარი ხელფასი აქვთ ხალხს და ამით დაშინება არ შეიძლება”- გვითხრა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ნათია წიქრიშვლმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად ბორჯომის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა გაუგზავნა ადამიანებს SMS-ები, რომ არ გამოსულიყვნენ შეხვედრაზე. გარდა ამისა, წიქარიშვილის თქმით, 21 იანვარს გამოსვლა ხალხს დაუშალეს მღვდლებმაც:

“გუშინ ჩემი შვილის მასწავლებელმა მომწერა, რომ მოძღვრები რეკავენ სახლში. არ მინდა დავასახელო იმიტომ, რომ არ მინდა, ეკლესიის მტერი ვიყო, ეს თვითონ იციან, თავიანთ თავში ჩაიხედონ. რამდენიმე მოძღვარი რეკავს სახლებში, რომ თუ გახვალთ, არ დავინახოთ ტაძრებში მოსული. ეს უბრალოდ სიყვარულის გამოხატვა იყო. როდესაც ასეთ აგრესიას ხედავ, გიჩნდება პროტესტის გრძნობა,”- ამბობს ნათია წიქარიშვილი.

ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც ნეტგაზეთს ყიფიანმა განუცხადა, თუ ეს ბრალდება სიმართლეა, მაშინ მისმა ავტორებმა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ: “გვაჩვენონ ეს სმს-ები, ვინ მიიღო, როდის და ა.შ.”, – გვითხრა ყიფიანმა, რომელიც მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებულ კონფლიქტზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. ყიფიანის თქმით, იგი ამ საკითხში არ ერევა.

აქციის მონაწილეებს აღნიშნული სმს-ების ჩვენება “ნეტგაზეთმაც” სთხოვა, თუმცა ამ დრომდე არაფერი მიგვიღია.

ბორჯომის ცენტრში შეკრებილი მრევლი აქციის დაწყებამდე ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

ბორჯომის ცენტრში შეკრებილი მრევლი აქციის დაწყებამდე ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

სიტყვით გამომსვლელებმა მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს ადგილობრივ მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირები: მამა არჩილი, მამა გერასიმე, მამა იოაკიმე, მამა იერომიელი. მათ აღნიშნეს, რომ ეპარქიაში ახლად დანიშული მეუფის, ლაზარეს გვერდით სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც მიტროპოლიტ სერაფიმეს ებრძოდნენ.

“არ ვაპირებ, იმათ მამაოები დავუძახო. თქვენ ძალიან კარგად იცით, რა კატეგორიის ხალხზე ვლაპარაკობ. დაწყებული იერომიელიდან, დამთავრებული იოაკიმემდე, არჩილი, გერასიმე, ეგენი რა ღირსები არიან მამაოობის?”-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გია წიქარიშვილმა.

გამომსვლელების მოსმენისას მრევლის ზოგიერთმა წევრმა ცრემლი ვერ შეიკავა ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

გამომსვლელების მოსმენისას მრევლის ზოგიერთმა წევრმა ცრემლი ვერ შეიკავა ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

საპატრიარქო ეპარქიების დაპირისპირებაში დაადანაშაულეს

“ეს არის საპატრიარქოს დიდი დანაშაული, რომ დღეს ბორჯომის მკვიდრი და გერმანიაში მყოფი ქართველები ერთმანეთს, ფაქტობრივად, დავერიეთ,”- მიმართა შეკრებილებს რამაზ ჩიკვილაძემ. მისივე თქმით, იგი გერმანიის მოქალაქეა და წლების განმავლობაში დიუსელდორფის სამრევლოს წევრი იყო.

ბორჯომის ცენტრში შეკრებილ მრევლს სიტყვით რამაზ ჩიკვილაძე მიმართავს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

ბორჯომის ცენტრში შეკრებილ მრევლს სიტყვით რამაზ ჩიკვილაძე მიმართავს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.01.2017

მან მიმართა გერმანიაში მცხოვრებ მრევლს და “მტკნარი სიცრუე” უწოდა სამი სასულიერი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბორჯომის მრევლის ბრალდებების გამო წავიდა ეპარქიიდან სერაფიმე ჯოჯუა.

რამაზ ჩიკვილაძის თქმით, “საპატრიარქო არ დგას იმ სიმაღლეზე”, რომ ეს საკითხი ასე არ გამწვავებულიყო . მათ ადამიანები  გაუგებრობაში დატოვეს. 

ბორჯომელი მრევლი ხელმოწერებსაც აგროვებს, სადაც სასულიერო პირების ნაწილისგან ბოდიშის მოხდას და მეუფე სერაფიმეს ეპარქიაში დაბრუნებას მოითხოვს. ისინი ხელმოწერების საპატრიარქოში შეტანას გეგმავენ.

ხელმოწერებს აგროვებს მრევლის მეორე ნაწილიც, რომელმაც დღეს “სამხრეთის კარიბჭის” ვებგვერდის მეშვეობით განცხადება გაავრცელა. საუბარია ბორჯომის მრევლის იმ ნაწილზე, რომელიც მიიჩნევს, რომ სერაფიმე ჯოჯუას ეპარქია უსაფუძვლოდ არ დაუტოვებია. მათი მოთხოვნაა, რეალურად გაირკვეს, თუ რატომ დატოვა მეუფემ ეპარქია.

მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია და განმარტება არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი