ახალი ამბები

მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას აღარ უხელმძღვანელებს

26 აპრილი, 2016 • 2850
მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას აღარ უხელმძღვანელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, “ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან”. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე). საპატრიარქო მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მის პირად თხოვნას ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა

ამ საკითხზე კომენტარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააკეთა, რომელსაც ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს:

“ძალიან რთულია რაიმე გითხრათ და რაიმეთი განუგეშოთ, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ: ყველაფერი ღვთის ნებაა. ღვთის ნების გარეშე ამ ქვეყნად არაფერი ხდება. თუკი მეუფე სერაფიმემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და მან უწმინდესს სთხოვა, რომ ეპრაქიიდან განთავისუფლებული ყოფილიყო, ეს ღვთის ნების გარეშე არ მომხდარა. ღმერთმა დაუშვა ეს. რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ღმერთმა იცის. ფაქტი ისაა, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს. პირადად ჩემი ბრალი, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალი, ალბათ რაღაც ვერ მივაქციეთ ყურადღება და ვერ გამოვიჩინეთ ის გულისმხიერება იმ დროს, როცა ეს უნდა გაგკვეკეთებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ცხოვრება მთავრდება. ღვთის განგება ძალიან ღრმაა და ძალიან რთული. ჩვენ არ ვიცით, რა არის ღვთის განგება და რას გვიმზადებს თითოეულ ჩვენთგანს ხვალ. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვინმესკენ არ უნდა გავიშიროთ თითი და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაც იყო ამაში დამნაშავე… ან თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ ხელი, რომ ის იყო დამნაშავე, ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ეს. ყველამ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ ის მარცვალი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ნაბიჯის გადადგმას. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას, რატომ მოხდა ეს. ღვთის განგებულებას ჩვენ ვერ ჩავწვდებით დღეს, მაგრამ ხვალ, ზეგ, მაზეგ თავისთავად გაცხადდება, თუ რა იყო მისი განგებულება.

მეუფე სერაფიმემ უამრავი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ეს ეპარქია აღორძინდეს. ღმერთი მას ამ ღვაწლს დაუფასებს. ჩვენ ასევე უნდა დავუფასოთ მას ეს ღვაწლი, მაგრამ ღვთის ნებას უნდა დავყვეთ ყველანი. ეს დარტყმა უნდა გადავიტანოთ”, – ასე მიმართა ბორჯომში მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი