პროკურატურის ინფორმაციით, სისიხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლები ფრანცისკო ხავიერ აგუირრე არამბურუ და იელენა პლამენაკი საქართველოს პროკურატურაში რომის სტატუტით გათვალისწინებული ომის დანაშაულობებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების გამოცდილებას 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფის წევრებსა და მთავარი პროკურატურის გამოძიებლებსა და პროკურორებს გაუზიარებენ.
“ტრენინგი ორდღიანია და მოიცავს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისდიქციაში შემავალი დანაშაულობების გამოძიების გამოცდილების გაზიარებას. კერძოდ, ჰააგის სასამართლოს ექსპერტები ქართველ კოლეგებს გააცნობენ ომის დანაშაულობების, გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო პრაქტიკას, ამგვარი დანაშაულის გამოძიების სტრატეგიას, მისი მართვის პრინციპებს და მტკიცებულებათა მოპოვების მექანიზმებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებს რვაკაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის. მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა.