ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, უკანონო ვიდეომასალებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის

6 ივნისი, 2013 • 1221
ღარიბაშვილის თქმით, უკანონო ვიდეომასალებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის

“ექსპერტებმა გამოთქვეს დამოუკიდებელი აზრი, რომ შესაძლოა ეს [ჩანაწერების განადგურება] არ იყოს მთლად სწორი აზრი, თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ ამ ექსპერტებთან გავმართოთ კონსულტაცია და საბოლოო პოზიციაზე შევჯერდეთ. ეს გარკვეულ პროცედურებს მოიცავს და შეიძლება რამდენიმე დღე გაიწელოს. ძალიან მალე ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს საბოლოო პოზიციას, დღეს ან ხვალ ჩვენ ამაზე გავაკეთებთ კომენტარს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს შს მინისტრმა 30 მაისს ბრიუსელში გამართულ საჯარო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ კვირაში აპირებდა შსს უკანონოდ მოპოვებული მასალების განადგურებას, თუმცა გუშინ, 5 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა ფარული ჩანაწერების არქივი აღარ განადგურდეს:

 

“მიდის განხილვა არქივის განადგურებაზე, ჰყავს მოწინააღმდეგეები, სპეციალისტები, პროფესიონალები, ერთი–ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილი გახლავთ, ის პროფესიით პროკურორია. როგორც მე ვიცი, განათლება აქვს და პრაქტიკაც. ვნახოთ, მეთოდი შენახვის ისეთი, ვთქვათ, როგორც ბანკში ფული ინახება, ამის მსგავსი, რომ რამდენიმე ორგანიზაციას ჰქონდეს, რამდენიმე ტიპის საკეტი იყოს და ასე შემდგომ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირცხვილისგან თავი დავაღწიოთ, მსგავსი საქართველოში აღარ განმეორდეს და ამისთვის, თუ გნებავთ, სასამართლო უნდა გაძლიერდეს, სამართალი უნდა გაძლიერდეს და ეს კანონმდებლობაც უნდა დალაგდეს ამ კუთხით,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით, უკვე არაერთი საჯარო დისკუსია გაიმართა ფარული და უკანონო ვიდეომასალების განადგურების აუცილებლობაზე, რომლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდნენ ქვეყნის პრემიერი, შს მინისტრი, პროკურატურის, სასამართლოს, პარლამენტის წარმომადგენლები.

 

ამასთანავე, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი