ახალი ამბები

რასმუსენი: მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება

5 ივნისი, 2013 • 1241
რასმუსენი: მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე, რომელიც აღნიშნული კომისიის სხდომით დაიწყო, სწორედ რასმუსენმა გახსნა. მან განსაკუთრებით აღნიშნა ავღანეთის და  ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა და განაცხადა, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორია.

 

“ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, ასევე მწუხარებას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლისთვის.  მნიშვნელოვანია ის რეფორმებიც, რომელიც თავდაცვის სექტორში მიმდინარეობს, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ნატო  საქართველოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს, მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ საქართველოს და  მას  საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ”, – განაცხადა რასმუსემნმა.

 

მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე, განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები. რასმუსენმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში:

 

“სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატალნტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა რასმუსენმა.

 

ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრებს მიმართა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. მისი თქმით, საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესში.

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი