ახალი ამბები

გიგა ბოკერია: ივანიშვილს შუასაუკუნებრივი წარმოდგენები აქვს

4 ივნისი, 2013 • 869
გიგა ბოკერია: ივანიშვილს შუასაუკუნებრივი წარმოდგენები აქვს

“იმედი გვაქვს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება ყველა, ვისაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა აქვს. ვინც არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, ეს არის ბატონი პრემიერ -მინისტრი. როგორც გვითხრეს, თავდაცვის მინისტრი საქართველოში არ იმყოფება. თუ ეს დადასტურდა, მაშინ შეიძლება მისი მოადგილე იყოს; შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მოწვეულია რეინტეგრაციის მინისტრი და ბევრი სხვა. ყველაზე საკვანძოა მობრძანდეს ბატონი პრემიერ- მინისტრი და გვქონდეს საშუალება, იქნებ, ამჯერად მაინც საქმიანი საუბრისა, სპეკულაციების და პოლიტიკური სპექტაკლების გარეშე,”- განაცხადა ბოკერიამ. 

 

წამყვანის კითხვას მმართველი გუნდის ბრალდების შესახებ, რომ 7 თვის მანძილზე უშედეგოდ ითხოვდნენ საბჭოს სხდომის დანიშვნას, ბოკერია პასუხობს: 

 

“რომელიღაც დეპუტატი ან პრემიერ- მინისტრის გუნდის წევრი როდის გამოიღვიძებს და იტყვის, იცით რა, რატომ არ ჩატარდა სხდომა, ეს ვერ იქნება ტესტი. თავიდანვე ჩვენი და პრეზიდენტის სურვილი იყო, რომ მიმდინარე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარებულიყო. ამ საკითხზე პრემიერს ესაუბრა პრეზიდენტი, როდესაც  ერთ-ერთ შეხვედრაზე შეხვდა, არასაჯაროდ უთხრა, კარგია თუ შევხვდებით. მე მქონდა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრის გუნდის წარმომადგენელთან პრეზიდენტის დავალებით მივსულიყავი და მეთქვა, როდის ჩავატაროთ. პრემიერ- მინისტრს არასწორი წარმოდგენა აქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ არავინ ჰყავს, ვინც აუხსნის, და მას ჰგონია, რომ უშიშროების საბჭო ეს ვარ მე. მე გახლავართ უშიშროების საბჭოს აპარატის მდივანი, ვარ საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მაგრამ უშიშროების საბჭო პირველ რიგში არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი. მასაც და მისი გუნდის წევრების ნაწილსაც ჰგონია, რომ უშიშროების საბჭო ცალკეა და მასთან კავშირში არ არის. 

 

შუასაუკუნებრივი წარმოდგენები აქვს და ეს ძალიან სამწუხარო და ცუდია ქვეყნისთვის. მას ჰგონია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება უკარნახოს სარედაქციო პოზიცია “ვაშინგტონ პოსტს”. ასეთი რაღაც შეიძლება ეგონოს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას,”- ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

3 ივნისს უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. მისი აზრით, პრეზიდენტის უცხოური ვიზიტების ხარჯები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.

 

ქუცნაშვილის თქმით, ხელისუფლებამ რამდენჯერმე უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა და ამ მოთხოვნას დღესაც აჟღერებენ. კონკრეტულად, ქუცნაშვილის განმარტებით, უშიშროების საბჭოს მოწვევის მიზანი არის ქვეყნის უსაფრთხოების  და საქართველოს პრეზიდენტის უცხოეთის ვიზიტების საკითხების განხილვაა.

 

“საზოგადოება მოკლებულია ნებისმიერ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი აქვს პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებს, როგორია მათი დღის წესრიგი, რა შედეგით სრულდება ისინი და რა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ხდება. სამწუხაროდ, კონსტიტუციის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი მოიწვიოს უშიშროების საბჭო. ეს არის მისი პრეროგატივა. პრეზიდენტი ჯიუტდება და განზრახ უარს ამბობს თავისი კონსიტუციური უფლებმოსილების შესრულებაზე.”

 

ქუცნაშვილის გამარტებით, ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან, 7 თვის მანძილზე, უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. პარლამენტარს აინტერესებს პრეზიდენტის დასაბუთება, თუ რატომ არ იწვევს უშიშროების საბჭოს.

 

პრეზიდენტმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვითარება გართულდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მშენებლობის პროცესი დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი