ახალი ამბები

რა ინფორმაცია მიაწოდა შსს-მ დიპკორპუსს (ფოტო)

4 ივნისი, 2013 •
რა ინფორმაცია მიაწოდა შსს-მ დიპკორპუსს (ფოტო)

მან უცხოელ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საოკუპაციო ზოლზე განვითარებული მოვლენები გააცნო.

შსს–ს ინფორმაციით,  მავთულხლართების ღობეები საოკუპაციო ზოლის 22–25 კილომეტრზეა გავლებული. ეს პროცესი რუსმა ოკუპანტებმა 2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს. მისი ინტენსიფიკაცია ამა წლის თებერვლის თვეში მოხდა შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში:

ქვემო ნიქოზში მავთულხლართების საოკუპაციო ხაზი 2–3 კილომეტრზეა გავლებული. სოფლის სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთების ნაწილი საოკუპაციო ზოლის იქით მხარეს აღმოჩნდა.

ნიქოზი
ნიქოზი

შსს-ს ცნობით, გორის რაიონის სოფელ გუგუთიანთკარის მოსახლეობაც იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, სადაც ე.წ. საზღვრის გავლების გამო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიწის ნაკვეთების გარეშე დარჩა. გუგუთიანთკარში რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა ერთი-ერთი მოსახლის სახლზე გაიარა და მისი ეზო შუაზე გაყო.

 

გუგუთიანთკარი
გუგუთიანთკარი

სამინისტროს განცხადებით, სოფელ დიდ ხურვალეთში ოთხი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ხელოვნურად შექმნილი ღობის იქით მხარეს აღმოჩნდა. აქედან სამმა ოჯახმა საკუთარი სახლი უკვე მიატოვა. ოკუპანტების ამ ქმედებამ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემაც შეუქმნა.

 

მავთულხლართები ხურვალეთში
მავთულხლართები ხურვალეთში

ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ატოცსა და დვანში მიმიდნარე “საზღვრის მონიშვნის” პროცესმა უკვე 10–12- კილომეტრიან ხაზს მიაღწია. მავთულხლართებით გაკეთებული ღობეების შედეგად ცხინვალის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და სოფელ დვანის სარწყავი სისტემა. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ რაიონში რუსმა მესაზღვრებმა მავთულხლართები არა მხოლოდ მიწაზე, არამედ მდინარეზეც გააბეს.

დვანი
დვანი

 

27 მაისს რუსეთის მესაზღვრეებმა “საზღვრის გავლების” პროცესი გორის რაიონის სოფელ დიცშიც დაიწყეს, სადაც 1,5 მეტრის სიგრძის რკინის ღერძები განათავსეს მიწაში, რის შედეგადაც სოკუპაციო ზოლი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით 120–150 მეტრით იწევს.

 

სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი
სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი

“მავთულხლართების ღობეების ინსტალაციის პროცესის შედეგად, ჯამში, 17–18 ქართული ოჯახი დაზარალდა”, – განაცხადა ქემოკლიძემ დღეს დიპლომატებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, 1 მაისს რუსმა “საზღვრის დამცველებმა” და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგნლებმა შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებს ღიად განუცხადეს, რომ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი შეუქცევადია და რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის უშუალო მითითებებით იმართება.

“რუსეთის საზღვრის დაცვის და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგნლებმა ასევე განაცხადეს, რომ ‘საზღვრის მონიშვნის” პროცესის რეგულირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქართული მხარე ოფიციალურად დათანხმდება საოკუპაციო ზოლის დელიმიტაცია–დემარკაციას”.

ქემოკლიძის განცხადებით, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე არგუმენტით “ასაბუთებენ”: მავთულხლართების გაბმა “ოფიციალური საზღვრის” გაძლიერებას  და  ადგილობრივებისა და შინაური ცხოველების მიერ საზღვრის გადაკვეთის პრევენციას შეუწყობს ხელს.

2013 წლის აპრილი–მაისის თვეების განმავლობაში 60 საქართველოს მოქალაქე იქნა დაკავებული. მათგან 39 დაკავებისას საოკუპაციო ხაზთან ჯონჯოლს აგროვებდა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს იმისათვის, რომ განხორციელდეს დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე მსგავსი უკანონო ქმედებების აღსაკვეთად”.

შს სამინისტროში შეკრებილმა დიპლომატებმა კახაბერ ქემოკლიძეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის შესახებაც დაუსვეს კითხვა და დაინტერესდნენ, ხომ არ არსებობდა იქაც მავთულხლართების პრობლემა. შს სამინისტროს წარმომადგენელმა მათ განუმარტა, რომ გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე აფხაზეთის შემთხვევა ცხინვალის რეგიონისაგან განსხვავებულია. აფხაზეთში მდინარე ენგური განსაზღვავს კალაპოტს და ოკუპაციის ხაზს ადგენს, თუმცა რუსი მესაზღვრეები გადასასვლელ ფონებს მაინც ხერგავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი