ახალი ამბები

სატელეფონო საუბარი კარასინსა და ლეფორს შორის საქართველოს საოკუპაციო ზოლზე განვითარებულ მოვლენებზე

3 ივნისი, 2013 • 1176
სატელეფონო საუბარი კარასინსა და ლეფორს შორის საქართველოს საოკუპაციო ზოლზე განვითარებულ მოვლენებზე

როგორც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სატელეფონო საუბარი 30 მაისს შედგა, რა დროსაც მხარეები ნაწილობრივ შეეხნენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ პროცესებს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქართული მხარის მიერ უკვე დაისვა ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდის დროს. მაშინვე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან იყო საპასუხო რეაქცია, რომ ამ “დამოუკიდებელ სახელმწიფოს” მოეწყო საკუთარი სახელმწიფო საზღვარი.

 

“ასევე აღინიშნა, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი არის სწორედ ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც უნდა განიხილებოდეს მსგავსი საკითხები. მცდელობები, რომ დაიძაბოს სიტუაცია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და, მით უმეტეს, “ისრების სროლა” რუსეთის ფედერაციის მისამართით, არის უსამართლო,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ამავე უწყების ცნობით, ლეფორმა ყურადღება გაამახვილა ის საკითხზე, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე არაერთგზის სვამდა საზღვრის დემარკაციის საკითხის მნიშვნელობას, თუმცა ქართული მხარე ამას სხვადასხვა მიზეზით გაურბოდა:

 

“რაც შეეხება გაჟღერებულ მცდელობას, რომ ქართულ-ოსური სასაზღვრო თემატიკა ჩაისვას კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის არაფორმალური კონტაქტის დღის წესრიგში, ამის თაობაზე ლეფორს განემარტა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის ეს საკითხი არ შედის”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე 5 ივნისს უნდა შეხვდეს პრაღაში გრიგორი კარასინს. აბაშიძის თქმით, ამ შეხვედრის დროს ის გვერდს ვერ აუვლის საოკუპაციო ზოლზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. საზღვრის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი