ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

9 წელი რუსეთის აღიარებიდან და რეგიონის სხვა მნიშვნელოვანი ამბები საერთაშორისო მედიაში

3 ოქტომბერი, 2017 • 3521
9 წელი რუსეთის აღიარებიდან და რეგიონის სხვა მნიშვნელოვანი ამბები საერთაშორისო მედიაში

9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რა შეიცვალა და როგორია საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტების თვალით დანახული აფხაზეთი; სომხეთის უარი NATO-ს წვრთნებზე, მიზეზები და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია. აზერბაიჯანის ხელისუფლებას კვლავ ადამიანთა უფლებების დარღვევასა და ლობისტური მიზნებისთვის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ – აზერბაიჯანის ელიტის მიერ ოფშორული გადარიცხვები და აფგან მუხთარლის ცოლის მიმართ შესაძლო თვალთვალი. ეს არის ის ძირითადი საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომლებიც 2017 წლის სექტემბრის საერთაშორისო გამოცემებში მოხვდა.

[red_box]9 წელი რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებიდან[/red_box]

9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

“აფხაზეთი დროის კაფსულაა” – The New York Times-ში წერს ბლოგის Looking for the Soul of Abkhazia ავტორი და ამბობს, რომ აქ შენობების უმეტესობა საბჭოთა დროსაა აშენებული და მათ 1992 წლის ომის კვალი ეტყობა. ახალგაზრდები საზღვარგარეთ იღებენ განათლებას და სწავლის დამთავრების შემდეგ იქვე რჩებიან; ეკონომიკა კი სუსტია და რუს ტურისტებზეა დამოკიდებული”.

“ჩემი მიზანი არა ომზე და დანგრეულ შენობებზე კონცენტრირებაა, არამედ მინდა აფხაზეთის ნამდვილი სული ვიპოვო” – ამბობს რუსი ფოტოგრაფი, ქსენია კულეშოვა, რომელიც 2015 წლის შემდეგ აფხაზეთში სამჯერ ჩავიდა.

კულეშოვა წერს, რომ მშობლების ნაამბობიდან ახსოვს აფხაზეთი, როგორც “ლამაზი ქვეყანა, მთებით და გემრიელი ხილ-ბოსტნეულით”. თუმცა, როცა სოხუმს თავად ეწვია, მისი იერსახე, როგორც ფოტოგრაფი ამბობს, მოუწესრიგებელი აღმოჩნდა.

“როდესაც აქ მოდიხარ, გრძნობ, რომ სადღაც სხვა სამყაროში მოხვდი, თითქოს აქაურობას ეძინა, რადგან ომის შემდეგ შენობები არ აღდგენილა.” – ამბობს ის.

აფხაზეთის თემას ეხება გამოცემა Eurasianet.org-ის სტატიაც, რომელიც აფხაზეთში შესაძლო ჩინური ინვესტიციების შესახებაა. გამოცემა წერს, რომ “სოხუმის ლიდერებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება, რომლის დახმარებამაც 2017 წელს 50 მილიონ დოლარს მიაღწია. წინა წლებში რუსეთის სუბსიდირებამ აფხაზეთის ბიუჯეტის 70% შეადგინა.” სტატიაში წერია, რომ საერთაშორისო აღიარების არარსებობის გამო აფხაზეთს ხელი არ მიუწვდება ყოველმხრივ განვითარებაზე და ძირითადად რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

Eurasianet.org სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადასული ახალგორის რაიონში განათლების საკითხის შესახებ წერს. როგორც ცნობილია, ახალი, 2017 წლის სასწავლო წლიდან ახალგორის რაიონის ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი კლასები სწავლების რუსულ ენაზე გადავიდა. ქართული ენა კი არჩევით საგნად დარჩა.

“ბიბილოვი შესაძლოა თავისი სოხუმელი კოლეგით იყო შთაგონებული. წელს აფხაზეთში გალის რაიონის 11 ქართულენოვანი სკოლის მეექვსე კლასელები რუსულ ენაზე სწავლებაზე გადავიდნენ. ეს პროცესი 2015 წელს 1-დან მეოთხე კლასამდე დაიწყო. სკოლის სისტემის სრული რუსიფიკაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს.” – წერს Eurasianet.org

სომხეთის უარი საქართველო-NATO-ს სწავლებას

სომხური მხარის მიერ უარის თქმა საქართველო-NATO-ს სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2017 წლის სექტემბერში გაიმართა,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მედიაში.

სომხეთის უარს ალიანსის ერთ-ერთ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.  

“მოხარული ვართ NATO-ს წვრთნებში, კერძოდ კი, ამ რეგიონში, სომხეთის მზარდი მონაწილეობის გამო, მაგალითად, საქართველოში ჩატარებულ წვრთნებში, რომელიც მოიცავდა ROLE II-ის სამედიცინო განყოფილების მზადყოფნას სამშვიდობო ოპერაციებში ჩასართავად. რაც შეეხება Agile Spirit 2017-ს, მივმართავ თქვენს თავდაცვის სამინისტროს, ინფორმაცია მოგვაწოდოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ მივესალმებით და მომავალშიც ველით სომხეთის მონაწილეობას აშშ-ის ხელმძღვანელობით განცხორციელებულ წვრთნებში”, – წერია სომხეთში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
[red_box]აზერბაიჯანის ხელისუფლების ლობისტური სქემები[/red_box]

სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების გამომძიებელი ჟურნალისტების სტატია, სახელწოდებით UK at centre of secret $3bn Azerbaijani money laundering and lobbying scheme, პირველად The Guardian-მა გამოაქვეყნა. გამოცემა წერდა, რომ აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ ბრიტანეთში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის საშუალებით ე.წ შავი სალარო (2.9 მილიარდი ევრო) გამოიყენა, რათა ევროპელი პოლიტიკოსები მოექრთამა, ძვირადღირებული ნივთები შეესყიდა და ფული გაეთეთრებინა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმაურა The Guardian-ში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამ ყველაფრის უკან სომხეთი და სოროსი დგას”. ამას ასევე მოჰყვა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტის [OCCRP] ვებგვერდის დაბლოკვა.

ტიმ ფარონმა, ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება, რათა ეს “ბინძური” ფული დიდ ბრიტანეთში ძალაუფლების “ყიდვას” არ მოხმარდეს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში აზერბაიჯანის მმართველი ოჯახი პირდაპირ არ არის დასახელებული, თუმცა მიმანიშნებელი ფაქტები საკმაოდ ბევრი იყო. საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ სქემა მთავრობის ხარჯების დასაფარად გამოიყენეს, მათ შორის- აზერბაიჯანის პირველი ვიცეპრემიერის, იაქუბ ეუბოვის სამედიცინო მომსახურებისთვის. 

ევროპის საბჭოს ელჩების შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა, ტორბიორნ იაგლანდმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა – რაც ევროპის საბჭოს 68-წლიან ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯია.

[blue_box]აფგან მუხთარლის ცოლის შესაძლო თვალთვალი[/blue_box]

“თბილისის ადამიანთა უფლებათა სახლის” წევრმა ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თბილისიდან გატაცებული და ბაქოში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლისა და აქტივისტის, ლეილა მუსტაფაევას მიმართ შესაძლოა ახალი დანაშაული მზადდებოდეს. მათ წარადგინეს ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ამხელს შესაძლო თვალთვალში დამნაშავეთა ვინაობას. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის უმოქმედობის გათვალისწინებით, 19 სექტემბერს ლეილა მუსტაფაევამ და დაშგინ აღალარლიმ ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები საჯარო გახადეს.

როგორც Eurasianet.org წერს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ქართველი ჟურნალისტები, ეჭვქვეშ აყენებენ ოფიციალურ ვერსიას, რომ ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ რეპრესიულ პოლიტიკას გაექცა და საქართველოში გადასახლდა, თავისივე ნებით უკან დაბრუნებულიყო და თან 10 000 ევრო წაეღო, რაც საკმარისი იქნებოდა მისი კონტრაბანდის ბრალდებით დასაკავებლად.

“მუხთარლი და მუსტაფაევა, სხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მსგავსად, საქართველოში აზერბაიჯანის რეპრესიული პოლიტიკის გამო გაიქცნენ, სადაც ბოლო წლებში საეჭვო ბრალდებებით ბევრი ჟურნალისტი დააკავეს”.

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი