აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ფულის გათეთრებისა და ლობისტური სქემების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის აკრძალულ ვებგვერდებს კიდევ ერთი შეემატა – დღეს, 2017 წლის 5 სექტემბერს, აზერბაიჯანში ინტერნეტმომხმარებელი OCCRP-ს ვებგვერდზეც ვეღარ შედის.
ასე გამოიყურება ვებგვერდი აზერბაიჯანიდან შესვლის შემთხვევაში, ფოტო: 5 სექტემბერი, 2017; ნეტგაზეთი
ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტის [OCCRP], The Guardian-ისა და სხვა მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება აზერბაიჯანული მმართველი ელიტის შესახებ დღეს OCCRP-ის მთავარ გვერდს იკავებს.
რამდენიმე კვირის წინ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობისა და სხვადასხვა კორუფციულ სქემაში მისი მხილების გამო, აზერბაიჯანში რამდენიმე მედიაგამოცემის ვებგვერდი დაბლოკეს.
ოფიციალურად ყველა ამ ვებგვერდს ბრალად ედება “რადიკალური რელიგიური ჯგუფების უკანონო საქმიანობისა და სხვა უკანონობის ხელშეწყობა, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლაზე მოწოდებების გავრცელება ძალადობრივი მეთოდებით, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია სოციალური დესტაბილიზაციისკენ და სამოქალაქო არეულობებს იწვევს”.