როგორც კარასინმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, იგი აბაშიძესთან ერთად არ განიხილავს იმ თემებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უკავშირდება. მისი თქმით, აბაშიძესთან საუბარი მხოლოდ იმ სფეროებს შეეხება, სადაც წინსვლაა შესაძლებელი.
კარასინის განცხადებით, ყველაფერი, რასაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი მესაზღვრეები აკეთებენ, ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირ ბრძანებებს შეესაბამება, რადგან ისინი იქ ორმხრივი სახელმწიფოებრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დიცთან რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს და მავთულხლართები გააბეს. ამ საკითხს გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 29 მაისს განაცხადა:
“მაინტერესებს საიდან მოდის ეს, უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ… არ გამოვრიცხავ, ეს უფრო დაბალ დონეზე, მინისტრის ან გენერლის დონეზე წყდებოდეს”.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ვარაუდით კი, “შესაძლოა, ეს [საოკუპაციო ზოლის გადმოწევა] იყო მცდელობა რუსეთის ხელისუფლების გარკვეული ძალების მხრიდან, რომ ხელი შეეშალოს დიალოგის იმ პირველ ნაბიჯებს, რაც საქართველოს და რუსეთს შორის დაიწყო”.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, გამყოფი ხაზების გადმოწევის საკითხზე საუბარს ზურაბ აბაშიძე სწორედ კარასინთან აპირებს პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე.
