ახალი ამბები

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის განხილვას იწყებს

30 მაისი, 2013 •
პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის განხილვას იწყებს

კანონპროექტის ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტია. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის თქმით, კანონპროექტის მიზანი სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობაა. გარდა ამისა, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი მიზანს, საკომლო (საოჯახო) მეურნეობების განვითარება, მათი კოოპერირება და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება; სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა; სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა; სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება; სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, წარმოების რენტაბელობის ამაღლება და ეროვნული ეკონომიკის განვითარება და ბიომეურნეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. 

 

“მთელი ციკლია ჩართული, დაწყებული წარმოებიდან მომხმარებლამდე მიტანის ჩათვლით. საუბარია რა ხელშემწყობი პროგრამები და პროექტები შეიძლება განახორციელოს სახელმწიფომ, რა საგადასახადო შეღავათები შეიძლება იქნას გამოყენებული, იმისათვის, რომ წახალისდეს კოოპერირება,” – განაცხადა აგულაშვილმა. 

 

მისივე თქმით, კოოპერირება მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ თანამედროვე ცოდნა და ტექნიკა გამოიყენონ:

 

“თავისთავად იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენთან სოფლის მეურნეობაში საშუალო ფართობები ძალიან პატარაა, საკარმიდამო ნაკვეთებს არ ვგულისმობ. საშუალო ფართობი არის 1,25 ჰექტარი და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ პატარა მიწის ნაკვეთზე, ძნელია ვილაპარაკოთ შრომის რენტაბელურობის ამაღლებაზე, ცოდნის, ტექნიკის, ტექნოლოგიების გამოყენებაზე. კოოპერირება მოსახლეობას მისცემს საშუალებას, რომ კოოპერატივის წევრებმა გამოიყენონ თანამედროვე ცოდნა, ტექნიკა და ტექნოლოგიები”.

 

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ნებაყოფლობითი წევრობა; დემოკრატიული მართვა; წევრთა ეკონომიკური მონაწილეობა; სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება.

 

ამ კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება: საკუთარი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და რეალიზაცია.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან მიმართებაში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებია: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება;  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი