ნეტგაზეთი | ძლიერმა წვიმამ ვანში სტიქია გამოიწვია [ვიდეო] ძლიერმა წვიმამ ვანში სტიქია გამოიწვია [ვიდეო] – Netgazeti

ძლიერმა წვიმამ ვანში სტიქია გამოიწვია [ვიდეო]

ინტენსიურმა წვიმებმა ვანის მუნიციპალიტეტში სტიქია გამოიწვია. მუნიციპალიტეტის ნაწილში მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მოშლილია ინფრასტრუქტურა.

ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სტიქიას ადამიანებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისი თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა აღნიშნავს, რომ ზარალი დიდი იქნება:

“რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტს. ათეულობით სახლი დაიტბორა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მწყობრიდან გამოვიდა ინსფასქტუქტურა, ხიდები მოიშალა, რამდენიმე სოფელში უბნები მოწყვეტილია სოფელს, რადგან გზები დაზიანდა. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და წყალი.”

გამგებლის განმარტებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად შესაბამისი სამსახურები დილიდან მუშაობენ და ამინდი კიდევ უფრო თუ არ გაუარესდა, შესაბამის სოფლებს მიწოდება აღუდგებათ.

ზაზა ხურციძის თქმით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაითვლიან ზარალს:

“ახლა შეუძლებელია დათვლა, რადგან არ ვიცით, კიდევ რა ზიანი მიადგება მუნიციპალიტეტს. რამდენიმე დღეა წვიმს და კომისიამ კი დაიწყო მუშაობა, მაგრამ  ყოველდღე რაღაც ახალი ზიანდება. ღამით წვიმა გრძელდება, ზიანდება ინფრასტრუქტურა,  დილით აღსაწერად გავდივართ, ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ,”- ამბობს გამგებელი.

“სოკარ ჯორჯია გაზის”  მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  გამანაწილებელი ქსელის ავარიულად  დაზიანების გამო 8 ივლისის ღამის 03:50 საათიდან ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებს:  სალხინოს, დიხაშხოს, სულორის, ზედა ვანის, ზენო ბანის, ტყელვანას, ლეღვნარას, მერეს, გაღმა ვანის, ტობანიერის, ციხესულორის, ყუმურის, მიქელეპონის, კუშუბოურის, ჭყვიშის, ჭაგანისა და გომის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ. კომპანიის ცნობით,  აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ მიმდინარე წლის 10 ივლისის საღამოს 18:00 საათამდე.

ფოტო: თათია დვალიშვილი

ფოტო: თათია დვალიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.