ახალი ამბები

ქუთაისის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატები “ქართული ოცნებიდან”

14 ივლისი, 2016 • 1883
ქუთაისის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატები “ქართული ოცნებიდან”

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქუთაისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, საკრებულოს წევრი ნიკა ლატარია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იქნებიან.

ნიკა ლატარია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

“მე არ მაქვს ინფორმაცია. თქვენ, ეტყობა, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობთ. გეფიცებით, ნამდვილად არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. კანდიდატებზე ქალაქში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ვიცი, კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ამ თემაზე. ბატონ გივიზე [ჭიჭინაძე] მოვკარი ყური [ინფორმაციას], მერე აღარ ვიცი. ბევრი ვერსია ვრცელდება ქალაქში. ჩემთან არ ყოფილა არც კონსულტაცია, არც შეხვედრა,”- ამბობს ლატარია.

ქუთაისის მაჟორიტარობა “ქართული ოცნებიდან” ომარ ნიშნიანიძეს სურს. მისი თქმით, საბოლოო პასუხი პარტიის ხელმძღვანელებს ჯერ არ უთქვამთ:

“დღემდე უარს ვერ მეუბნებიან. კი-კი-ს და ჰო-ჰო-ს მიძახიან. ვერ გავიგე, ხომ უნდა მითხრან საბოლოო პასუხი, რომ ხალხს ვუთხრა?! 18 ივლისს აპირებენ ქუთაისში კანდიდატების პრეზენტაციას, ჩვენ სად ვიქნებით? ავიდე ტრიბუნაზე და კონცერტი მოვუწყო იქ? დღესაც თბილისში ვარ და ველოდები, თუ ვინმე დამიძახებს,”- ამბობს ნიშნიანიძე.

ნიკა ლატარიას შესაძლო კანდიდატობის შესახებ ინფორმაციას ნიშნიანძეც ფლობს:

“თუ ნიკა ლატარიას წარდგენას აპირებენ, მაშინ მეც ვიყრი კენჭს, ვახოხებ ცხვირით იმ ლატარიას და გაიგებს მერე. ქუთაისი უნდა გიყვარდეს და თუ არ გიყვარს, მასე სახრავად ყველასთვის კარგია ქუთაისი. ვალის გარდა არაფერი დამრჩენია დეპუტატობიდან და ესენი ყველა გამორჩენაზე არიან. ზოგმა ფული იშოვნა და ზოგმა რა. მე არ ვაპირებ ფულის შოვნას, მინდა რომ ქუთაისი ქუთაისს დაემსგავსოს და რაღაც პერსპექტივა ჰქონდეს”.

“ნეტგაზეთი” ცდილობს, ინფორმაცია კობა ნარჩემაშვილთან და გივი ჭიჭინაძესთან გადაამოწმოს, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

კობა ნარჩემაშვილი პარტიის “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამ პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი  განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის:

“კობა არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ჩვენი პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ “ქართული ოცნების” სიით, მაგრამ ვინ, სად, როგორ იქნება – ეს საკითხები საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. მხოლოდ კობა არ არის, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების საკითხი განიხილება, ზოგადად, “ქართული ოცნების” კანდიდატების საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება,” – ამბობს ჟორჟოლიანი.

13 ივლისს დათო ლორთქიფანიძემ “მოამბესთან” საუბრისას განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება იმერეთში, ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში. დღეს ლორთქიფანიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი დასახელება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მასთან ერთად მეორე კანდიდატიც განიხილება:

“გადაწყვეტილი ჯერ არ არის იმიტომ, რომ ოფიციალურად წარდგინება არ ყოფილა. გუშინ მე ვთქვი, რომ ვიზომები ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში კანდიდატად. ყველა ოლქში რამდენიმე კანდიდატია, ვისაც რესურსი და სურვილი აქვს მაჟორიტარი კანდიდატობის. ცენტრალური ოფისი აწარმოებს დატესტვას, ოლქებში კვლევები ტარდება. მე ვერ წარმომიდგენია, ჩემი კანდიდატურა რატომ უნდა იყოს კითხვის ნიშნიანი,” -ამბობს ლორთქიფანიძე და აღნიშნავს, რომ ვანში მასთან ერთად განიხილება ადამიანი, რომელიც წარმოშობით ვანიდანაა და დღეს თბილისში საქმიანობს.

ლორთქიფანიძის თქმით, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად ომარ ნიშნიანიძეც უნდა განიხილებოდეს. მისივე ინფორმაციით, ასევე განიხილება გუბერნატორის მოადგილის, გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურა:

“გასატესტად და კვლევების ჩასატარებლად ომარ ნიშნიანიძის კანდიდატურაც უნდა განიხილებოდეს. თუ ის იქნება მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, მე ამას მივესალმები. მსმენია, რომ გიორგი ჭიღვარია იზომება, როგორც ვიცი. სხვა კანდიდატებზე არაფერი ვიცი. გიორგი არის პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, არის ვიცეგუბერნატორი და ვთვლი, რომ კარგი ადამიანია.”

“ვერ დავადასტურებ იმიტომ, რომ ინფორმირებული არა ვარ ამ შემთხვევაში,” – უთხრა ნეტგაზეთს იმერეთის ვიცეგუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ. შეკითხვაზე, იქნება თუ არა ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჭიღვარია პასუხობს: “ვერც მაგას ვერ დაგიდასტურებთ, ყველაფერი სულ რაღაც 2-3 დღეში იქნება დადასტურებული”.

18 ივლისს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს  ქუთაისში წარადგენს. წარდგენამდე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სხვადასხვა კანდიდატების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებისგან თავს იკავებენ. იმერეთის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. იმერეთის რეგიონში 11 საარჩევნო ოლქია, აქედან სამი ქუთაისში (#47, #48 და #49), რომელშიც შედის თერჯოლის რამდენიმე სოფელიც. #50 საარჩევნო ოლქი აერთიანებს ტყიბულისა და თერჯოლის ნაწილს, სადაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კენჭი შესაძლოა იყაროს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ. #51 ოლქი მოიცავს ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის ნაწილს, #52 – ზესტაფონი, #53 – საჩხერე, #54 – ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტი, #55 სამტრედია, #56 ჭიათურა და #57 წყალტუბო.

მასალების გადაბეჭდვის წესი