კერძოდ, საქმე ეხება 20 ჰექტარ მიწას, რომელიც ფერმერების მტკიცებით, ჯერ ვინმე ხურცილავაზე გაიყიდა, რომელმაც, თავის მხრივ, მიწა სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს მიყიდა:
“ჩვენ 30 წელია ვსარგებლობთ სოფლის საძოვრით. შესყიდვა გვინდოდა და არ შეგვასყიდინეს. ეს ვიღაც ხურცილავაზე ქურდულად გაიყიდა. როგორც გუშინ გამგეობაში გვითხრეს, მან ეს 20 ჰექტარი 15 ათას ლარად იყიდა და მერე სემეკის თავმჯდომარისთვის მიუყიდია 35 ათას ლარად. ტრაქტორმა რამდენჯერმე სცადა შემოსვლა, მაგრამ არ შევუშვით. გუშინ პოლიციით მოვიდნენ და შევიდნენ და დასახნავად მოამზადეს. რა ვიცი, 80 ოჯახს თუ 1 კაცს ანაცვლებენ… მაგიტომ მოვედით, დახმარება თუ იქნება, თორემ შიმშილით დავიხოცებით,” – ამბობს თეიმურაზ ნიკოლაძე.
მისივე თქმით, პარლამენტთან ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს – ვახტანგ ხმალაძეს გაესაუბრნენ:
“სასამართლოს მიმართეთო და დღეს ვიცით ჩვენ ყველამ სასამართლო ვისია. ქვეყანა არ დგას ფეხზე. გამგეობაში გვითხრეს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა აუქციონზე და გაიყიდა. თუ აუქციონზე გაჰქონდათ, მოსახლეობას რატომ არაფერი გვკითხეს, როცა ჩვენ ამ მიწით ვსარგებლობდით?!”
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, იური ფურსულაია აცხადებს, რომ ამ მიწების გაყიდვამდე 30 ჰექტარი მიწა საპატრიარქოს აჩუქა ხელისუფლებამ:
“ჩვენ მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ საძოვარი. სხვა არავითარი საშუალება არ გვაქვს. ჩვენ მეტი წაგვართვეს იქ, იმ ტერიტორიაზე, მაგრამ ეკლესიას მისცეს და ეკლესიას არ დავუპირისპირდით, ეკლესია ჩვენი ხატებაა, როგორ დავუპირისპირდებოდით. ვაჩუქეთ საპატრიარქოს 30 ჰექტარიო და გავჩერდით, მრევლი ვართ და რატომ ვიტყოდით რამეს? მიწები ბევრია ჩვენს სოფელში, მაგრამ შეგნებულად გვზღუდავენ. არ ვიცი ამას რატომ აკეთბენ.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს გაყიდული მიწების შეფასება:
“უნდა შეფასდეს, რა ფორმებით, როგორ გაიყიდა, ვინ არიან მესაკუთრეები, რა ფასად იქნა გაყიდული. ჩვენ უნდა დავიწყოთ მფლობელებთან მოლაპარაკება. არავინ აპირებს მიწების ჩამორთმევას, მათ ნაციონალიზაციას, ამ მიმართულებით არ გვინდა წავიდეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფომ გარკვეული სავარგულები საბაზრო ფასად გამოისყიდოს. ჩვენ ასეთი შემთხვევები გვექნება, ეს არის მძიმე მდგომარეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა.”