ახალი ამბები

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე შევაჯამებთ ექვსთვიან პერიოდს, რუსეთთან დიალოგის დაწყებიდან – დღემდე

30 მაისი, 2013 • • 909
აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე შევაჯამებთ ექვსთვიან პერიოდს, რუსეთთან დიალოგის დაწყებიდან – დღემდე

აბაშიძე მომავალ კვირაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდება პრაღაში. მისი თქმით, ამ შეხვედრის დროს ის საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებს გვერდს ვერ აუვლის. თუმცა, აბაშიძის განმარტებით, ამ საკითხის საგნობრივი განხილვა პრაღის ფორმატის შეხვედრაში ვერ მოხდება.

 

“აუცილებლად შევეხები ამ საკითხს, მაგრამ საგნობრივად მისი განხილვა ამ ფორმატში ვერ მოხდება, რადგან აქ სხვა თემები განიხილება. შექმნილი ვითარების მთელი სიმწვავით განხილვა ჟენევის ფორმატში უნდა მოხდეს, მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციებში მაქსიმალურად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს”.

 

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძის განცხადებით, ჩეხეთის დედაქალაქში დაგეგმილ შეხვედრაზე ის კარასინთან შეაჯამებს ურთიერთობის 6–თვიან პერიოდს დიალოგის დაწყებიდან დღემდე.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს და ქართული ღვინის ექსპორტის თემას რუსეთში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი უნდა განხორციელდეს, რადგან პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გადაკვეთა არ უნდა მოხდეს.

 

“ჩვენ ღვინოს საჩუქრად არ ვაგზავნით და საქეიფოდ არ მივყვებით. ეს არის ქართული ექსპორტი, რომელიც შევა რუსეთის ბაზარზე, გააძლიერებს ჩვენს კომპანიებს და ეკონომიკას. ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და გვაქვს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები”.

 

აბაშიძის განცხადებით, საქართველომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთში არ უნდა აურიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი