როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მინიონთან შეხვედრისას გამოთქვა თავისი ვარაუდი, რომ “შესაძლოა, ეს [საოკუპაციო ზოლის გადმოწევა] იყო მცდელობა რუსეთის ხელისუფლების გარკვეული ძალების მხრიდან, რომ ხელი შეეშალოს დიალოგის იმ პირველ ნაბიჯებს, რაც საქართველოს და რუსეთს შორის დაიწყო”.
“ეს არის საწყისი ნაბიჯები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაბიჯებიც კი აღიზიანებთ გარკვეულ წრეებს კრემლში, იმიტომ, რომ ზუსტად ასეთ ვითარებაში ადმინსიტრაციული საზღვრის გადმოწევა და დამატებითი პრობლემების შექმნა როგორც ჩანს, ამ მიზანსაც ემსახურება. მე მინიონს მოვახსენე, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იქნება პრინციპული, მაგრამ ფრთხილი იმისთვის, რომ ამ კონკრეტულმა მოვლენამ არ მისცეს საშუალება იმ ძალებს, ვისაც ზოგადად არ სურთ ურთიერთობის ნორმალიზება ორ ქვეყანას შორის, რომ თავიანთი მიზანი შეასრულონ”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მან მინიონს საქართველოს მთავრობის მოლოდინიც გააცნო, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
უსუფაშვილის თქმით, მინიონმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დამკვირვებლებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. პარლამენტის თავამჯდომარის განცხადებით, მან მინიონთან პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა. გადაწყდა, რომ მინიონი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.








