ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: მთავარია, რას უპასუხებს რუსეთის ეკლესია ანქვაბს

28 მაისი, 2013 •
ზაქარეიშვილი: მთავარია, რას უპასუხებს რუსეთის ეკლესია ანქვაბს

როგორც ზაქარეიშვილმა დღეს, 28 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის ეკლესიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთზე და გარდა ეკლესიური კანონით დადგენილი წესისისა, სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.

 

“ასე, რომ, ანქვაბის შეთავაზება ერთია, ანქვაბს შეუძლია ყველას შესთავაზოს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მთავარი არ არის ანქვაბი რას შესთავაზებს, მთავარია, რას უპასუხებს რუსეთის ეკლესია”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის საპატრიარქოს 26 მაისს მიმართა და მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ეპარქიის თავის მფარველობაში აყვანა და აფხაზეთის ეპისკოპოსის კურთხევა სთხოვა. რუსეთის საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ აფხაზეთის საეკლესიო საკითხის სრული რეგულირება მარტივი საქმე არ არის.

 

“აფხაზეთში მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა რთულია და მხოლოდ აფხაზეთის ეპისკოპოსის ადგილზე არ ყოფნით არ შემოიფარგლება, სიტუაციის სრულად დარეგულირებისათვის აუცილებელია დრო და კომპლექსური მიდგომა ყველა საეკლესიო კანონის სრული დაცვით. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ეს განცხადება რუსეთის საპატრიარქოს ერთ–ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მიმართვის საპასუხოდ.

 

“ამისათვის საჭიროა დრო. აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად სიჩქარე, რამდენადაც ეკლესიური ცხოვრების მოწყობის კანონიკური მდგრადობა. გარდა ამისა, აფხაზი ხალხის მიერ გამოხატული ნების, რომელიც პრეზიდენტის მიერ გახმოვანდა, დაუფასებლობაც არ შეიძლება”, – “რია ნოვოსტის” ცნობით, განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

 

რუსეთის საპატრიარქოში კომენტარი ანქვაბის მიმართვის იმ ნაწილზეც გაკეთდა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ეპისკოპოსის კურთხევას ეხება:

“ადგილზე ეპისკოპოსის არ ყოფნა პრობლემათაგან მხოლოდ ერთ-ერთია”. რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მათ ანქვაბის განცხადება უპირველეს ყოვლისა აღიქვეს, როგორც “აფხაზ და რუს ხალხებს შორის არსებული სულიერი კავშირების ხაზგასმა”.

 

შეგახსენებთ, რომ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია ოფიციალურად საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაშია. 2010 წლიდან აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოსის წოდება საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს მიენიჭა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი