ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: თქვენ გინდათ, რომ 200–300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსეთს ომი?

28 მაისი, 2013 • 1306
ზაქარეიშვილი: თქვენ გინდათ, რომ 200–300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსეთს ომი?

როგორც ზაქარეიშვილმა დღეს, 28 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც რუსეთმა გააკეთა გამყოფი ხაზის გადმოწევით ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია.

“ეს არის დარღვევა ყველა ნორმისა, რასაც რუსეთი ისედაც აკეთებდა 2008 წლიდან მოყოლებული. სამწუხაროდ, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რისი უფლებაც მას ჩვენ 2008 წლის აგვისტოში მივეცით. მიუღებელი და ცინიკურია, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ჩვენ გვამუნათებენ. რუსები იმყარებენ იმ პოზიციებს, რომლებიც დაიპყრეს და დაიკავეს, ანუ ოკუპაცია მოახდინეს. რა არის მათი მთავარი ამოცანა? ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მათ მკაფიოდ იგრძნეს, რომ დაიწყო ქართულ–ოსური შერიგება. ამ ხაზებს ისინი ქართველების წინააღმდეგ კი არ აკეთებენ, პირველ რიგში, აკეთებენ ოსების წინააღმდეგ. რუსეთის წარმოდგენით ქართველები შეიძლებოდა 300–400 მეტრის სიღმრეში შესულიყვნენ ხილზე, ჯონჯოლზე, შეშაზე, ხოლო ოსები გადმოდიან თბილისში, გორში, ვაჭრობენ, მკურნალობენ, სწავლობენ. ანუ ოსებმა დაიწყეს ტოტალურად სიარული დანარჩენ საქართველოში, სწორედ ამის წინააღმდეგები არიან რუსები”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ის, რაც გამყოფ ხაზებთან მოხდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და  პრაგმატული პოლიტიკის გამოცდა. მისი თქმით, “რუსეთს ცალსახად უნდა, რომ ემოციებში აგვიყოლიოს”.

 

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

“რუსეთს უნდა ემოციებში გადაზარდოს პოლიტიკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოქალაქეები დავიცვათ. მთავრობის მთავარი ამოცანაა, მოსახლეობა ადგილზე შევინარჩუნოთ. მე მაქვს ინიციატივები მთავრობისთვის, რომ მოვახდინოთ აღწერა იმ ადამიანების, ვინც იქ დაზარალდა და მათთვის კომპენსაციების პოლიტიკა განვახორციელოთ და გრძელვადიანი პოლიტიკით შევუქმნათ ღირსეული პირობები”, – განაცხადა მან. 

ჟურნალისტების კითხვას, დაბრუნდება თუ არ ის ტერიტორია უკან, რომელიც რუსულმა მხარემ ბოლო დღეების განმავლობაში დაიკავა, ზაქარეიშვილი შემდეგნაირად პასუხობს:

“300 მეტრით კი არ არის შემოსული რუსეთი, კილომეტრებიითაა შემოსული, თანაც 2008 წლის აგვისტოდან. ეს არის ოკუპაცია, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ 200–300 მეტრზე და თქვენ გინდათ, რომ 200–300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსეთს ომი, როცა სააკაშვილმა ახალგორიც კი გამოიყვანა?! გრძელდება აგრესია, ეს არ არის მცოცავი [ანექსია], ეს არის იმ პოზიციების დაკანონება, რუსეთის ხედვით, რაც მათ თავისად მიაჩნდათ. ანუ ისინი ხაზს ავლებენ იქ, სადაც მიაჩნიათ, რომ ტერიტორია დაიპყრეს. მათ მკაფიოდ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ჩართონ მოლაპარაკებებში იმის შესახებ თუ სად გადის საზღვარი. ჩვენთვის ეს ყოვლად დაუშვებელია. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არანაირი საზღვარი არ გადის. იქ მხოლოდ გამყოფი ხაზებია და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერთვებით იმ თამაშში, რასაც რუსეთი აწყობს. მათ შეიძლება 400 და 500 მეტრიც კი დაგვითმონ, ოღონდ საქართველოს ხელისუფლება ჩაითრიონ ამ მოლაპარაკებებში. იმ თამაშს გვთავაზობს რუსეთი, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუთებელია”, – განაცხადა მან და დასძინა, ახლა მთავარია, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა არ დაიკარგოს.

“200 მეტრია თუ 30 კილომეტრი, ამ 200 მეტრის გამო ჩვენი მოსახლეობა არ უნდა დავკარგოთ. ესაა მთავარი. პირველ რიგში,  უნდა დავიცვათ მოსახლეობის უფლებები. 200 მეტრის გადმოწევით რა ხდება? მოსახლეობის პირობების გაუარესება. ცდილობენ იქ ისეთი პირობები შექმნან, რომ ქ გაუსაძლისი გახდეს [ცხოვრება]. ჩვენ გვირჩევნია, რომ 200 მეტრი იყოს კილომტრების ნაწილი ოღონდ საქართველომ არანაირი ფორმით არ დაუშვას თუ გინდ 200 მეტრის და თუ გინდ 30 კილომეტრის მეტ–ნაკლებად ლეგალიზაცია”, – განაცხადა მან. 

ზაქარეიშვილის თქმით, გამყოფი ხაზების თემაზე ქართული მხარე რუსეთთან არც ერთი დონის შეხვედრაზე არ ილაპარაკებს.


“კარასინი–აბაშიძის შეხვედრის მიზანი არ არის გამყოფი ხაზების დადგენა. გამყოფ ხაზებზე არსად ვსაუბრობთ, გამორიცხულია. მთავრობა არ დაჯდება მოლაპარაკებებზე გამყოფი ხაზების თაობაზე. ეს არის საქართველოს შიდა ტერიტორია”.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების შესასწავლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადგილზე გაგზავნა შემსწავლელი ჯგუფები, თუმცა, მისივე თქმით, ზუსტი ციფრები, თუ რამდენი მეტრით გადმოწიეთ გამყოფი ხაზები ოკუპანტებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის უცნობია:

 

“ამ შემთხვევაში, ციფრებზე მეტად მნიშვნელობა პრინციპებს აქვს”, – განაცხადა დიმიტროვმა.

 

რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის ფაქტებზე ოფიციალური ინფორმაცია გუშინ, 27 მაისს გავრცელდა.

შსს-ს შეფასებით, ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან:

“ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველ ღონეს იყენებს, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი