ახალი ამბები

ლილუაშვილი ქორწინების განმარტებაზე: ღმერთმა დალოცოს თითოეული კურთხეული ოჯახი

26 სექტემბერი, 2017 • 6398
ლილუაშვილი ქორწინების განმარტებაზე: ღმერთმა დალოცოს თითოეული კურთხეული ოჯახი

“ღმერთმა დალოცოს თითოეული კურთხეული ოჯახი”- განაცხადა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლმენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მესამე მოსმენით კონსტიტუცია უნდა მიიღონ. ეს ტექსტი დეპუტატმა ქორწინების დეფინიციაზე საუბრისას გამოიყენა, რომელიც ახალ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ჩაიწერა.

“გამოვყოფდი ქორწინების განსაზღვრების ატანას კონსტიტუციის დონეზე, ესეც ქართველი ხალხის დაკვეთაა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ყყველაზე დიდი დაკვეთა საზოგადოებისგან, როდესაც ხდებოდა საკონსტიტუციო განხილვები, საჯარო განხილვები რეგიონებში და ინდივიდუალურ რეჟიმში, როდესაც ჩვენ ვხვდებოდით ჩვენს ამომრჩევლებს. ღმერთმა დალოცოს თითოეული კურთხეული ოჯახი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის 30-ე მუხლში ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირად არის განსაზღვრული:

“ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას,”- წერია კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლში.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე მუშაობისას საკონსტიტუციო კომისიამ მხარი არ დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებას, კონსტიტუციაში ასევე გაკეთებულიყო ჩანაწერი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ, კერძოდ, დამატებოდა წინადადება: “თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით”.

კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, განსაზღვრა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა და როგორც მთავრობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი