“როგორც თქვენთვის ცნობილია, 2 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ატარებს აქცiას მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 10 000–მდე საქართველოს მოქალაქემ.
აქცია არ ისახავს მიზნად მარიხუანას ან მისი მოხმარების პოპულარიზაციას. ჩვენ გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე იხდიან სასჯელს ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოიხმარდნენ მარიხუანას და მოვითხოვოთ სახელმწიფოს მიერ ამ მიზეზის გამო საკუთარი მოქალაქეების დევნის შეწყვეტა.
ჩვენ მივესალმებით იმ პოზიტიურ სიგნალებს, რომლებიც მოდის ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ველით, რომ აღარ მოხდება მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს.
ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ამასთანავე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში და გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა შეიძლება შეფარდებული იქნას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ნარკოკანონმდებლობის განახლებულ ვარიანტზე. აღნიშნული საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გთხოვთ, 2 ივნისის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები ჩართოთ სამუშაო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ისეთი კანონპროექტის მომზადებას, რომელიც სრულად ასახავს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს საინიციატივო ჯგუფის წევრები- დავით სუბელიანი, მიშა მშვილდაძე, ქეთა გაბუნია, ლექსო მაჭავარიანი, მაგდა გურული, ანინა ტეფნაძე, ირაკლი საღინაძე, ალექსანდრე ბაგრატიონ–დავითაშვილი, ვახტანგ მოსიაშვილი და დავით კოვზირიძე აწერენ.