ახალი ამბები

პარტიების რეაქცია ვენეციის კომისიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე

2 სექტემბერი, 2017 • 1449
პარტიების რეაქცია ვენეციის კომისიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ვენეციის კომისიაში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მისაღწევად არ გაემგზავრება. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომავალი არჩევნებისთვის გადასვლას უკავშირდება.

“მათი ეს პოზიცია მოსალოდნლი იყო” – ამბობს “ევროული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიზანი იყო, შეექმნათ დიალოგის ილუზია და შეეტანათ განხეთქილება ოპოზიციაში და რომელიმე პარტია დაეთანხმებინათ, რომ ეს რეფორმა წარმატებული იყო, თუმცა ეს ამოცანები მათ ვერ შეასრულეს.

“ერთადერთი ძალა, რომელიც კონსტიტუციას ამ სახით უჭერს მხარს, არის “ქართული ოცნება”. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო გააღრმავონ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოშია და ღრმა ეკონოკიკურ და სოციალურ კრიზისს დაამატონ პოლიტიკური კრიზისიც. სამწუხაროა, რომ მათ არ გამოიყენეს შანსი, რომ კონსტიტუცია მიღებული ყოფილიყო ფართო განხილვითა და კონსენსუსით, როგორც უნდა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ამ კონსტიტუციაში არის ახლა გადახედილი,”- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების არსეული რედაქციით შეუძლებელი იქნება ხელისუგფლების არჩევნების გზით შეცვლა:

“დღეს ქართულმა ოცნებამ დაადასტურა ის, რაც ყველამ კარგად იცოდა, რომ მათი მიზანი იყო ამ ერთპარტიული, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუციის მიღება. ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან, პოლიტიკურ სპექტრთან და სართაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ ამის შემდეგ. ეს კონსტიტუცია იქნება უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი. იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველოში დაკანონდება ეს მაფიოზურ-კლანური რეჟიმი და პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა,”- განაცხადა ბიბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნებში უპირატესობას კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღების ფასად აღწევს.

“ხელისუფლების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა შერეული, უსამართლო საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, რომელიც მას აბსოლუტურ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სხვა კონკურენტ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებით არჩევნებში და ამას ქართულმა ოცნებამ მიაღწია კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღების ფასად,”- განაცხადა შავგულიძემ.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, ვენეციის კომისიასთან საბოლოო შეხვედრისა და შეთანხმების შესაძლებლობის გამოყენების გარეშე კონსტიტუციის ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გაწყვიტა კავშირი  საკუთარ მოქალაქეებთან და გამოავლინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების მიმართ.

“ქართული ოცნება ურყევად დაადგა ძალაუფლების მიტაცების გზას. საგანგაშო და შემაშფოთებელია, რომ ის არაფრად აგდებს როგორც საკუთარი მოქალაქეების ხმას, ისე საერთშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, რითაც სრულ იზოლაციაში აქცევს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას,”- აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხისგან იგრძნობს თავისი ქმედებების საპასუხო რეაქციას:

“ის, რომ დღეს აქვს ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია, ამაზე პასუხიმგებლობა არის “ქართული ოცნების”, სწორედ”ქართულ ოცნებას” სურდა წაერთმია ქართველი ხალხისთის არჩევანის უფლება 2020 წლის არჩევნებში და ამ პასუხისმგებლობის შესაბამის რეაქციებს ისინი აუცილებლად იგრძნობენ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

სტრასბურგში, ვენეციის კომისიაში შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიმართვის საფუძველზე დაინიშნა, თუმცა ფორმატი უფრო გაფართოვდა და შეხვედრაზე სხვა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც იყვნენ მიწვეული.

1 სექტემბერს საღამოს გავრცელდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს გაცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია.

ამავე განცხადებაში ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია – “პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადავადება, ისევე, როგორც ქართული პარტიების განმეორებითი წარუმატებლობა კონსენსუსის მიღწევაზე იმედგაცრუებას იწვევს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი