ახალი ამბები

ჯანი ბუკიკიო: სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია

1 სექტემბერი, 2017 • 2337
ჯანი ბუკიკიო: სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბარია, რომ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არსებითად, ქართულმა პარტიებმა თავად უნდა გააგრძელონ მოლაპარაკებები და ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის,”- ვკითხულობთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯანი ბუკუკიო ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, 2017 წლის ივნისში, კონსტიტუციის პროექტი დადებითად შეაფასეს, თუმცა შემდგომ განვითარებული მოვლენებით იმედგაცრუებულია:

“შესაბამისად, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადავადება, ისევე, როგორც ქართული პარტიების განმეორებითი წარუმატებლობა კონსენსუსის მიღწევაზე, იმედგაცრუებას იწვევს”.

განცხადებაში ბუკიკიო აღნიშნავს, რომ უახლოეს დროში ელოდებიან საქართველოს ხელოსუფლებისგან კონსტიტუციის პროექტის გაგზავნას, მათი მოსაზრებები კი 1 თვეში, ოქტომბრის პლენარულ სესიაზე გახდება (ვენეცია, 6-7 ოქტომბერი) ცნობილი.

“ვიმედოვნებთ, რომ იქნება შესაძლებელი, საქართველოს პარლამენტმა ამ მოსაზრებების შემდეგ შეიტანოს ცვლილებები და კონსტიტუციის ტექსტზე ფართო კონსენსუსს კონსტრუქციული დიალოგის გზით მიაღწიოს,”- ვკითხულობთ ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.

6 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს და ოპოზიციას ვენეციის კომისიის ჩართულობით უნდა ემსჯელა, თუმცა, 31 აგვისტოს “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ოპოზიციამ პროცესი ჩიხში შეიყვანა და სტრასბურგში არ გაემგზავრებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი