ახალი ამბები

“ქართული ოცნება”: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან დიალოგი შეუძლებელია

25 აგვისტო, 2017 • 2259
“ქართული ოცნება”: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან დიალოგი შეუძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის მეორე რაუნდის დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს. ამის მიზეზად კი იმას აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს დიალოგის დაწყების წინაპირობად ულტიმატუმებს უყენებენ:

“ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად მიუდგებოდნენ დიალოგის პროცესს და რაციონალურად განსაზღვრავდნენ იმ საკითხს ან საკითხებს, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მივიღეთ ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა, მეტიც, ამის ნაცვლად მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი, რომელთა გათვალისწინების პირობებშიც კი, ისინი არ გამოხატავენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნას” – ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასეთ პირობებში შეუძლებელია დიალოგის გაგრძელება:

“აღნიშნული 4 ულტიმატუმი მათ წარმოადგინეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად. ცხადია, ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა.

იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და, შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან” – ნათქვამია განცხადებაში.

დიალოგის განახლება ოპოზიციას მმართველი გუნდის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შესთავაზა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდვ ერთხელ განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი:

“ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვვლილებების შესახებ, ვინაიდან საქართველოში წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ კი წარმოვადგენთ საქართველოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ  საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი” – თქვა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეხვედრა 18 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციურ პარტიებს სთხოვა, საკუთარი პოზიცია წერილობით დაეფიქსირებინათ. პარტიებმა კი იმ საკითხების ჩამონათვალი გაუგზავნეს, რომელზე მმართველი პარტიის დათმობაზე წასვლის გარეშე, დიალოგს არ  შეუერთდებოდნენ. მათ შორის იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება და შერეულიდან სრულად პროპორციულ მოდელზე გადასვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი