“დღეს არის შეხვედრა თბილისის საკრებულოში. ჩვენ, საკრებულოს წევრებს თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს წარვუდგენთ და შეკითხვებს ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა”, – განაცხადა ყოჩიაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.
საკრებულოს წევრების თქმით, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდებიან გზებთან, სანიაღვრე ქსელებთან და გარე განათებასთან დაკავშირებული საკითხებით. შეხვედრა 1,5 საათის განმავლობაში გაგრძელდება და შემდეგ საკრებულოს წევრები შეხვდებიან “სინათლის ქალაქის”, კულტურის ღონისძიების ცენტრის და გამწვანების სამსახურების წარმომადგენლებს.
საკრებულოს წევრის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერიის წარმომადგნლები საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარსდგებიან.
“ორი კვირის მანძილზე თბილისის მერიის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები ქალაქ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს მოვუსმენთ. შესაბამისმა სამსახურებმა შესრულებელი სამუშაოების გრაფიკი უნდა წარმოადგინონ და ჩვენ ამის მკაცრ კონტროლს მოვახდენთ. ჩვენ გვქონდა ეჭვები, რომ მერი და მერია გარკვეულ სამუშაოებს ხელოვნურად აფერხებენ”, – განაცხადა სამუშიამ.
ასევე, კომენტარი გააკეთა საკრებულოს ფრაქცია “თავისუფლების” წარმომადგენელმა ირაკლი შიხიაშვილმა, რომლის განცხადებითაც ამ შეხვედრის მიზანი არის ის, რომ მერიამ სწორად და მიზანმიმართულად განკარგოს თანხები.
“ჩვენ მოვახდენთ გეგმა–გრაფიკების კონტროლს და გავუწევთ მონიტორინგს. თუკი რამეში დახმარება შეგვეძლება, აუცილებლად დავეხმარებით”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შეკითხვები არსებობს უფრო მერთან და მის მოადგილეებთან, ვიდრე კონკრეტული სამსახურების წარმომადგენლებთან, თუმცა ეს შეხვედრები ძალიან მნიშნელოვანია.