ახალი ამბები

აკაკი მინაშვილი: “ქართული ოცნება” დაიშლება

7 მაისი, 2013 • • 1095
აკაკი მინაშვილი: “ქართული ოცნება” დაიშლება

როგორც დეპუტატმა დღეს, 7 მაისს ჟურნალისტებს შრომის კოდექსთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის კომენტირებისას განუცხადა, ეს კოალიცია ერთიანი გუნდი არ არის და მის წევრებს საერთო პრინცპიები არ გააჩნიათ.


“ეს საკითხი თვითონ გაარკვიონ მთავრობის და უმრავლესობის შიგნით. ეს ადამიანები არ არიან შეკრებილი ერთი პრინციპით და მათი მთავარი ინტერესი არის ფული, ამიტომ მე მოველი, რომ ეს კოალიცია დაიშლება. რაც შეეხება შრომის კოდექსს, ჩემი აზრით, ის უნდა იყოს ლიბერალური და დამსაქმებლებს რაც შეიძლება  მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. რაც უფრო მეტი რეგულაციაა, მით უფრო ნაკლები ადამიანის დასაქმება ხდება. ეს არის ცნობილი კანონზომიერება მსოფლიოში. ამ მიმართულებით მე ვეთანხმები განათლების მინისტრის მიდგომებს. დაპირისპირება კოალიციის შიგნით ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ერთიანი გუნდი, მათ არ აქვთ ერთიანი პრინციპები და მოხდება მათი დაშლა”, – განაცხადა მინაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის კოდექსის ის პროექტი, რომლის ავტორიც იუსტიციის სამინისტროა, 2 მაისს სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი შრომის კოდექსის ახალი რედაქციის წინააღმდეგია.


“ის არ მოაგვარებს შრომით ურთიერთობებს. ეს კოდექსი რაც შევიდა, რომელსაც მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები, დაწერილია კონცეპტუალურად პროფკავშირების დიქტატით და პროფკავშირები არიან ერთ-ერთი მოთამაშე ამ პროცესში. შენ თუ არ დააბალანსე პროფკავშირი ბიზნესის მოთხოვნებით, დამსაქმებლის მოთხოვნით, პროფკავშირები ხომ არ მართავენ სახელმწიფოს?! პროფკავშირები არ აწარმოებენ არც ბიზნესს, ისინი არიან ერთ-ერთი მოთამაშე და ახლა რამხელა გადახრა არის ამ ერთ-ერთი მოთამაშის პოზიციიდან. ეს შექმნის პრობლემას”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. მისივე თქმით, არაადეკვატურად გაკეთებული ასეთი გადაწყვეტილება შრომით ურთიერთობებს არ დაარეგულირებს.

დღეს, 7 მაისს მარგველაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა უპასუხა, რომელსაც მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა შრომის კოდექსთან დაკაშვირებით გამოთქმული ფრაზის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, ან თანამდებობიდან გადადგეს.


“მინიმუმ ვიცე–პრემიერობიდან გადადგეს, ან ეს უხეში შეცდომა გამოასწოროს. ძალიან უცნაურია გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რადგან იგი არის მთავრობის წევრი, ვიცე–პრემიერი. მთავრობის სხდომაზე მოხდა შრომის კოდექსის განხილვა. მოხდა შეჯერება და შემდეგ განიხილა პარლამენტმა. გეგონება, რომ იგი ამ მთავრობის ვიცე–პრემიერი არ იყოს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი