ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის ადგილსამყოფელის გამო უმრავლესობა პრობლემას არ შექმნის

11 თებერვალი, 2013 • 1627
უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის ადგილსამყოფელის გამო უმრავლესობა პრობლემას არ შექმნის

8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის დათმოს თავისი “ეფემერული უფლებამოსილება” მთავრობის დათხოვნის შესახებ, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კატეგორიულად არ დაეთანხმება მეორე ცვლილებას, რომელიც ეხება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას.

 

პრეზიდენტთან შეხვედრამდე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკების მთავარი საგანი იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საგანი, რადგან უმრავლესობა სწორედ ამას მიიჩნევს მთავარ პოლიტიკურ საკითხად.

 

“ეს ორი საკითხი სრულიად შეგნებულად უმრავლესობის მხრიდან არის ინიცირებული სხვადასხვა კანონპროექტებით, სხვადასხვა ქაღალდზე წერია ქუთაისი-თბილისის თემა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების თემა. ეს კანონპროექტები ცალ-ცალკე რეჟიმში განიხილებოდა და მათ ცალ-ცალკე ეყრება კენჭი, ამიტომ ერთ საკითხზე შეთანხმების ვერ მიღწევა არ ნიშნავს ავტომატურად მეორეზე შეთანხმების არ მიღწევას, ან პირიქით. ასე, რომ ჩვენ, პირველ რიგში, მთავარ პოლიტიკურ საკითხზე გვინდა შეთანხმება, ესაა პრეზიდენტის უფლებამოსილების თემა. დანარჩენი თემები მიმდინარე პროცესში გადაწყდება და ახლა ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მიხეილ სააკაშილს წარმოუდგენია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, დათმობს თუ არა უმრავლესობა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის სანაცვლოდ, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხს, უსუფაშვილი პასუხობს:

 

“უმრავლესობა არ აპირებს თავის უფლებამოსილებაზე უარის თქმას, ზოგადად, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე. უმცირესობა და ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ მას შეუძლია საკითხების დასმა, გარკვეულ თემებზე თავისი არგუმენტების გამოთქმა, მაგრამ მერე გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა.

 

ამიტომ თბილისი-ქუთაისის თემა – ეს არ არის იმ დონის პოლიტიკური საკითხი და ისე საჩქარო საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსთაველზე პარლამენტის შენობის გარემონტებას და მის მწყობრში შეყვანას ჭირდება 6-7 თვე, ამიტომ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება უმცირესობასთან შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, ეს არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, ჩვენ ამის გამო არანაირ პრობლემას არ ვქმნით, არ ვიჟინებთ რაღაცეებს.”

 

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, ასევე, შევიდეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყეობის საკითხი, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ არ უნდა აისახოს ეს კონსტიტუციაში, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ამ საკითხზე იმუშავებს სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისია.

 

“სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, თუკი ეს იქნება დასაბუთებული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული იდეა, კონსტიტუციის პრეამბულაში ქართველი ერის არჩევანი ევროპული მისწრაფების შესახებ აისახოს. თუ დავინახეთ, რომ ამით კონსტიტუცია არ კნინდება, რა პრობლემაა, იქცა შეიძლება რაღაც ჩაიწეროს.”

 

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს პარლამენტში გაიმართა დებატები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც უმრავლესობა და უმცირესობა ვერ შეთანხმდა და გადაიდო ამ ცვლილებების კენჭისყრის პროცედურა. ამის გამო, უმრავლესობის ინიციატივით, ასევე, გადადებული იქნა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა პარლამენტში 8 თებერვალს. საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის 8 თებერვალს მაინც მიემართა, ოღონდ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან. თუმცა შენობასთან გაიმართა ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პრეზიდენტმა საბოლოოდ საზოგადოებას 8 თებერვალს მაინც მიმართა სიტყვით, ოღონდა საკუთარი რეზიდენციიდან, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა. სააკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა პრემიე-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რის შემდეგაც დაიგეგმა დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი