ახალი ამბები

დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროზე: კორუფციული დანაშაული იკვეთება [Video]

2 მაისი, 2013 •
დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროზე: კორუფციული დანაშაული იკვეთება [Video]

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ ფაქტი სამწუხაროა:

 

“იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ საგამოძიებო ორგანოები უსაფუძვლოდ მოქმედებენ, ამას ვერ ვიტყვი. მინისტრის მოქმედება შექმნილ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ ადეკვატურია. ეს არის პასუხისმგებლობიანი ადამიანის ნაბიჯი.”

 

აგულაშვილს არ მიაჩნია, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს:

 

“ელიტური კორუფცია შეიძლება იყოს მაშინ, როცა გახრწნა ხდება ვერტიკალზე, ამიტომ მე ამას ვერ ვხედავ,  ვერტიკალზე ეს ნიშნები არ ჩანს. თუ სადმე, რომელიმე სეგმენტში ვინმე ეცდუნა, რეაგირება უკვე დაწყებულია. თავისთავად შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ მე ვერ ვხედავ სისტემურობას ხელისუფლების ვერტიკალში.”

 

თანაგუნდელისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს კობა დავითაშვილს. 

 

“ჩემთვის ძალიან რთულია სამართლებრივი შეფასება დღეს. გაფლანგვა, ალბათ, სახელმწიფო სახსრების, მაგრამ კორუფციულ დანაშაულად ყოველ შემთხვევაში იკვეთება. კორუფცია ეს არ არის მხოლოდ ქრთამის აღება, კორუფცია ეს არის ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაც და ბევრი სხვა რამ. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ერთი რამეა მისასალმებელი, რომ ბატონმა დავითმა თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და აიღო თავის თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მისასალმებელია ისიც, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაირკვა ვისთან ჰქონდა კითხვები პრემიერ-მინისტრს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მინისტრი იდგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კაკო ბობოხიძე აცხადებს, რომ ვაუჩერების პრობლემის შესახებ ისინი დიდი ხანია საუბრობენ:

 

“მე არ ვიცი, რისი ნიშნები იკვეთება, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ჯერ ჭორს იგონებს და მერე იწყებს გარკვევას. მე დაველოდები გამოძიებას და შემდეგ შევაფასებ, კონკრეტულად რა მოხდა და რა არ მოხდა, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეხმარები მთავრობის იმ მცდელობას, რომ კირვალიძის გათავისუფლება დააბრალონ ვაუჩერების დარიგებაში არსებულ ხარვეზებს. ის, რომ ყველა გლეხი ვერ ღებულობდა ვაუჩერს, ჩვენ ამის შესახებ მთავრობას და უმრავლესობას ყოველთვის ვეუბნებოდით. სამწუხაროდ, ვაუჩერები და დახმარება მიიღო მხოლოდ 2500 კვადრატული მეტრის, თან ისიც მხოლოდ ერთ ადგილზე გლეხმა და თუ ეს იყო ხარვეზი, მაშინ მთავრობას ამ ხარვეზის გამოსწორების  საშუალება აქვს და კეთილი ინებოს და იმ გლეხებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ვაუჩერები მიწის არქონის გამო, აწი მისცენ კომპენსაცია, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ბარათი მისცენ. არის სამწუხარო ტენდეცია გამოკვეთილი, როგორც ჩანს, ივანიშვილის მთავრობაში ან არის სრული სტაგნაცია, ან არის მოძრაობა და ასეთი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ, როგორც ჩანს, მოძრაობას თან ახლავს კორუფცია. ეს, როგორც ჩანს, დამახასიათებელი იქნება ივანიშვილის მთავრობისთვის.”

 

ბობოხიძე ასევე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების აღნიშნული პროგრამა უსამართლოა:

 

“გლეხს, რომელსაც მეტი მიწა აქვს, მეტი დახმარება მისცეს, ხოლო გლეხს, რომელსაც ნაკლები მიწა აქვს, ნაკლები დახმარება მისცეს, რაც თავისთავად უსამართლობაა. ანუ მდიდარს უფრო მეტი შეხვდა, ღარიბს – უფრო ნაკლები და კიდევ უფრო ღარიბს- საერთოდ არაფერი.”

 

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მინისტრის გადაწყვეტილება ადეკვატურია:

 

“როდესაც ასეთი პრობლემები არის, რასაკვირველია, მინისტრმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა.”

 

მისივე მტკიცებით, ასეთი პრობლემების არსებობა ცხადი იყო. რატიანი ასევე მიიჩნევს, რომ კორუფციის ნიშნები სახეზეა:

 

“რადგან თვითონ ეს სქემა, ეს პროექტი როგორიც არის, რამხელა ჩარევაც არის სახელმწიფოს მხრიდან, როგორი თანხებიც არის და როგორც არის მიმართული, ეს კორუფციის რისკებს ძალიან ზრდიდა და ხელს უწყობს კორუფციას. ფაქტობრივად, ეს კორუფციის ნიშნები არის კიდევაც, მაგრამ, რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა, მეორე მხრივ, არის იმის პრობლემა, რომ ამ მთავრობის ხელში პროკურატურა არის პოლიტიკური იარაღი.”

 

რატიანის თქმით, ის სხვა პრობლემებსაც ხედავს:

 

“პრემიერის ყოველი წარუმატებელი პროექტი შეიძლება დასრულდეს მინისტრზე გადაბრალებით და მისი დაკავებით და თუ ამან ისტერიული სახე მიიღო, ესეც საკმაოდ უცნაური პრობლემური იქნება.”

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რატიანი პოლიტიკური კრიზისის მომენტებს ხედავს:

 

“ფაქტობრივად, ეს არის პროექტი, რომელზედაც საუბრობდა პრემიერი, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის და 2 თვეში, როდესაც თავს იჩენს კორუფციული სქემები, ეს უკვე კრიზისის მომენტი არის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი