პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, გიგა ფარულავა, რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფიზიკურად იძალადეს, აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.

მისი თქმით, რაც საზოგადოებამ პარლამენტში ნახა, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა.

როგორც გიგა ფარულავამ „ტვ პირველთან“ განაცხადა, პარლამენტში ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც  „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ხელაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ფაქტია, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ. კადრებშიც შეგიძლიათ ნახოთ, თუ ვინ როგორ გასცემდა ადგილზე მითითებებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ოცნებას“  ძალადობის, ძალის გამოყენების და ციხის გარდა, არ შეუძლია მართოს სახელმწიფო, არ შეუძლია მოისმინოს მისთვის კრიტიკული, განსხვავებული აზრი. როდესაც ის ვერ უპირისპირებს კონკრეტულ ფაქტებს შესაბამის არგუმენტირებულ პასუხებს, გადადის ძალადობასა და მუშტი-კრივზე[…]

მე, როცა უშუალოდ ვნახე კადრები, მაშინ შევძელი ვიღაცების ამოცნობა, თორემ იქ ისეთი სიტუაცია იყო, შეუძლებელი იყო ვინმეს იდენტიფიცირება, ერთეული ადამიანების გარდა[…] ფაქტია, რაც საზოგადოებამ ნახა, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, ამას დამატებითი გამოკვლევა ხომ არ სჭირდება. ეს არის ფაქტი, რაც ნახა საზოგადოებამ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

გიგა ფარულავას განცხადებით, მასზე თავდასხმის შემდეგ, შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია, მათ შორის არც სახალხო დამცველი.

„რაც შეეხება კვალიფიკაციას, ამაზე არ მინდა წინასწარ შეფასებები.  ამაზე უნდა იმსჯელონ შესაბამისმა ობიექტურმა უწყებებმა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ამასთან, გიგა ფარულავას თქმით, საინტერესო იქნება მასზე თავდამსხმელი „ოცნების“ იმ დეპუტატების შეფასების მოსმენა, რომლებიც ნეტგაზეთისა და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნას უმძიმეს დანაშაულად აფასებდნენ.

„ჩვენი მხრიდან გაკეთდება განცხადება, ჯერ მე არ მინდა, წინასწარ შეფასებები გავაკეთო… აქ საინტერესო იქნება თვითონ იმ ადამიანების შეფასებები, რომლებიც თავის დროზე გამოდიოდნენ და მზია ამაღლობელს აფასებდნენ და მას მძიმე დამნაშავედ მოიხსენიებდნენ. საინტერესო იქნება მათი შედარება ამ კონკრეტულ ფაქტთან – რაც მოხდა პარლამენტში და რაც მოხდა ქალბატონი მზიას შემთხვევაში. საინტერესო იქნება მათი არგუმენტები“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.


26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის 2 დეპუტატს – გიგა ფარულავასა და მალხაზ თორიას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს, გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები, მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ოპონენტს დაარტყა, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძეა. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში, რომელიც სხვა რაკურსითაა გადაღებული, ჩანს, რომ ოპონენტს კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გენო პეტრიაშვილიც სცემს.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • გენო პეტრიაშვილი
  • ლევან მაჭავარიანი
  • ირაკლი კირცხალია
  • გიორგი ბარვენაშვილი
  • ვასილ ჩიგოგიძე.

ერთ-ერთი, ვინც გახარიას პარტიის წევრებს სცემა, სწორედ არჩილ გორდულაძეა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

დაპირისპირების დასაწყისში გორდულაძე პარლამენტის დეპუტატების ტრიბუნებს შორის იდგა, თუმცა შემდეგ სხდომათა დარბაზის მეორე მხარეს გადაინაცვლა. კადრებში ჩანს, რომ არჩილ გორდულაძე ჯერ ტრიბუნაზე შეხტა, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებს, გიგა ფარულავას და მალხაზ თორიას სცემა. კადრებში ჩანს, რომ გორდულაძესთან ერთად გახარიას პარტიელებს ურტყამენ „ოცნების“ დეპუტატები, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და გიორგი ბარვენაშვილი.