ახალი ამბები

სასაფლაოების გაზრდილი ფართობი თბილისში

3 მაისი, 2013 • 6475
სასაფლაოების გაზრდილი ფართობი თბილისში

თბილისის მერიის არქიტეტურის სამსახურში დაანგარიშებული არ აქვთ, რამდენ წელიწადში არის მოსალოდნელი, რომ სასაფლაოების ფართობის გაზრდით თბილისში ტერიტორიების სიმცირის პრობლემა შეიქმნას. 

 

“პრობლემა, რომ ვეღარ მოხერხდეს სასაფლაოს მოწყობა, ჯერ არ დგას. 10 წლის შემდეგ რა მოხდება, ეს სტრატეგია ჯერ არ გვაქვს შემუშავებული, თუმცა ისეთი პრობლემა, რომ კატასტროფული მდგომარეობა იყოს და სასაფლაოებს მიჰქონდეს მთელი თბილისი, ნამდვილად არ დგას,”- ამბობს მალხაზ კუნელაური, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი. 

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო რამდენიმე წელია  თბილისში გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველწლიურად 11-12 ათასის ფარგლებში მერყეობს. უკანასკნელი (2012) მონაცემის შესაბამისად, თბილისში 12 459 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 


თუ ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი 12 კვ.მ–მდე (3 /4) ფართობის ტერიტორია უნდა იყოს,  თბილისში საფლავები ყოველწილურად დედაქალაქის ტერიტორიის 150 ათას კვ.მ-დე იკავებს, რაც 15 ჰექტარია. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ 10 წელიწადში ახალი საფლავების მთლიანი ფართობი თბილისში 150 ჰექტარამდე გაიზრდება. 

 
 
ოფიციალური პირებისგან განსხვევებით, ის ადამიანები, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში სასაფლაოებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ათეულობით წლების შემდეგ დღეს არსებული სასაფლაოებიც დაიხურება.
 
 
38 წლის იყო, როდესაც კუკიის ძველ სასაფლაოზე საფლავების მომვლელად დაიწყო მუშაობა. მარიამ ბეკურაშვილი უკვე 78 წლისაა და ჯერ კიდევ აქ არაოფიციალურად მუშაობს. აღდგომა უხარია. აღდგომის წინა დღეებში საფლავების პატრონები მოდიან, საფლავის მოწესრიგებას სთხოვენ და ამაში ფულს უხდიან. 40 წლის მუშაობის მანძილზე კუკიის სასაფლაოზე, 70 ჰექტარზე განაშენიანებული, მილიონობით საფლავი აქვს მოვლილი. ძველი საფლავების მოძებნაში ხშირად სხვებსაც ეხმარება. 


„ვინ მოთვლის, რამდენი საფლავია აქ. ალბათ, მე თავზე თმა არ მექნება მაგდენი,”- ამბობს მარიამი.

 

საფლავების დიდი ნაწილი აქ მიტოვებულია. მათ მოვლაში ფულს არავინ იხდის. მარიამ ბეკურაშვილი ამბობს, რომ მათი კიდევ ერთხელ გამოყენების საშუალება რომ მისცენ ადამიანებს, ახალი პატრონი ეყოლებოდათ, ისინი მათ მოვლაში ფულს გადაიხდიდნენ და, შესაბამისად, ყველა საფლავი მოვლილი იქნებოდა.

 

„იმედია, ხელისუფლებაში გონიერი ხალხი მოვა ოდესმე და ასეც გააკეთებენ, ნებას მისცემენ, რომ ეს ძველი საფლავები გაუქმდეს და განმეორებითი გამოყენების საშუალება მისცენ ხალხს. სხვა შემთხვევაში, სასაფლაოების ტერიტორიები განუზომლად გაიზრდება,“- ამბობს კუკიის სასაფლაოზე მომუშავე.

 

სასაფლაოების განაშენიანება “ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად მიმდინარეობს. 

 

ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მმართველის (შპს “ჰერმესის”) მიერ დანიშნული მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოებზე ბოლო დაკრძალვიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისთვის.


აღნიშნული ინვენტარიზაციისას დადგენილ მოუვლელ საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სასაფლაოს მმართველის ვებ-გვერდზე. ინფორმაციის განთავსებიდან ორი წლის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი შესაძლოა გადაიცეს მეორეული გამოყენებისთვის.

 
თუმცა ასეთი საინფორმაციო ფირფიტები ე.წ. კუკიის ძველ საფლავებზე არ არის განთავსებული და არც განმეორებით ხდება აქ დასაფლავება.
 
 
მიუხედავი საფლავები
მიუხედავი საფლავები
 
 

 

კუკიის ძველი სასაფლაო, რომელიც დაახლოებით ოთხი საუკუნის მანძილზე არსებობს, 4 მილიონზე მეტ საფლავს იტევს. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. საუკუნეების მანძილზე ერთსა და იმავე საფლავში დროის გარკვეულ მონაკვეთებში რამდენჯერმე ასაფლავებდნენ. წლების წინ ძველი საფლავების თვითნებურად გაყიდვის ფაქტებიც არსებობდა.  

 

დღეს კუკიის სასაფლაო „დახურულია“. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მიცვალებულების დასაფლავება ადგილის არარსებობის გამო იქ აღარ ხდება. ასაფლავებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწა საკუთრებაშია და მიცვალებულისთვის საფლავის ადგილი იქამდე იყო გამოყოფილი. სწორედ იმის გამო, რომ მიცვალებულებს წლიდან წლამდე იქ უფრო და უფრო ნაკლებად ასაფლავებენ, კუკიის ძველ სასაფლაოზე არსებული საფლავების დიდი ნაწილი მიტოვებულად მიიჩნევა.

 

კუკიის სასაფლაოს „ჰერმესის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელები ამბობენ, რომ სიტყვა „უპატრონო საფლავი“ არასწორია იმის გამო, რომ შესაძლოა აქ დაკრძალულ ადამიანებს სადღაც მაინც ჰყავთ პატრონი. მათი თქმით, ჯობს ასეთ საფლავებს „მიუხედავი საფლავები“ უწოდონ.

 

 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანში არსებობს გამოცდილება, რომ ერთ საფლავზე ათეულობით წლების შემდეგ სხვას ასაფლავებენ. ეს ხსნის სასაფლაოების ფართობის ზრდის ტენდენციას.

 

კუკიის ძველი სასფლაოს მსგავსად, დაახლოებით 10 წელია კუკიის ახალი სასაფლაოც დაიხურა. ახლოს მცხოვრებთათავის დაახლოებით 10 წლის წინ სასაფლაო მახათას მთაზე განთავსდა. ადგილების არარსებობის გამო თბილისში ვაკე-საბურთალოს და ვერის სასაფლაოებიც დახურულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი