ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციას გადაურჩა, ვიღაცის დახმარებით ქვეყანა დატოვეს

30 აპრილი, 2013 •
სახალხო დამცველი: ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციას გადაურჩა, ვიღაცის დახმარებით ქვეყანა დატოვეს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეთნიკურად ჩეჩენ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ლაფანყურის სპეცოპერაციას გადაურჩნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი გადასცა:

 

“საუბარი არის იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად, საელჩოების გამოყენებით ხდებოდა რადენიმე ეთნიკურად ჩეჩენისთვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის გადაცემა. არაერთი მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათზე იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს წარმოშობს, ანუ ვიღაც დაეხმარა და სწორედ ამიტომ, მე ვითხოვ თითოეული ასეთი კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას და შესწავლას გამოძიების მიერ.”

 

ნანუაშვილი ასევე ასახელებს კონკრეტულ ქვეყნებს, თუ სად იმყოფებიან ეს ადამიანები:

 

“რამდენიმე ადამიანი, ვინც გადაურჩა ამ სპეცოპერაციას, დღეს იმყოფება ევროპის ტერიტორიაზე, რამდენიმე მათგანი იმყოფება სირიაში. ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია. უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა იყოს დარღვეული მანამ, სანამ გამოძიება არ არის დამთავრებული და არც რეალურად სასამართლოს მხრიდან არ არის რაიმე განაჩენი გამოტანილი.”

 

ნანუაშვილი ასევე აცხადებს, რომ ლაფანყურის მოვლენებში მონაწილე ადამიანების ოჯახების ნაწილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ:

 

“იმიტომ, რომ ძველი გამომძიებლები არიან საქმეში ჩართული. დიდი ნაწილი გამომძიებლებისა, რომლებიც დღეს იძიებენ საქმეს, წლებია მუშაობენ სამსახურში და ამიტომ არ ენდობიან. საქმის გამოძიება ვინც დაიწყო, ისევ ისინი აგრძელებენ და, ბუნებრივია, რომ ნდობის პრობლემა დგება.”

 

კიდევ ერთი დარღვევა, რაზეც ნანუაშვილი აქცენტირებს, გამოძიების არაუფლებამოსილი უწყების მიერ ჩატარებაა:

 

“პროკურატურას უნდა დაეწყო პირველივე დღიდან გამოძიება. ეს კიდევ ერთი დარღვევაა ამ საქმეში. რატომ არიდებს უმრავლესობა საპარლამენტო კომისიის შექმნას თავს, არ ვიცი. ვფიქრობ, უმრავლესობამ  უნდა განმარტოს და წარმოადგინოს არგუმენტები, ან კონკრეტულად გამოძიების შედეგი. 7 თვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში საზოგადოებისთვის ახალი არაფერია ცნობილი. რაც ვიცოდით სექტემბერში, იგივე ვიცით დღეს. თუ გამოძიებას აქვს რაიმე შედეგი, მაშინ დადონ ეს შედეგი და თუ არა და კეთილი ინებონ და მისცენ კომისიას მუშაობის საშუალება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი