ნეტგაზეთი | 7 შეკითხვა გამოძიებას ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით 7 შეკითხვა გამოძიებას ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით – Netgazeti

7 შეკითხვა გამოძიებას ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით

ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გამოძიებას უკვე 2 წელზე მეტია, რაც აწარმოებს, თუმცა პროკურატურის განმარტებით, ამ დრომდე ჯერ არც დაზარალებული და არც ბრალდებული გამოკვეთილი არ არის. სახალხო დმაცველის აპარატში შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო კი გამოძიებას კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემისაკენ მოუწოდებს.

2014 წლის 1 დეკემბერს სახალხო დამცველმა წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში, რომელშიც 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს განვითარებული მოვლენებია დოკუმენტირებული.

უჩა ნანუაშილის განმარტებით, ანგარიშში მოცემულ, ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკვეთა 7 საკითხი, რაზეც საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა პასუხი უნდა გასცენ.

 

საზოგადოებრივი საბჭოს აზრით, ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება აუცილებელია, როგორც 2012 წლის 28–29 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებისათვის, ასევე, მთელი საზოგადოებისთვის.  


“იმ დროს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები საქართველოში ჩრდილოკავკასიიდან შემოვიდნენ. ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები საპირისპირო გარემოებებს წარმოაჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ არაერთი დღის განმავლობაში საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

უცნობია, როდის და როგორ მოხვდნენ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები და როგორ დატოვეს (ან დატოვეს თუ არა) ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ჯგუფის გარდაცვლილი წევრებიდან ყველას (ბაჰაუდინ ქავთარაშვილის გარდა) დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერტორია 2012 წლის 28 აგვისტოს, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაციით, საპირისპირო დასტურდება.

 

რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია (11 პირის შესახებ) ამჟამად არსებული მონაცემებისგან (7 პირი).

 

რატომ ასაიდუმლოებდა საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეირაღებული ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას, მაშინ, როცა დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი იყო ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვინაობა.

 

საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ადასტურებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა (არც შეიარაღებული ჯგუფის წევრების და არც საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების) სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზები არ ჩატარებულა. საქართველოს სახალხო დამცველს მიეწოდა ექსჰუმაციის შედეგად ჩატარებული ყველა ექსპერტიზის ასლი, თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალები არ არის საჯარო და საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს ამ დოკუმენტების შინაარსი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გადმოცემული მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ შესაძლოა იკვეთებოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მიერ არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები, რაც გამოძიების ამ მხრივ წარმართვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.


საზოგადოებრივმა საბჭომ და სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა, როდის და რომელი უწყების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთმტკიცებათა ამოღება. 2014 წლის 16 მაისს ადგილზე გასვლის შედეგად დადგინდა, რომ ადგილზე კვლავ არაერთი სავარაუდო ნივთმტკიცება მოიპოვება.


საქართველოს შს სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებაში დღემდე არის არაერთი ხარვეზი. საქმეზე ეფექტიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით კვლავ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერების და პროპორციულობის შესასწავლად; გამოძიებული უნდა იყოს სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების გარემოებები. გამოძიება წარიმართოს (მათ შორის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს) საქართველოს პროკურატურის მიერ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების პროცესში მათი ეფექტური მონაწილეობა”, – ნათქვამია ომბუდსმენთან შექმნილი საბჭოს ანგარიშში.


პროკურორი ვლადიმერ ბოცვაძე, რომელიც ზემოხსენებული საქმის გამოძიების პროცესში შსს-ზე საპროკურორო ზედამხედველობას აწარმოებს, აცხადებს, რომ ვერ ხედავს რეალურ არგუმენტს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს უწყება, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს:


“რისი თქმა გვუსრს, რომ კონტრდაზვერვას არ ვედნობით?”, – განაცხადა მან დღეს, 1 დეკემბერს სასტუმრო თბილისი-მარიოტში გამართულ დისკუსიაზე.


მის ამ განცხადებას დარბაზში დისკუსია მოჰყვა. საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა, მათ შორის ლია მუხაშავრიამ, ასევე, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელმა ნათია კაციტაძემ მას უთხრეს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს. ასევე, კაციტაძის თქმით, როგორც მათ ანგარიშშია აღნიშნული, შსს-მ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა. პროკურორის თქმით, იგი არ არის უფლებამოსილი, რომ საგამოძიებო ორგანო შეცვალოს. მისი თქმით, გამოძიების შსს-დან პროკურატურაში გადატანის უფლებამოსილება მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს აქვთ:

 

“ნურავის ეგონება, რომ ამ საქმეზე გამომძიებლებს სძინავთ. ერთ-ერთი გამომძიებელი თითქმის შემთხვევის ადგილას ცხოვრობს. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა ვერსიები აქვს გამოძიებას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავს შევიკავებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”.

რაც შეეხება იმას, რომ გარდაცვლილების ახლობლები ამ ადრომდე არ არიან აღიარებული დაზარალებულებად, პროკურორის განმარტებით, ეს იმის ბრალია, რომ მიუხედავად 2-წლიანი გამოძიებისა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა საქმეში ბრალდებული და დაზარალებულის გამოკვეთა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ადამიანის მძევლად აყვანას ითვალისწინებს.


საზოგადოებრივი საბჭოს აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მოითხოვოს შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა: რა საფუძვლით აწარმოებს გამოძიებას საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და რატომ არ ხდება საქართველოს მთავარი პროკურატურს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33–ე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, საქმის ამოღება საქართველოს შს სამინისტროს ქვემდებარეობიდან; რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ ჭიანურდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება; რატომ არ ენიჭებათ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი და რატომ არ მიეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებისათვის უცნობია ექსჰუმაციის შედეგად სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები. საზოგადოებრივი საბჭო მიიჩნევს, რომ წინამდებარე ანგარიშში დასმულ საკითხებზე პასუხის გაცემა და საზოგადოების ინფორმირება არსებითია, იმისთვის, რათა 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემო არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გაეცეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი