კომენტარი

რას ჰყვება ლაფანყურის საქმეზე მისი ქართველი მომლაპარაკებელი

1 დეკემბერი, 2014 • • 2735
რას ჰყვება ლაფანყურის საქმეზე მისი ქართველი მომლაპარაკებელი

ალექსანდრე ამირიძის 2013 წლის 22 იანვრის ახსნა–განმარტება

 

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ალექსანდრე ამირიძე აცხადებს, რომ ის 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანტიტერორისტულ დეპარტამენტში (მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გარდა ერთწლიანი პერიოდისა: 2003 წ. გაზაფხულიდან – 2004 წლის გაზაფხულამდე მუშაობდა ყაზბეგის რაიონულ უშიშროებაში); 2011 წლიდან იყო იმავე სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი. მისი სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენდა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. ალექსანდრე ამირიძის წოდება არის „ვიცეპოლკოვნიკი“. 1995–2000 წწ.–ში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. 2012 წლის აგვისტომდე, გარკვეული პერიოდით ადრე, შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კერძოდ, მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ბაჩო ახალაია, რის შემდეგაც სამინისტროში რიგი ცვლილებები განხორციელდა: შეიცვალნენ სამმართველოების უფროსები.

 

ალექსანდრე ამირიძის თანადებობაზეც ასახელებდნენ 3 კანდიდატურას. აღნიშნულ პირთაგან ერთ–ერთმა (რომელსაც მანამდე იცნობდა) მიაკითხა და თითქოს კაბინეტიც შეათვალიერა, ისე ღიად მოქმედებდნენ. ალექსანდრე ამირიძე აცხადებს, რომ ამ მდგომარეობისთვის და გაურკვევლობისთვის თავის არიდების მიზნით, შვებულებაში გასვლა მოითხოვა. შვებულების საკითხი დეპარტამენტის უფროსთან და მოადგილესთან თანხმდებოდა. თავიდან არ მისცეს თანხმობა შვებულებაზე. შემდეგ, როცა დაჟინებით მოითხოვა, დაახლოებით 20 აგვისტოს, დათანხმდნენ. ალექსანდრე ამირიძე 2012 წლის 21 აგვისტოს გავიდა შვებულებაში, როგორც ახსოვს, ორშაბათი იყო. იგი დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურში მშობლებთან წასვლას აპირებდა, თუმცა, რადგან ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა, 21 აგვისტოს ისევ სამსახურში გამოცხადდა. როგორც ახსოვს, 22 აგვისტოდან დაწერა პატაკი შვებულებაში გასვლის შესახებ. შვებულების ხანგრძლივობა 1 კვირით განუსაზღვრეს: 2012 წლის 27 აგვისტოს, ორშაბათს სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო. 2012 წლის 21 თუ 22 აგვისტოს, სამშაბათს დილით, ალექსანდრე ამირიძე სამსახურებრივი მანქანით, სამხედრო „პიკაპით,“ ოჯახის წევრებთან ერთად დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურში გაემგზავრა. იქიდან თბილისში ერთხელ – ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ჩამოვიდა. ამ დროს მას თან ახლა მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და მამა. მამა დატოვა თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე, საჯარო რეესტრის შენობასთან, შემდეგ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე მაღაზიაში შეიძინა ღობე, რის შემდეგაც ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად მცხეთის გავლით დაბრუნდა ფასანაურში. მცხეთაში გაუარა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილეს, კახიანს, რადგან მან გარკვეული პერიოდით ადრე დაურეკა ალექსანდრე ამირიძეს და სთხოვა, თუ მცხეთისკენ მოხვდებოდა, მისთვის გაევლო. ალექსანდრე ამირიძის თქმით, ამის შემდეგ იგი წავიდა ფასანაურში, თბილისში არ წასულა და ფასანაური არ დაუტოვებია, გარდა იქვე მდებარე სოფლისა. სამეურნეო, საშინაო საქმეებით იყო დაკავებული. ამ პერიოდში ციყვმა უკბინა და პარასკევს დუშეთის საავადმყოფოში მივიდა მეუღლესთან ერთად, სადაც გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა. 2012 წლის 25 თუ 26 აგვისტოს ალექსანდრე ამირიძე შეხვდა ფასანაურში მისულ საქართველოს პატრიარქს, ოჯახის წევრებთან ერთად. კვირასაღამოს იგი უნდა წასულიყო თბილისში, რათა 27 აგვისტოს დილით გამოცხადებულიყო სამსახურში. მაგრამ რადგან 27 აგვისტოს მას ცოფის საწინააღმდეგო აცრის ფარგლებში მე-2 ნემსი უნდა გაეკეთებინა, გადაწყვიტა, თბილისში 27 აგვისტოს დილით წასულიყო. სამსახურში დარეკა და გააფრთხილა, რომ დააგვიანდებოდა, დუშეთის საავადმყოფოში გაიკეთა ნემსი და გაემგზავრა თბილისში, სადაც მოგვიანებით გამოცხადდა სამსახურში.

 

 

ალექსანდრე ამირიძის შვებულებაში ყოფნის პერიოდში მის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებდა. სამსახურში გამოცხადებისთანავე ალექსანდრე ამირიძე გაეცნო ვითარებას. ის ფაქტი, რომ სოფელ ლაფანყურში ადამიანები დაიკარგნენ, თბილისში ჩასვლამდე, ფასანაურში გაიგო ტელევიზიის საშუალებით, მაგრამ ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 27 აგვისტოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორმა დაიბარა, რადგან ამოწმებდნენ, რომელიმე დანაყოფს რაიმე ინფორმაცია ხომ არ ჰქონდა ლაფანყურში მომხდარის შესახებ. ალექსანდრე ამირიძის თქმით, პირველ სამმართველოში, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. იმ დღემ ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. ალექსანდრე ამირიძეს, ისევე როგორც მის თანამშრომლებს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევდა პანკისის ხეობაში პერიოდულად მივლინება. უფრო მეტად მას, რადგან პანკისის ხეობაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ამიტომ უფრო მეტად იყო იქ. ჯერ კიდევ შვებულებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, პანკისის ხეობაში უნდა წასულიყო მივლინებით რაღაც საქმეზე რამდენიმე დღით, მაგრამ რადგან შვებულებაში გავიდა, მივლინება გადაიდო და ხელმძღვანელთან ერთად გადაწყდა, რომ შვებულების შემდეგ წავიდოდა პანკისის ხეობაში. 2012 წლის 28 აგვისტოს დილით ალექსანდრე ამირიძე, გეგმის თანახმად, სამსახურებრივი „პიკაპით“ მიდიოდა პანკისის ხეობისკენ. დილის 12 საათზე, როდესაც დაახლოებით ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რადიო „მაესტროზე“ მოისმინა ინფორმაცია სოფელ ლაფანყურში დაკარგულებთან დაკავშირებით, კერძოდ, ადგილობრივებს შეუნიშნავთ 3 წვერიანი პირი, რომელთაც, სავარაუდოდ, დაკარგულების შემთხვევა უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ალექსანდრე ამირიძე ნორიოს ხიდთან შეხვდა მეგობრის შვილს, რომელმაც ახმეტაში მყოფი საერთო მეგობრისთვის გადასაცემად გადასცა ლეკვები. სანამ ნორიომდე მივიდოდა (მას ამ დროს უკვე მოსმენილი ჰქონდა რადიოში სიახლე), ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორმა ზურა მაისურაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სწრაფად ევლო და მისულიყო კახეთის სამხარეო სამმართველოში, რადგან იქ იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, რომელსაც ა.ამირიძე წლების განმავლობაში იცნობდა. ამის შემდეგ დეპარტამენტის უფროსმა რამდენჯერმე დაუკერა და ეკითხებოდა, მივიდა თუ არა. ალექსანდრე ამირიძის განცხადებით, როცა კახეთის სამხარეო სამმართველოში მივიდა, მორიგემ ვიღაცას დაურეკა და შემდეგ აცნობა, რომ ყველანი ლაფანყურში იყვნენ წასულები, ამირიძესაც დაუბარეს, ისიც იქ ჩასულიყო. ალექსანდრე ამირიძე გაემართა სოფელ ლაფანყურისკენ.

 

ლოპოტის ხეობის გადასახვევთან, სოფელში, 2 თუ 3 ოპერატორი და ჟურნალისტები შეამჩნია. სოფელში ამ დროს პოლიციელები იდგნენ. ა.ამირიძე მათთან გაჩერდა და იქვე შეხვდა 59 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – გია ლორთქიფანიძეს. იქ მყოფი პირები (სამინისტროს თანამშრომლები: პოლიციელები და მესაზღვრეები) ამბობდნენ, რომ შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი. შეიარაღებული 2 ადამიანი ქართულად საუბრობდა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, სწორედ იქ გაიგო, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრების რაოდენობა 17-ს შეადგენდა. გია ლორთქიფანიძემ ალექსანდრე ამირიძე გვერდით გაიყვანა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჰკითხა, ფლობდა თუ არა იგი ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ გამტაცებლები. ალექსანდრე ამირიძის განმარტებით, ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა, რაც მოახსენა კიდეც მინისტრის მოადგილეს, თან ძალიან შეწუხდა, რადგან ეს მისი მოვალეობა იყო. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ამირიძე ჯგუფის შესახებ ინფორმაციის წინასწარ არქონის მიზეზს ვერ ასახელებს. განმარტავს, რომ ის იყო იმ სამმართველოს უფროსი, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა აღნიშნული საკითხები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამასთანავე, გარდა მისი სამმართველოსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა არაერთი სტრუქტურული დანაყოფი: ანტიტერორისტული ცენტრი (დანარჩენი სამმართველოები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიცია და სხვა სპეციალური სამსახურები. მხოლოდ ის არ წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ალექსანდრე ამირიძის განმარტებით, ჯგუფის შესახებ ინფორმაციის არქონის ერთ-ერთი მიზეზი ბოევიკების, ტერორისტების დახვეწილი და ჩამოყალიბებული მუშაობაც არის. მათ ისე შეძლეს საქმის გაკეთება, რომ ინფორმაცია არ გავიდა და ეს მათი მიღწევაა. ამასთანავე, ალექანდრე ამირიძე უარყოფს ფაქტს, რომ ჩეჩნების ტყეში სიარული არ იყო იშვიათი შემთხვევა და ამიტომაც არ აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ალექსანდრე ამირიძის განცხადებით, გია ლორთქიფანიძემ მას უთხრა, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს წაყვანილი ჰყავდათ მოქალაქეები; შემდეგ მძევლები გაათავისუფლეს სანაცვლოდ მესაზღვრე თუ მესაზღვრეები ჰყავდათ მძევლად აყვანილი; გათავისუფლებული მძევლებისგან იცოდნენ ჯგუფის წევრთა აღწერილობა, რაოდენობა და ჩაცმულობა.

 

გია ლორთქიფანიძემ მას შესთავაზა ყოფილი მძევლების სანახავად წასვლა და ამის შემდეგ გზა მანქანებით განაგრძეს. მდინარე ლოპოტის ხეობაში, სასაზღვრო პუნქტთან, შენობის ეზოში იდგა 5 გათავისუფლებული მძევალი. გარდა ალექსანდრე ამირიძისა და გია ლორთქიფანიძისა, იქ იმყოფებოდა კახეთის სამხარეო სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა. გათავისუფლებული მძევლები დაბნეულები ჩანდნენ და შეკითხვებზე პასუხობდნენ. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ გამტაცებლები შეიარაღებულები იყვნენ, ეცვათ სამხედრო ფორმა. მინისტრის მოადგილესთან ერთად სამინისტროს თანამშრომლები შენობის კიბეებთან იდგნენ და ბჭობდნენ, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ შეიარაღებული პირები, სადაურები და ა.შ. მათთან მივიდა ალექსანდრე ამირიძეც. მისი თქმით, განიხილებოდა 2 ვერსია: 1. შესაძლებელია, ჯგუფის წევრები იყვნენ ე.წ. მუჯაჰედები, ჩეჩნები, ქისტები და 2. რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოკაციის მიზნით შემოგზავნილი მათი დივერსიული ჯუფი ან სპეცრაზმი. ორივე ვერსია თანაბრად განიხილებოდა. ალექსანდრე ამირიძე ზემოაღნიშნულ პირებს დაშორდა და გათავისუფლებულ მძევლებთან მივიდა იმ მიზნით, რომ მათთვის დამატებითი კითხვები დაესვა შეიარაღებული ჯგუფის წევრების ვინაობის დასადგენად. მისი 60 თქმით, წლების განმავლობაში ჩეჩნებთან და ქისტებთან ურთიერთობდა და კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, იმედოვნებდა, მათი ვინაობის დადგენას. გათავისუფლებული მძევლების თქმით, ჯგუფის წევრები შეიარაღებულები იყვნენ, ჰქონდათ წვერები (ზოგს გრძელი, ზოგს მოკლე), ზოგს ეცვა სამხედრო ფორმა, ჰქონდათ დიდი ოდენობის ბარგი, რის გამო სიარული უჭირდათ; 2 მათგანი საუბრობდა ქართულ ენაზე, ასევე, წევრთაგან 2-ს ეკეთა ნიღაბი. ა. ამირიძეს მათთან საუბრის შემდეგ ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ჯგუფი რუსეთის ფედერაციის სპეცრაზმი არ იქნებოდა, რადგან ერთჯერადი დავალების შესრულების მიზნით გადმოსულ ჯგუფს, განსხვავებით მებრძოლთა ჯგუფისგან, არ ექნებოდა დიდი ოდენობის ბარგი; ასევე, 2 მათგანი საუბრობდა ქართულ ენაზე, რის გამოც ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ისინი იყვნენ მებრძოლები. ალექსანდრე ამირიძე მივიდა ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც ჯგუფის წარმოშობის შესაძლო ვერსიებს განიხილავდნენ, ასევე ვარაუდობდნენ, რომ თუ ჯგუფი მიასწრებდა საქართველო-რუსეთის საზღვართან მისვლას, რუსები გადმოვიდოდნენ შეტევაზე, დაბომბავდნენ ხეობას, თბილისამდე ჩავიდოდნენ და მისთ. ალექსანდრე ამირიძემ ხელმძღვანელებს გაუზიარა საკუთარი მოსაზრება: მართალია, მისთვის უცნობი იყო საიდან და როგორ შევიდა ეს ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე, ლოპოტას ხეობაში, თუმცა 2000 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პანკისის ხეობაში თვეების განმავლობაშიც უცხოვრია და იქ ყველას იცნობდა, დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია ადგილობრივებთან, ამიტომაც გამოთქვა სურვილი, რომ წავიდოდა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან შესახვედრად, რადგან მისი ვარაუდით, ისინი იყვნენ მებრძოლები, სავარაუდოდ ჩეჩნები, მითუმეტეს, 2 პირი ქართულად საუბრობდა, რაც იძლეოდა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ქისტები იყვნენ. ქისტებს კი იგი ყველას იცნობდა და შეუძლებელია, მათაც არ ცოდნოდათ სანდრო ამირიძე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – გია ლორთქიფანიძემ ალექსანდრე ამირიძეს არ დართო წასვლის ნება, რადგან შესაძლებელი იყო, მისთვის ესროლათ ან მოეკლათ. აღნიშნული საუბარი მიმდინარეობდა სასაზღვრო პოლიციის სამორიგეო ოთახში. მძევლობიდან გათავისუფლებული 5 ადამიანი ამბობდა, რომ ჯგუფის წევრები კარგად ექცეოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ რუსეთში სურდათ გადასვლა, დაღესტნის მხარეს და საომრად მიდოდნენ, საქართველოში კი არაფერი სურდათ. მძევლების აყვანის მიზეზად გზაზე მათთან შეხვედრას ასახელებდნენ. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას, მძევლები სასაზღვრო სექტორის უფროსმა – რამაზმა ჩაანაცვლა. ალექსანდრე ამირიძემ არ იცის, როგორ ჩაანაცვლეს ისინი, მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ სამაშველო სამსახური, სასაზღვრო პოლიცია, ყველა იყო ჩასული ხეობაში და ეძებდა დაკარგულ 5 ადამიანს. მესაზღვრეები შეხვდნენ ჯგუფის წევრებს და შესთავაზეს მძევლების გათავისუფლება. ალექსანდრე ამირიძისთვის უცნობია მესაზღვრეები ფეხით გადაადგილდებოდნენ თუ მანქანით. სამანქანო გზა იმ სასაზღვრო პოლიციის პუნტიდან, სადაც ამირიძე და დანარჩენი პირები იმყოფებოდნენ, მიემართება ზევით, მდინარე ლოპოტას ხეობაში, საიდანაც დაახლოებით ნახევარი საათია (რამდენი კმ-ია არ იცის) საჭირო მარმარილოს კარიერებამდე მისასვლელად. მარმარილოს საბადოების შემდეგ იწყება შარაგზა, რომელიც ხეობას მიუყვება, სხვა გზა არ არსებობს და ტრანსპორტით იქ გაუვლელად შეუძლებელი იყო ხეობაში ასვლა იმ ადგილას, სადაც ჯგუფი იმყოფებოდა. ა. ამირიძის აზრით, თუ ჯგუფი რაღაც მიზნისთვის მიდიოდა, მას შეეძლო ტყეში ასვლა და ვერავინ იპოვიდა. ხოლო 61 თუ გეგმის ჩაშლა უნდოდა, მაშინ შარაზე გაივლიდა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო, ყველა ნერვიულობდა, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები რომ არ დაზარლებულიყო. აუცილებელი იყო ზომების მიღება და ღონისძიებების გატარება. მან მეორეჯერაც შესთავაზა გია ლორთქიფანიძეს, რომ წავიდოდა ჯგუფის წევრებთან შესახვედრად. უხსნა, რომ არ აპირებდა ჯგუფში პირდაპირ შესვლას ან შევარდნას და იარაღის დაყრის მოწოდებას, შორიდან შეხედავდა, დააკვირდებოდა და სიტუაციის არსში გაერკვეოდა. რადგან სხვა გამოსავალი არსებულ ვითარებაში არ ჩანდა, ხელმძღვანელობა დათანხმდა. ამასთანავე, გააფრთხილეს, რომ სატელეფონო კავშირი იქ არ მყარდებოდა და მესაზღვრეებმა მისცეს რაცია და უთხრეს ციფრების კომბინაცია, როგორ დაემყარებინა კავშირი მათთან. ერთ-ერთმა მესაზღვრემ უთხრა, რომ ვინმეს გააყოლებდა. მაგრამ ა. ამირიძეს მარტო სურდა წასვლა. ერთ-ერთი, ვინც მასთან ერთად წასვლის სურვილი გამოთქვა, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე იყო, თუმცა მისი წასვლა მეტ რისკთან იყო დაკავშირებული. ალექსანდრე ამირიძემ გათავისუფლებულ მძეველებს თუ მესაზღვრეებს დამატებით გამოჰკითხა, რა ადგილას და როდის ჩანაცვლდნენ მძევლები, რომ განესაზღვრა სად და დროის რა მონაკვეთში შეეძლო მისვლა. ერთ–ერთი მოსაზრებით, შესაძლებელი იყო ვერტმფრენის გამოგზავნა და მთაზე დახვედრა ჯგუფთან იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებული ჯგუფი აასწრებდა საზღვართან ასვლას. თუმცა იმის გამო, რომ ვერტმფრენის გამოძახება გაჭიანურდა (2 საათი აგვიანდებოდა), ალექსანდრე ამირიძემ თქვა, რომ ირბენდა. მან იცოდა, რომ ჯგუფის წევრებს მძიმე ბარგი ჰქონდათ და შეეცადა განესაზღვრა მათ მიერ განვლილი მანძილი. ამასთანავე, ფიქრობდა, რომ ალპურ ზონაში, ღია ადგილას, დღისით ჯგუფი არ გავიდოდა. ამიტომაც ფიქრობდა, რომ მათ აასწრებდა საზღვრამდე მისვლას. მესაზღვრებმა თქვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებული იყო სასაზღვრო დაცვა: მანამდე ფეხის პატრული გაივლიდა იშვიათად, არც პოსტი ჰქონიათ და არც ვერტმფრენით უკონტროლებიათ სივრცე, ბოლო 3 დღის განმავლობაში კი, რუსებმა საზღვარზე კარვები დააყენეს და ვერტმფრენით აკონტროლებდნენ სივრცეს. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო პირველი პოსტი არის მთაზე, მწვერვალზე. ამავე მთაზე არის ქართული პოსტიც. ბოლო ქართული სასაზღვრო პოსტი მდებარეობდა ზევით იმ ადგილიდან, სადაც ჯგუფი იმ მომენტისთვის იმყოფებოდა. საქართველოს სასაზღვრო პოსტი, ა. ამირიძის ინფორმაციით, წარმოადგენს კარავს და არ იცის, იქ ყოველთვის არიან თუ არა ქართველი მესაზღვრეები. ბუნებრივია, აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა ხელმძღვანელობა, მაგრამ მან პირადად არ იცოდა, იყვნენ თუ არა იმ მომენტისთვის ქართველი მესაზღვრეები პოსტზე. ალექსანდრე ამირიძის თქმით, რაცია მას ყველასთან აკავშირებდა, სხვების საუბარიც ესმოდა. მას უთხრეს, რომ მძევლები ჩაანაცვლეს მარმარილოს კარიერებამდე, ასევე აცნობეს, ეს როდის მოხდა. მარმარილოს საბადოებთან სამანქანო გზა მთავრდება და პოლიცია სწორედ იმ ადგილას იდგა. მისი ინფორმაციით, სწორედ იმ ადგილიდან ზევით ჩაანაცვლეს მძევლები. ჯგუფი იმ ადგილს უკვე გასცდა. ალექსანდრე ამირიძე წავიდა თავისი „პიკაპით“, ნახევარი საათი ან 40 წუთი იარა მანქანით, რომ მარმარილოს კარიერებამდე ასულიყო. იქ იყვნენ მესაზღვრეები, რომლებსაც გადასცეს რაციით, რომ გაეტარებინათ იგი. ალექსანდრე ამირიძეს 62 მანქანაში ჰქონდა სათევზაო ატრიბუტიკა, გამოიცვალა შარვალი, ჩაიცვა რეზინის ჩექმები და მაისური. მანქანა გააჩერა, წაიღო პისტოლეტი და რაცია და წავიდა ფეხით. იმ მთებში ადრე სანადიროდ იყო ნამყოფი, თუმცა პოსტის მდებარეობა ზუსტად არ იცოდა, ამიტომაც მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ ხეობის ბოლომდე ერთი გზა მიდიოდა და შეუძლებელია, რომ გზა არეოდა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მან დაახლოებით 15 წუთი ირბინა, დაახლოებით 2 კმ. ექნებოდა გავლილი, როცა ხევში ჩამავალ დაღმართთან მივიდა. გზის გაგრძელება ხევში ჩასვლით არის შესაძლებელი. ჯგუფის წევრები მისი ვარაუდით, უფრო შორს უნდა ყოფილიყვნენ წასულები.

 

ალექსანდრე ამირიძე მირბოდა, წინ კლდე იყო აღმართული და კლდის იქით არ ჩანდა, რა ხდებოდა. სწორედ იქ პირისპირ შეეჩეხა ჯგუფის ერთ–ერთ წევრს, რომელიც კლდის იქით იყო გამოსული. ის წყალში (მდინარეში) პირს იბანდა. ფეხის ხმაზე წამოდგა და როგორც კი ერთმანეთი დაინახეს, ორივემ იარაღისკენ წაიღო ხელი. სწორედ ამ დროს იცნეს ერთმანეთი. ალექსანდრე ამირიძე ამ პირის სახელს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის ქართველი არ ყოფილა, , იყო ჩრდილოკავკასიელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ლტოლვილის სტატუსით. მიხვდა, რომ ის ჯგუფის წევრი იყო, ჩაცმულობითაც მებრძოლს ჰგავდა, წვერიც ჰქონდა, დიდი არა, თუმცა წვერს ყოველთვის ატარებდა. ამირიძე დაიბნა კიდეც, რადგან ამ ადამიანის პიროვნებიდან გამომდინარე, გაუკვირდა მისი იქ ყოფნა და ჰკითხა, იქ რას აკეთებდა, ისიც აფორიაქდა და კითხვა შეუბრუნა: თვითონ რას აკეთებდა, შემდეგ თავი ჩაღუნა და მხოლოდ ის უპასუხა, რომ ასე მოხდა. ალექსანდრე ამირიძე დაინტერესდა, სად იყვნენ დანარჩენები. ალექსანდრე ამირიძე და ზემოაღნიშნული პირი ერთად წავიდნენ. როგორც კი კლდეს გასცდნენ, ღია ადგილი იყო, ხევი ჩადიოდა და გაშლილი მთები ირგვლივ, ხეობის აქეთ-იქით. სწორედ ამ გაშლილ ადგილზე, კლდის უკან იმყოფებოდა შეიარაღებული ჯგუფი. გაშლილი ჰქონდათ სუფრები (სუფრები პირობითად): ზოგი ჩაის ამზადებდა, ზოგი სუფს ხარშავდა, ზოგი საუბრით იყო გართული და ასე ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ. ამირიძე გაოცდა მათი ასე ღიად გამოჩენით. მოგვიანებით დაინახა, რომ მესაზღვრეც იქ ჰყავდათ, იგი კლდის ქვეშ იჯდა. ალექსანდრე ამირიძე ყველა მათგანთან სათითაოდ მივიდა, მიუხედვად იმისა, იცნობდა თუ არა, მიესალმა, თან აკვირდებოდა, ცდილობდა მათი აგრესია არ გამოეწვია. მათგან რამდენიმეს არ იცნობდა, რამდენიმეს იცნობდა. ა. ამირიძის თქმით, მისი ნაცნობი შეიძლება 7 ადამიანი იყო, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ჩვენებებში, ჯგუფის წევრთა სახელების და გვარების მითითებით. ალექსანდრე ამირიძე ამბობს, რომ თვითონ არის ერთადერთი მოწმე, რომელმაც ნახა ჯგუფის ყველა წევრი, გარდა ერთისა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა; მათთან ერთად იყო მისვლის მომენტიდან 5,5 ან 6 საათის განმავლობაში. როცა მათთან მივიდა, დაახლოებით დღის 3 საათი იქნებოდა, ხოლო 28 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე ავიდნენ ზურაბ მაისურაძე და მომლაპარაკებლები: ჩატაევი და ხანგოშვილი. ჯგუფში სულ 17 პირი იყო. ა. ამირიძეს ყველა თავიდანვე არ უცვნია, ერთ-ერთ დაღუპულს – ბაჰაუდინ ქავთარაშვილს იცნობდა, მის სახლშიც იყო რამდენჯერმე ნამყოფი, როცა მამამისი პასუხისგებაში მისცეს და ჩხრეკაზეც იმყოფებოდა. ბაჰაუდინ ქავთარაშვილი იმხელა წვერით არ ჰყავდა ნანახი. მიხვდა, რომ ქისტი იყო, იცოდა, რომ პანკისელი იყო, მაგრამ იმ მომენტში სახელი და გვარი ვერ აღიდგინა მიუხედავად იმისა, რომ მას ახლოს იცნობდა წლების 63 განმავლობაში. ასლან მარგოშვილს იცნობდა, როგორც კარგ, განათლებულ ახალგაზრდას, ქისტ ბიჭს, სტუდენტს, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. მისი ჯგუფში მოხვედრა ამირიძისთვის წარმოუდგენელია. ალექსანდრე ამირიძე იხსენებს ჯგუფის ერთ–ერთ წევრთან შეხვედრის ეპიზოდს: მან დაინახა, რომ ხევში გამოდიოდა ერთი პირი, ჩეჩენი ეროვნების, სამხედრო ფორმით, უიარაღო, შარვალი აწეული ჰქონდა, წყალში რომ არ დასველებოდა და ხელში „ბოტასები“ ეჭირა. ამირიძე მას იცნობდა. ამირიძის დანახვაზე მას გაოცებისგან ხელიდან გაუვარდა ფეხსაცმელი, წყალში ჩაუვარდა, მერე დაედევნა ფეხსაცმელებს და დაიჭირა, გამოვიდა ნაპირზე, უყურებდა. ალექსანდრე ამირიძე წავიდა მისკენ, მიესალმა. ჯგუფის წევრი მიტრიალდა, ხელი ჩაიქნია, ამირიძის ვარაუდით, რაღაც თქვა კიდეც, თითქოს, მისი მისვლით რაღაც გეგმა ჩაიშალა, გაფუჭდა საქმე. ალექსანდრე ამირიძის თქმით, როცა ის მათთან მივიდა, ჩანთები ყველას დაწყობილი ჰქონდა ძირს, იარაღი ზოგს ეკიდა, მაგრამ უმრავლესობას ზურჯჩანთებზე ჰქონდათ მიყუდებული, ზოგს ავტომატი ჰქონდა, ზოგს პისტოლეტი. ზოგი „სნიკერსს“ ჭამდა, ზოგი ჩაის სვამდა. მათი პირველი რეაქცია ამირიძის დანახვაზე, იყო გაოცება, მიუხედავად იმისა, იცნობდნენ თუ არა მას. ვინც იცნობდა, იცოდა, რომ იგი ანტიტერორისტული ცენტრის თანმშრომელი იყო და ეკიხებოდნენ საიდან და როგორ მივიდა, რა მოხდა და საიდან გაიგო მათი იქ ყოფნის შესახებ. ალექსანდრე ამირიძე ამბობს, რომ მან ვერ მოთოკა ემოცია და თითქმის ყვირილით უპასუხა ჯგუფის ნაცნობ წევრებს, რომ მთელი ქვეყანა მათზე ლაპარაკობდა. ა. ამირიძე მათთან რუსულად საუბრობდა. მისი თქმით, რუსულ ენას კარგად არ ფლობს, თუმცა მათ ყველაფერს აგებინებდა და მასაც ყველაფერი ესმოდა. ვინც ალექსანდრე ამირიძეს არ იცნობდა, დანარჩენებს ეკითხებოდა მის ვინაობას და მისვლის მიზეზს. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მას ცოტაოდენი ჩეჩნურიც ესმის და გაიგო, მათ როგორ აუსხნეს, რომ ამირიძე ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი იყო, ახსნაც არ დასჭირდათ, რადგან როგორც კი უთხრეს სახელი „სანდრო,“ მიხვდნენ და გაოცებულები უყურებდნენ. ალექსანდრე ამირიძემ განაგრძო მათთან საუბარი, კერძოდ, რას აკეთებდნენ ისინი, მძევლები ჰყავდათ აყვანილი, შეიარაღებული ჯგუფი გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და მისთვის, როგორც სამართალდამცავისთვის, ეს საკმარისი იყო მათი ქცევის დასაგმობად, არც ფიქრობდა იმაზე, რომ ისინი გზას გააგრძელებდნენ და რამეს მოითხოვდნენ. ალექსანდრე ამირიძე უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ თითქოს, მათ სთავაზობდნენ იარაღის დაყრას და გაშვებას. ყოველ შემთხვევაში, თვითონ არ უთქვამს, მის მერე ვინც მივიდა, არ იცის, ისინი რას ეუბნებოდნენ. ამირიძის უპირობო მოთხოვნა იყო იარაღის დაყრა და ჩაბარება, რაც განუცხადა მათ. ალექსანდრე ამირიძის თქმით, ჯგუფის წევრებმა მას კითხვები დაუსვეს, აინტერესებდათ საიდან მივიდა და როგორ გაიგო მათი იქ ყოფნის შესახებ. ალექსანდრე ამირიძემ მათ აუხსნა რეალური ვითარება, რომ ინფორმაცია გავრცელდა და მათ შესახებ ყველამ იცოდა, სოფელ ლაფანყურში 2 თუ 3 ოპერატორი და ჟურნალისტები იყვნენ. ამირიძის თქმით, მან უთხრა, რომ საქმე ჩაუფლავდათ და ყველაფერი დასრულდა. მისი იქ ყოფნა სწორედ ამას ნიშნავდა, რომ ისინი საზღვარს ვერ გადაკვეთდნენ. რადგან ინფორმაცია გავიდა, 64 და ყველა მათზე საუბრობდა. ასევე განუცხადა, რომ ჯგუფმა მძევლები აიყვანა და უნდა ეფიქრათ, რომ იმ 5 ადამიანს მოიკითხავდნენ. ერთ-ერთმა უთხრა (მას არ იცნობდა), ჯგუფის წევრები ისე კარგად იყვნენ მომზადებულები, ისე კარგად იმალებოდნენ, რომ პოლიციამ, მესაზღვრეებმა, ადგილობრივებმა, რომლებიც ერთობლივი ძალებით ეძებდნენ დაკარგულებს, 10 მეტრში გაუარეს და ვერ იპოვეს. ალექსანდრე ამირიძის აზრით, ჯგუფი არ იყო ისე კარგად მომზადებული, როგორც მათ სურდათ თავის წარმოჩენა. ჯგუფის წევრები ამირიძის ნათქვამს არ იჯერებდნენ, ამბობდნენ, რომ მძევლებს კარგად ექცეოდნენ, ფულიც აჩუქეს, სთხოვეს, რომ მათ შესახებ ეთქვათ, თითქოს, 3 მწყემსს გადაეყარნენ. ალექსანდრე ამირიძემ უთხრა, რომ იქ მისვლამდე მან უკვე იცოდა, ჯგუფის წევრთა რაოდენობა. გათავისუფლებული მძევლები ჰყავდათ პოლიციაში დაკითხული და ინფორმაცია გავრცელდა. ალექსანდრე ამირიძემ მის ნათქვამში დასარწმუნებლად მოუწოდა მათ, ჩაერთოთ რადიო და მოესმინათ საინფორმაციო გამოშვება. ჯგუფის წევრებმა მას დამშვიდებისკენ მოუწოდეს, უთხრეს, რომ ისინი არაფერს აშავებდნენ და მხოლოდ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სურდათ. ამირიძემ უთხრა, რომ ისინი შეიარაღებულები გადაადგილდებოდნენ, მძევლები აიყვანეს, მერე მძევლებსაც ცვლიდნენ, და ეს დანაშაული იყო. კარგად მოპყრობა მძევლებისადმი, არაფერს ცვლიდა, მძევლების აყვანა დანაშაულს წარმოადგენდა. მიუხედავად ალექსანდრე ამირიძის განცხადებისა, რომ ვერ წავიდოდნენ, ისინი საკუთარ აზრზე რჩებოდნენ და წასვლის გადაწყვეტილებას არ ცვლიდნენ. ალექსანდრე ამირიძის თქმით, იმ მონენტში ჯგუფი საქართველოს ტერიტორიიდან ცდილობდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასვლას. ალექსანდრე ამირიძის თქმით, ის ოპერატიული თანამშრომელი იყო და ყველაფერს გულდასმით აკვირდებოდა. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა. მან შენიშნა, რომ 2 ადამიანი დანარჩენებს რუსულად ესაუბრებოდა, დანარჩენები ერთმანეთთან საუბრობდნენ ჩეჩნურად. მისი ვარაუდით, ჩეჩნები და ქისტები ერთმანეთთან ჩეჩნურად ლაპარაკობდნენ. ისინი, კი ვისაც რუსულ ენაზე ესაუბრებოდნენ, დაღესტნელი ლეკები იყვნენ. სწორედ მათგან ერთ–ერთი განსაკუთრებით აქტიურობდა და ამბობდა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყვნენ. ალექსანდრე ამირიძე აცხადებს, რომ ჯგუფთან ურთიერთობისას იყო დაძაბული და შედარებით მშვიდი მომენტები: თავიდან, როცა მათ თითქმის ყვირილით მიმართავდა, მათაც ანალოგიურად უპასუხეს, წამოვიდა მის მიმართ აგრესია.

 

რამდენჯერმე თითქმის ხელით შეეხნენ ერთმანეთს. სიტუაციის მიხედვით მოქმედებდა: ხან მშვიდ ტონში საუბრობდა, ხან ხმამაღლა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მისი მიზანი იყო ერთადერთი: ჯგუფის წევრებს იარაღი უნდა დაეყარათ და ჩაბარებოდნენ. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მას რაცია იმ მიზნით ჰქონდა წაღებული, რომ მოპოვებული ინფორმაცია და ნანახი ფაქტები შეეტყობინებინა ხელმძღვანელობისთვის. როცა პირველმა აგრესიამ, პირველმა კამათმა ჩაიარა, იგი მივიდა რაციასთან (ყველაფერს ღიად აკეთებდა, მალულად არ მოქმედებდა, რომ რამე არასწორად არ გაეგოთ). აღსანიშნავია, რომ მისთვის რაცია არ ჩამოურთმევიათ. ჯგუფის წევრები სთხოვდნენ, რომ გადაეცა, თითქოს, იქ მხოლოდ 3 გზააბნეული მწყემსი იყო, ასევე, ვერტმფრენებიც, რომლებიც იმ დროისთვის აკონტროლებდნენ 65 საჰაერო სივრცეს, გაეჩერებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები მიხვდებოდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და საზღვარს ვეღარ გადაკვეთდნენ. ა. ამირიძემ მათ მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც ქართველი მესაზღვრეებისგან ჰქონდა, კერძოდ, რომ უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში რუსები აკონტროლებდნენ საზღვარს, დაფრინავდა მათი ვერტმფრენიც. ასევე, ინტერნეტით წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 45 000 ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა, თითქოს, რაღაც მიზნებისთვის რუსეთის ფედერაციის რუსეთ–საქართველოს საზრღვრისპირა რაიონში იქნა შეყვანილი. ჯგუფის რამდენიმე წევრი დაფიქრდა, თუმცა ერთ-ერთმა უთხრა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მათ რამდენიმე გეგმა ჰქონდათ; რამდენიმე წლის განმავლობაში მათი გამოცდილებით მოქმედებდნენ და პრობლემები არ შექმნიათ. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მისვლიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, პირველი კონფლიქტისა თუ კამათის შემდეგ, მოითხოვა ემირთან (ჯგუფის ხელმძღვანელთან) შეხვედრა. აღნიშნული შეკითხვა დაუსვა ნაცნობს (იმ პირს, ვისაც პირველად შეხვდა), რომელმაც უპასუხა, რომ ის იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, მაგრამ დანარჩენები მას არაფერს ეკითხებოდნენ და არ ემორჩილებოდნენ. ემირი არც ქართული წარმოშობის და არც საქართველოს მოქალაქე არ იყო, იგი საქართველოში სარგებლობდა ლტოლვილის სტატუსით. აქვე, ალექსანდრე ამირიძე განმარტავს, აბუჰამზი არ იყო ჯგუფის ხელმძღვანელი. აბუჰამზი ამირიძემ პირველად იქ ნახა, მანამდე ნანახიც არ ჰყავდა. ზოგი ჰყავდა ნანახი მანამდეც, ზოგს 2000 წლიდან იცნობდა, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროიდან. მიუხედავად ჯგუფის ხელმძღვანელის ზემოაღნიშნული განცხადებისა, ალექსანდრე ამირიძე ესაუბრა ემირს, აუხსნა შექმნილი სიტუაცია. მათ საუბარს დანარჩენებიც ესწრებოდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელმა განუცხადა ა. ამირიძეს, რომ მას დანარჩენები არ უჯერებდნენ. ემირთან საუბრისას ამირიძემ სთხოვა, მძევალი გაეთავისუფლებინათ. ამირიძეს არ მიუქცევია ყურადღება, ხელმძღვანელმა ვინმესთან შეათანხმა თუ არა მესაზღვრის გათავისუფლება. ჯგუფის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ, დაახლოებით, ნახევარი საათი იქნებოდა გასული, ემირი მივიდა მასთან და უთხრა, რომ მძევალს (მესაზღვრეს) გაათავისუფლდებდნენ. მესაზღვრე გათავისუფლების შემდეგ, აპირებდა დარჩენას, მაგრამ ამირიძემ უთხრა, წასულიყო, რადგან მოცემულ სიტუაციაში სურდა მარტო ყოფილიყო იმის გამოც, რომ უკვე ფიქრობდა გაპარვაზე, არ იცოდა სიტუაცია როგორ განვითარებოდა. ამიტომაც მესაზღვრეს უთხრა წასულიყო. ჯგუფის ხელმძღვანელისგან ასეთი პასუხის მიღების შემდეგ, მივიდა იმ პირთან, ვინც წყალში (მდინარეში) მდგარი დაინახა. ის ასაკით ყველაზე უფროსი იყო, ეს ვიზუალურადაც ეტყობოდა და ამირიძე მას იცნობდა კიდეც. დანარჩენები უფრო ახალგაზრდები იყვნენ: დაახლოებით 20-25 წლის, ის იყო 40-45 წლის. ამირიძის თქმით, მას, როგორც ასაკით უფროსს, შესთავაზა დახმარებოდა გართულების თავიდან ასაცილებლად, დაერწმუნებინა დანარჩენები. მან კი უთხრა, რომ ჯგუფის წევრებს არც უფროსის, არც ხელმძღვანელის მოსაზრება არ აინტერესებდათ. მას არავინ უსმენდა და უარი უთხრა დახმარებაზე.

 

ალექსანდრე ამირიძის აზრით, აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ ჯგუფი შერეული იყო, არ იყო ორგანიზებული და მომზადებული. ალექსანდრე ამირიძე დარწმუნებით აცხადებს, რომ ჯგუფის წევრთა რაოდენობა 17–ს შეადგენდა. მან დაითვალა ისინი, როცა სიტუაციის ახსნის შემდეგ, მოუწოდა იარაღის დაყრისკენ და ისიც უთხრა, რომ რუსები საზღვარს აკოტროლებდნენ, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თანხაც კი შესთავაზა მას სხვა გზით გადაყვანისთვის. ფაქტობრივად, გამცილებლობა და მეგზურობა შესთავაზა. ამირიძის მოწოდების შემდეგ, ჯგუფის წევრები ერთად შეიკრიბნენ და დასხდნენ მოსათათბირებლად – გააკეთეს ე.წ. „შურა“ ანუ თათბირი. ამ დროს ამირიძე მარტო დარჩა და დათვალა ისინი. ამირიძისთვის ცნობილია, რომ თათბირზე დასწრება სავალდებულოა. თათბირს არავინ ხელმძღვანელობდა. ყველა დასხდა მრგვალ მაგიდასთან და ერთად საუბრობდნენ. სწორედ ამ დროს გადასცეს მას რაციით, რომ ეცადა, ჯგუფი არ დაძრულიყო, ამირიძეს შეეჩერებინა და მომლაპარაკებლებს ამოიყვანდნენ. როცა ეს გადასცეს, ამირიძე მივიდა მათთან და ერთ-ერთმა წევრმა დაინახა, უყვირა, რომ მოშორებოდა მათი თათბირის ადგილს. ამირიძემ უთხრა, რომ მათი საუბარი არ აინტერესებდა და მიანიშნა რაციაზე და გადასცა ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს: მომლაპარაკებლებს ამოიყვანდნენ და უნდა დალოდებოდნენ მათ. ფაქტია, რომ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მის საუბარს ვერ გაიგებდნენ, რაციით ქართულ ენაზე თავისუფლად საუბრის საშუალებას აძლევდნენ. თუმცა, ბოლოს, მას შემდეგ, რაც ვერტმფრენები გამოჩნდნენ, ამ საკითხზე ჯგუფის წევრებთან დაეძაბა ურთიერთობა. ამირიძისთვის უცნობია, ჯგუფის წევრები ერთმანეთთან როგორ შეთანხმდნენ, რა გადაწყვიტეს. თუმცა, როცა თათბირი დასრულდა, ჯგუფის წევრები მივიდნენ ამირიძესთან და უთხრეს, რომ დაელოდებოდნენ მომლაპარაკებელთა მოსვლას, ამ პირობაზე თანხმობა განაცხადეს. რაც შეეხება ჯგუფის წევრების იარაღის წარმომავლობას, ალექსანდრე ამირიძე აცხადებს, რომ როგორც მას ახსოვს, მგონი აბუჰამზას, რომელსაც ეკეთა „სტეჩკინის“ იარაღი, ჰკითხა, რამდენად შეიძინა იგი, რაზეც მებრძოლმა უპასუხა, რომ არაფერი გადაუხდია იარაღის შესაძენად, მას ეკუთვნოდა, გილაევის დროს დამარხული ჰქონდა და ახლა ამოთხარა. ასევე, ალექსანდრე ამირიძე აცხადებს, რომ იმ ადგილას, სადაც ისინი იდგნენ, იდო „პკ“ სისტემის ტყვიამფრქვევი, რომელსაც ჰქონდა კბილანები, რაც იმას მიუთითებდა, რომ ძველი იარაღი არ იყო, პირიქით, თანამდეროვე იარაღია. ა.ამირიძემ მოცემულ იარაღზე მიანიშნა და ჰკითხა, თანამედროვე იარაღიც გილაევის დროინდელი იყო თუ არა. თუმცა, პასუხი მას არ გასცეს. ალექსანდრე ამირიძე ათვალიერებდა ჯგუფის წევრებს რა იარაღი ჰქონდათ, ერთ ზურგჩანთაში შენიშნა მილი, მოგვიანებით, აჩვენეს სნაიპერული შაშხანა, რომლის მაყუჩი აღმოჩნდა აღნიშნული მილი. მან ასევე შენიშნა განსხვავებული იარაღი „კარაბინი“, შაშხანა, რომელიც ჰქონდა ამირიძის ერთ–ერთ ნაცნობს. როცა ტყეში ადიოდნენ, მივიდა მასთან და თვითონაც აიღო იარაღი, დაათვალიერა, წარწერა ან ნომერი რომ დაემახსოვრებინა, მაგრამ იარაღს არაფერი ეწერა: არც ნომერი და არც მოდელი. იგი ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა.

 

ალექსანდრე ამირიძე პერიოდულად რაციით გადასცემდა არსებულ სიტუაციას. ჯგუფის წევრებს მისთვის ხელი არ შეუშლიათ. ამირიძის თქმით, მას მაისურიც ჰქონდა აწეული, რომ იარაღიც გამოჩენილიყო, რაციაც ხელში ეჭირა, რომ დამალულის შთაბეჭდილება არ შექმნოდათ და აგრესია არ გამოეწვია. რაციით გადასცა, რომ შეხვდა ჯგუფის წევრებს, რამდენიმე ნაცნობიც იყო, დანარჩენების ვინაობას არკვევდა და მოგვიანებით დაუკავშირდებოდა, და ისინი გზას ითხოვდნენ. რაციით დაკავშირებისას, სამართალდამცავებმა ალექსანდრე ამირიძეს ჰკითხეს 67 იმ ადგილის კოორდინატები, სადაც იმყოფებოდნენ. მან უთხრა, რომ კოორდინატები არ იცოდა, რუკა არ ჰქონდა, თუმცა რომელიმე მესაზღვრეს აღუწერდა ადგილს. ასეც მოიქცა. ამირიძის საუბარი რაციით ჯგუფის წევრებს ესმოდათ. იგი რაციით ქართულად საუბრობდა, ჯგუფის რამდენიმე წევრს ქართული ესმოდა, თუმცა შინაარსს ვერ გაიგებდნენ, რადგან იმის გამო, რომ რაციას ცუდი მიღება ჰქონდა, საუბრის დროს გვერდით გადიოდა, კლდეს იყო მოფარებული და სპეციალურად ხეებთან გადიოდა. მიუხედავად ამისა, ჯგუფის წევრები ხედავდნენ, რომ ამირიძე რაციით საუბრობდა და იგი ჩუმად არ ლაპარაკობდა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, ის ესაუბრებოდა ჯგუფის წევრებს, სხვას ვერაფერს მოიმოქმედებდა. მას უთხრეს, რომ ჯგუფი უნდა შეეჩერებინა. მისი მისია იყო პირველ ყოვლისა, ჯგუფის წევრებს იარაღი დაეყარათ და ჩაბარებოდნენ, შემდეგ კი ფიქრობდა, რომ გზა არ გაეგრძელებინათ. აღნიშნულის საშიშროება არსებობდა, ამიტომაც, ცდილობდა მათ შეჩერებას. ჯგუფი ხეობის ზევით, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ წასვლას აპირებდა. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, მას მერე, რაც ალექსანდრე ამირიძემ რაციით გადასცა ადგილის აღწერილობა, სადაც ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, წამოვიდნენ ვერტმფრენები. ამ დროს ჯგუფის წევრებმა იარაღს დაავლეს ხელი და დადგნენ პოზიციებზე: ზოგი კლდის ქვეშ, ზოგი აქეთ-იქით გაიფანტა. ამ დროს ჯგუფი ისევ ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა, ხევში, იმავე ადგილას, სადაც ამირიძე შეხვდა მათ. ეს ყველაფერი დღის სინათლეზე ხდებოდა. ჯგუფის წევრებში პანიკა შეინიშნებოდა, ამირიძეც პანიკაში ჩავარდა, რადგან მისთვის უცნობი იყო ვერტმფრენები ქართული მხარის იყო თუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული. ამირიძემ რაციით გადასცა, რომ ვერტმფრენები გამოჩნდა და ცოტა ხანში უთხრეს, რომ არ შეშინებოდათ, რადგან ქართული ვერტმფრენები იყვნენ. ამირიძემ ჯგუფის წევრებსაც აცნობა ვერტმფრენების წარმომავლობა, მაგრამ ისინი არ უსმენდნენ, რადგან იარაღს ისხამდნენ, ზურგჩანთებს იკიდებდნენ. ერთ–ერთს ამირიძემ დახმარება შესთავაზა ბარგის ტარებაში, რადგან სურდა შეეფასებინა ბარგის სიმძიმე. ის დათანხმდა და ამირიძემ აიკიდა ზურგჩანთა, იარაღი ჯგუფის წევრმა აიღო და ყველანი ხევიდან ავიდნენ იქვე მდებარე ტყეში. ტაფობი ადგილი იყო. ამირიძე ოდნავ წინ წავიდა, რომ მათ გზა არ გაეგრძელებინათ და როგორმე შეეჩერებინა. ამ დროს ამირიძისთვის უკვე რაციით გადმოცემული ჰქონდათ, რომ მომლაპარაკებლებს გადმოიყვანდნენ და გაგზავნიდნენ ჯგუფთან და როგორმე შეეჩერებინა ისინი. ალექსანდრე ამირიძე ჯგუფის 17–ვე წევრთან ერთად ავიდა იმ ადგილზე, საითაც ბილიკი გრძელდებოდა, ეს ის ადგილია, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა და შემდეგ ტელევიზიით ნახა გარდაცვლილები. რადგან ის იქ არ ყოფილა. ნიღბიანს რაც შეეხება, ამირიძე ფიქრობს, რომ ის იყო დაახლოებით მისი ასაკის [30–40 წლის], იყო ქართველი, ქისტი, იმ ხეობელი ან სოფლელი, რომელიც მეგზურობას უწევდა ჯგუფს. შეიძლება, თანხის სანაცვლოდაც კი აცილებდა ჯგუფს. საუბრობდა ჩეჩნურ ენაზე. შეეცადა მასზე მეტი ინფორმაცია მიეღო, დაემახსოვრებინა მისი აღწერილობა, ვიზუალი, დააკვირდა და იმახსოვრებდა თითოეულ დეტალს. გარდა ამისა, შენიშნა, რომ ის ნიღბიანი დანარჩენებს ჩეჩნურ ენაზე ესაუბრებოდა. იმ მიზნით, რომ გაეგო ნიღბიანი ქისტი იყო თუ ჩეჩენი, მას ქართულად დაელაპარაკა. მან ქართული გაიგო, შემდეგ ტყეში რომ ავიდნენ, ისიც უთხრა, რომ მის მეტი იქ არავინ ავიდოდა და რატომ წვალობდა (გულისხმობდა ნიღაბს, რომლის 68 მოუხსნელადაც ნიღბიანი „სნიკერსს“ მიირთმევდა), ამირიძემ უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო ნიღბიანის ვინაობა და ქუდი მაინც მოეხადა, მაგრამ მან უარი განაცხადა. ალექსანდრე ამირიძე დარწმუნებულია, რომ ნიღბიანი გარდაცვლილთა შორის არ იყო. ჯგუფის წევრები და ალექსანდრე ამირიძე ტყეში ავიდნენ, ტყე დაბურული იყო, ვერტმფრენიდან ჯგუფის შემჩნევა შეუძლებელი იყო. ჯგუფი რომ დაიძრა, მიზანი დაკონკრეტებული მათი მხრიდან არ ყოფილა, ვერტმფრენები რომ წავიდნენ, ცდილობდნენ ტყეს შეფარებოდნენ. მათ არ უთქვამთ, რომ გარბოდნენ და უნდა გადასულიყვნენ საზღვარზე. ბილიკზე, სადაც გზა უნდა გაეგრძელებინათ, ამირიძემ ზურგჩანთა მოიხსნა. ამ დროს მასთან მივიდა ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, რომელიც მისი აზრით, დაღესტნელი იყო და სხვებსაც რუსულად მიმართავდა. იგი გზას განაგრძობდა, რაზეც ამირიძემ უთხრა, მოეცადა, თუმცა მან უპასუხა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყვნენ. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ხელიც კი მოუქნია დასარტყმელად, ამ დროს ემირმა უყვირა ყველას ერთდროულად და მოუწოდა, მისთვის დაეჯერებინათ. ტყეში ასვლის შემდეგ შეთანხმდენ, შეჩერდნენ და ელოდებოდნენ მომლაპარაკებლების მოსვლას.

 

ჯგუფის წევრები დადგნენ თავიანთ ადგილებზე: ერთად არ იდგნენ, ერთ-ერთმა, რომელსაც ამირიძე არ იცნობდა, თქვა, რომ არ ნდობოდნენ ამირიძეს, ის დროს აწელინებდა და არავინ მომსვლელი არ იყო. ამირიძე ამ პერიოდის განმავლობაში რაციით უკავშირდებოდა და კითხულობდა, მოდიოდნენ თუ არა მომლაპარაკებლები, რაზეც დასტურს იღებდა. მომლაპარაკებლების ვინაობა არც ჯგუფის წევრებისთვის და არც ალექსანდრე ამირიძისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამ დროს ვერტმფრენი დაფრინავდა მათი ადგილსამყოფელის საჰაერო სივრცეში. ჯგუფის წევრები საბრძოლო პოზიციებზე იდგნენ. ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი მათ არ ჰქონდათ. ჯგუფის წევრებისგან ამირიძის მისამართით აგრესია წამოვიდა. მან დაუძახა ერთ-ერთს, ვისაც ქართული ესმოდა და უთხრა, რომ მის გვერდით დამდგარიყო, რაციას აუწევდა ხმას, გაიგებდა მათი საუბრის შინაარსს და უთარგმნიდა დანარჩენებს. ბოლოს რაციით გადასცეს, რომ მომლაპარაკებლები გასცდნენ პოლიციის ბოლო პოსტს, სადაც ამირიძემ მანქანა გააჩერა და მალე მოვიდოდნენ. მომლაპარაკებლები ფეხით მოდიოდნენ. იმ ბილიკზე, სადაც მათ უნდა გამოევლოთ, იდგა ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, რომელიც ბილიკს უყურებდა და აკონტროლებდა. სწორედ მან დაინახა მათკენ მიმავალი პირები, მომლაპარაკებლები და დაუძახა ამირიძის გვერდით მდგომ პირს. ამირიძე სირბილით დაეშვა ბილიკზე, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მას გაეკიდა. ა. ამირიძემ უთხრა, რომ მომლაპარაკებლები იქნებოდნენ, ჯგუფის წევრმა ავტომატი მიადო და უთხრა ევლო. ჩავიდნენ დაბლა ხევში, შეხვდნენ მომლაპარაკებლებს: ისინი სამნი იყვნენ. ამირიძე სამივეს იცნობდა: ზურა მაისურაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი, ახმეტ ჩატაევი და ზელიმხან ხანგოშვილი. ამირიძე მათ მიესალმა. ამირიძეს ვინც იარაღი მიადო, მას კიდევ 2 კაცი გაჰყვა და ისინი თავისიანებს მიესალმნენ, ამირიძე მაისურაძეს მიესალმა და დაუწყო საუბარი. ზურა მაისურაძეს, როგორც ხელმძღვანელს, ამირიძემ აუხსნა საქმის ვითარება და საქმის კურსში ჩააყენა. ამის შემდეგ ამირიძის თქმით, იგი პროცესებში არ ჩარეულა. მისთვის აგრეთვე უცნობია, მომლაპარაკებლებს რა დავალება ჰქონდათ და რა პირობებზე ისაუბრეს. ჯგუფის წევრებს ჩატაევი და ხანგოშვილი ესაუბრებოდნენ. ამირიძემ არ იცის, რომელ ენაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რადგან  ისინი ცალკე საუბრობდნენ და შინაარსი არ ესმოდა. მაისურაძემ ამირიძეს უთხრა, რომ დროში იყვნენ შეზღუდულები.

 

ალექსანდრე ამირიძე ჯგუფთან მივიდა და უთხრა, რომ პასუხი უნდა ეთქვათ. ამირიძის თქმით, ქართულად ჰკითხა მათ, თუმცა ხანგოშვილმა უპასუხა, რომ ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ იარაღს არ დაყრიდნენ და უაზრობა იყო საუბრის გაგრძელება. შემდეგ ამირიძეს ნერვებმა უმტყუნა და თითქმის ყვირილით, რუსულად უთხრა მათ, რომ ეთქვათ კონკრეტული პასუხი: თანხმობა ან უარი. იგი ჯგუფის წევრებთან ახლოს იდგა და გაიგო, როგორ გადაულაპარაკეს ერთმანეთს ჩეჩნურად, მოიხედა და ამ მომენტში უნდა ჩაერტყათ მისთვის. ამირიძის თქმით, იგი ქვევით, იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ზურა მაისურაძე იდგა და უთხრა მას, რომ წასულიყვნენ. ჯგუფის წევრები და მომლაპარაკებლები ერთად იყვნენ, ზოგი აქეთ–იქით იდგა, რამდენიმე დაბლა ხევშიც იყო. მაისურაძემ თქვა, რომ არ წავიდოდნენ და თვითონ ავიდა ზევით. ამირიძე ზევით არ ასულა. იქ ზევით რა გადაწყვიტეს და რა ისაუბრეს, ამირიძემ არ იცის. როგორც ჩანს, სავარაუდოდ, იმ ადგილამდე მისვლა გადაწყვიტეს, სადაც სატელეფონო კავშირის შესაძლებლობა იქნებოდა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ. წამოვიდნენ ამირიძე, მაისურაძე, ორი მომლაპარაკებელი და კიდევ ჯგუფის 2 წევრი, რომელთაგან ერთმა ავტომატი მიადო ამირიძეს, მეორემ – მაისურაძეს. მათი წასვლის დროისთვის დაბნელდა. რადგან ალექსანდრე ამირიძის ხელმძღვანელი მივიდა, მერე თვითონ აქტიურად არაფერში ჩარეულა. წამოვიდნენ დაახლოებით 800 მ. ამ დროს ამირიძემ ტელეფონით შეტყობინება მიიღო შემოსული ზარების შესახებ, ჯგუფის წევრები გააჩერდნენ და რაღაცას ლაპარაკობდნენ. ჰკითხეს ა. ამირიძეს, სატელეფონო კავშირი მყარდებოდა თუ არა. ამირიძემ უპასუხა, რომ არ მყარდებოდა. გზა განაგრძეს. მერე ისევ გააჩერეს და რაღაცას ბჭობდნენ მომლაპარაკებლები და ჯგუფის წევრები. ამირიძემ უთხრა მაისურაძეს, რომ საერთოდ წასულიყვნენ, რადგან ცუდი სიტუაცია იყო. ავტომატმიბჯენილები მიდიოდნენ და არ იცოდა, რა მოხდებოდა. იმ მომენტში, როცა ჯგუფის წევრებმა ყურადღება მოადუნეს, რადგან ერთმანეთთან საუბრობდნენ, მაისურაძე და ამირიძე ნელ–ნელა წავიდნენ, 20–30 მეტრში კლდე მდებარეობდა და გზა უხვევდა და იფიქრა გაქცეულიყვნენ. ამ დროს ღამე იყო, რის გამოც რთული იყო გადაადგილება და ამირიძე და მაისურაძე გაიქცნენ. ა. ამირიძემ რაციაშიც გადასცა სიტუაცია და ითხოვა, მათთვის რამდენიმე ადამიანის გაგზავნა, რადგან შეიძლება პრობლემა შექმნოდათ. დამხმარე არავინ მისულა. ჩატაევი და ხანგოშვილი ჯგუფის 2 წევრთან დარჩნენ. ჯგუფის ზემოაღნიშნული წევრები ლაპარაკში გაერთნენ და სროლა არ აუტეხავთ ამირიძისა და მაისურაძისთვის. ა. ამირიძის თქმით, მანამდე ზელიმხან ხანგოშვილმა უთხრა, რომ გარიდებოდნენ იმ ადგილს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფის 2 წევრი და მომლაპარაკებლები ერთმანეთთან საუბრობდნენ და უკეთესად იცოდნენ ვითარება. როცა ა. ამირიძე და ზ. მაისურაძე მარმარილოს კარიერებთან მივიდნენ, იმ ადგილას 200 მეტრ ფართობზე ღიაა ტყე და ტყიდან რომ გამოდიოდნენ, ჯგუფის წევრებიც წამოყვნენ, გაუკვირდათ მათი არყოფნა. ამირიძე და მაისურაძე მივიდნენ კარიერებამდე და დიდი ლოდების ქვეშ დაიმალნენ, დასხდნენ. იქ უკვე სამართლადამცავები იყვნენ. როცა ალექსანდრე ამირიძე ავიდა ჯგუფთან შესახვედრად, იმ ადგილას არავინ იმყოფებოდა, მესაზღვრეების გარდა, ხოლო როცა ღამით ზურა მაისურაძესთან ერთად დაბრუნდა, უკვე სპეცდანიშნულების რაზმი იდგა. მათი მისვლიდან ცოტა ხანში ჩოჩქოლი ატყდა, მან და ზ. მაისურაძემ გააფრთხილეს სპეცრაზმი, რომ იქ 2 მოქალაქეც იყო. გარკვეული პერიოდის 70 შემდეგ, ტყიდან გამოვიდა ხანგოშვილი, რომელიც პოლიციაში წაიყვანეს. რაც შეეხება ჩატაევს, ამირიძის ინფორმაციით, არ მიდიოდა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მოცემული დროისთვის ჯგუფი მარმარილოს კარიერებიდან დაახლოებით 2 კმ.–ის დაშორებით იყო დაბანაკებული. ამის შემდეგ ალექსანდრე ამირიძე და ზურა მაისურაძე დაიბარეს თელავში. ალექსანდრე ამირიძის მანქანა იდგა პირველი, შემდეგ ზურა მაისურაძის და შემდეგ დანარჩენი პირების, ვინც ადგილზე მივიდა, რის გამოც ჩახერგილი იყო ხეობა, მითუმეტეს, რომ ვიწრო გზაა და ა. ამირიძემ და ზ. მაისურაძემ ვერ შეძლეს წასვლა. მერე სთხოვეს მესაზღვრეებს, რომ ქვევიდან ვინმე ასულიყო მათთან შესახვედრად და ისინი ფეხით ჩავიდოდნენ.

 

ალექსანდრე ამირიძისთვის უცნობია, ვინ გასცა თელავში მისვლის ბრძანება, რადგან მაისურაძეს დაურეკეს, სავარაუდოდ, ხელმძღავნელმა. თელავში ჩასულ ა. ამირიძეს და ზ. მაისურაძეს დახვდა გ. ლორთქიფანიძე, ასევე, პროკურატურიდან ხელმძღვანელი პირებიც. თელავში, სამხედრო აეროდრომში შტაბი იყო შექმნილი. ალექსანდრე ამირიძე აცხადებს, რომ თელავში მას გამოკითხეს ყველაფერი. ამის შემდეგ ის თელავში იმყოფებოდა და იგებდა ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ, რასაც გადმოსცემდნენ. შტაბში გადაწყვეტილების მიღებაში ან სხვა რაიმე საკითხის გადაწყვეტაში, ალექსანდრე ამირიძე არ ჩარეულა. მისი თქმით, სპეცოპერაცია ღამით დაიწყო. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მან ტელევიზიით გარდაცვლილთა გვამების ნახვის შემდეგ იცნო ადგილი, რადგან ცხედრების მდებარეობის ადგილი იმ ტერიტორიასთან ახლოს იყო, სადაც ბოლოს ჯგუფი იყო დაბანაკებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი არსად წასულა. აღნიშნული ადგილი მარმარილოს კარიერებიდან დაახლოებით 2 კმ.–ში მდებარეობს. ალექსანდრე ამირიძე განმარტავს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ, იმ ღამესვე დაიძაბა სიტუაცია და პანკისში პოლიციაც შეიყვანეს. ა. ამირიძემ დაურეკა ერთ-ერთ ვაჰაბიტს, რომელიც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა და ამირიძესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა, და უთხრა, რომ მივიდოდა ხეობაში და ვითარებას გააცნობდა. მანამდე პანკისის ხეობიდან ქისტები ურეკავდნენ ამირიძეს და ეკითხებოდნენ, სიმართლე იყო თუ არა, რომ მათ დაბომბვას აპირებდა რუსეთის ავიაცია და ა.შ. მას ასევე, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვაჰაბიტები რაღაცას გეგმავდნენ. ალექსანდრე ამირიძის თქმით, იგი ღამით დუისში, პანკისის ხეობაში შეხვდა დაახლოებით 10 ადამიანს, ვაჰაბიტებს და ყველაფერი უამბო. ბოლოს შემოდგომაზე იყო ჩასული პანკისის ხეობაში და ადგილობრივები პრეტენზიას არ უყენებენ, რადგან საამისო საფუძველი არ აქვთ. ალექსანდრე ამირიძის თქმით, იგი არ ფლობდა ინფორმაციას ჯგუფის წევრების საქართველოში შემოსვლის შესახებ. პანკისის ხეობის სიტუაციის კონტროლი მისი უფლებამოსილების სფეროს წარმოადგენდა. ალექსანდრე ამირიძე უარყოფს, რომ პანკისის ხეობაში 2012 წლის ზაფხულში შეინიშნებოდა ჩეჩნების ჩამოსვლის გახშირებული შემთხვევები. მას მსგავსი ინფორმაცია არ ჰქონია. ბევრი ჩეჩენი პანკისში ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ჩადიოდა.

 

2012 წელს შეზღუდვები მოხსნილი იყო გადაადგილებაზე და ყველას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება. ალექსანდრე ამირიძე ასევე აცხადებს, რომ ტელევიზიით გადაცემული სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თითქოს, ჯგუფის წევრები მის სახლში იკრიბებოდნენ და ცხოვრობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამდება. ასევე, კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ვერსიას, რომ თითქოს, მან მიიღო მონაწილეობა ჯგუფის წევრების ჩამოყვანაში, გაწვრთნასა და სპეცოპერაციის 71 დაგეგმვაში. ის სამსახურში დადიოდა, შავნაბადაზე არ ყოფილა, მას ხედავდნენ თანამშრომლები, ამასთანავე, არ ფლობს სამხედრო ტექნიკას და არც ვინმეს მოსამზადებლად საკმარისი სამხედრო განათლება აქვს. ის ასევე უარყოფს, რომ ჯგუფი წინასწარ ჩაიყვანეს და შეიტყუეს ლოპოტას ხეობაში. ა. ამირიძის თქმით, მიზანი რომ ჯგუფის წევრების დახოცვა ყოფილიყო, არც მომლაპარაკებლებს აიყვანდნენ და ისეთ ადგილას ჩაუსაფრდებოდნენ, სადაც ცოცხალი ვერავინ გადარჩებოდა, ალყაც წინასწარ გაკეთდებოდა.

 

ალექსანდრე ამირიძის თქმით, მას არ დაუგეგმავს, არ შეუსრულებია, არ გადაუწყვეტია სპეცოპერაციის ჩატარება და საერთოდ, არც საქმის კურსში ყოფილა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მისი ჯგუფთან ყოფნისას არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჯგუფის რომელიმე წევრს ეთქვა, რომ ვინმემ მოატყუა და გზის მიცემის გარანტია ჰქონდათ. მსგავსი მას არ შეუმჩნევია და არც ჯგუფს დაუყენებია მოთხოვნა. ა. ამირიძე ვარაუდობს, რომ თუ ჯგუფს ვინმესგან რამე გარანტია ექნებოდა, მაშინ პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. როგორც მინიმუმ, დარეკვას პირობის გამცემ პირთან და დაკაშირებას, თუ ასეთი პირობის გამცემი არსებობდა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, იგი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, პანკისის ხეობაში ხშირად მიდიოდა, მისი დაინტერესების სფერო იყო ვაჰაბიტები, უმეტესად ისეთ ხალხს ხვდებოდა, ვინც ე.წ. ვაჰაბიტია. ბევრ ქისტთან მართლა მეგობრობს, ბევრთან თითქმის ნათესაური კავშირი აქვს, ბევრს სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ხვდებოდა. ალექსანდრე ამირიძის აზრით, აღნიშნული ჯგუფის ლოპოტას ხეობაში შესვლა და საქართველო–რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, რუსების მიერ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული პროვოკაცია იყო. ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული: დაღესტანში რუსეთის ჯარის შეყვანა, რუსეთ–საქართველოს საზღვარზე პოსტების დაყენება და ჯგუფის საქართველოდან წასვლა. ჯგუფის წევრებმა თვითონ გაშიფრეს ჯგუფის 2 წევრი, რომლებიც იყვნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების აგენტები და მათ ვინაობას თვითონვე ასახელებდნენ. ჯგუფის აღნიშნული 2 წევრიდან ერთი იყო დაღესტნელი, მეორე – ჩეჩენი ეროვნების. სწორედ ეს ადამიანები გადასცემდნენ ინფორმაციას, წააქეზეს დანარჩენი წევრები, შეაგროვეს და წაიყვანეს ხეობაში. ა. ამირიძის თქმით, აღნიშნული 2 ადამიანი გარდაცვლილებში არიან. სპეცოპერაციის შემდეგ ალექსანდრე ამირიძე ჩამოაშორეს ლაფანყურის საქმის გამოძიებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელ ხელმძღვანელობასაც ეჭვი შეეპარა მასში, რის გამოც მისი დაკავებაც სურდათ, თუმცა შეძლო დარწმუნება საკუთარ სიმართლესა და უდანაშაულობაში.

 

2012 წელს, როცა ხელმძღვანელობა შეიცვალა, განცხადება დააწერინეს გათავისუფლებაზე, რამდენიმე დღის მერე დაიბარეს და ისევ დანიშნეს. ამის შემდეგ ერთხელ ისევ გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ სიმართლეს არ ამბობდა და ისევ დააბრუნეს სამსახურში. ალექსანდრე ამირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს 2012 წლის დეკემბერში, გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში. კადრების განკარგულებაში გადაყვანის მიზეზად განუმარტეს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მისი სახელი იყო ნახსენები, რის გამოც გამოძიების დასრულებამდე მისი სამსახურში ყოფნა შეუძლებელი იყო. 2013 წლის 15 აპრილიდან იგი გათავისუფლებულია საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ ა. ამირიძეს იბარებდნენ დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მინისტრის მოადგილე – ხვედელიძე და ეუბნებოდნენ, სიმართლე ეთქვა ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით. მის სამსახურში კი გამოუცხადეს თანამშრობლებს, რომ თუ ამირიძეს დაეკონტაქტებოდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. მან მიიღო გარდაცვლილთა ამოცნობაში მონაწილეობა. ამასთანავე, ნახეს მონაცემთა ბაზები. ჯგუფის რამდენიმე წევრზე არ არსებობდა არანაირი მონაცემი. მისი აზრით, დაღესტნელები მთით გადმოვიდნენ და ლოპოტას ხეობაში შეხვდნენ დანარჩენებს. ჯგუფის რამდენიმე წევრი კი ვერ დაადგინეს, როგორ შემოვიდა საქართველოში. რამდენიმე (უცხო ქვეყნის მოქალაქე: ავსტრიის და რუსეთის) – 2 კვირით ადრე ოფიციალურად იყო შემოული საქართველოს ტერიტორიაზე. ალექსანდრე ამირიძე ასლან მარგოშვილის სახელზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიერ გაცემული იარაღის შენახვის უფლების მოწმობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იარაღის შენახვის ნებართვას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომასახურების სააგენტო. „სტეჩკინის“ სისტემის იარაღის შეძენა–შენახვა, რისი შენახვის უფლებაც ასლან მარგოშვილს ჰქონდა, შესაძლებელია კანონმდებლობის დაცვით. ა. ამირიძე ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ არაერთ ქისტს და ჩეჩენს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული, ზოგს – რამდენიმეც. დუკვახა დოშუევთან დაკავშირებით, ალექსანდრე ამირიძე აცხადებს, რომ ის იყო ასაკით ყველაზე უფროსი პირი ჯგუფში. სწორედ მან განუცხადა, რომ ჯგუფის წევრები მას არ ემორჩილებოდნენ. ა. ამირიძის თქმით, დუკვახა დოშუევმა ფანარი აჩუქა სახსოვრად. ამირიძის აზრით, მან (დოშუევმა) გონივრულად შეაფასა სიტუაცია და ფიქრობდა, რომ ისინი გზას აღარ განაგრძობდნენ. ფანარი მას თვითონ დასჭირდებოდა, თუ გზას განაგრძობდნენ. ფანარი ექნებოდა ერთი და არა რამდენიმე, რადგან ზედმეტ ნივთებს ტყეში არ ატარებდნენ. შეიძლება გულში ფიქრობდა, დანებებას და ჩაბარებას. თუმცა, ვერ შედგა მოლაპარაკება, ვერაფერს მიაღწიეს. გარდაცვლილი სპეცრაზმელების შესახებ იცის, რომ შეტაკების დროს დაიღუპნენ. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ჩოხელი და წიკლაური ჯგუფს გამცილებლებად მიჰყვებოდნენ, ა. ამირიძე უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი იქ არ ყოფილან. ამირიძემ ჯგუფის ყველა წევრი ნახა, გარდა ერთისა, რომელსაც ნიღაბი ეკათა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, მასმედიით გავრცელებული ბრალდებების შემდეგ (მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში), იგი აგზავნიდა წერილს მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის სახელზე, თუმცა ანრიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა არ გააგზავნინა. ალექსანდრე ამირიძის თქმით, ის დაიკითხა გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, ასევე გამოიკითხა გენერალური ინსპექციის მიერ. აცხადებს, რომ იგი, ისევე, როგორც გია ლორთქიფანიძე და ზურაბ მაისურაძე, თვითონაც უდანაშაულოა. ალექსანდრე ამირიძის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ენდობა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს და არ უნდა გამოძიებას ხელი შეეშალოს მისი ნათქვამით.

მასალების გადაბეჭდვის წესი