“ქართუს” გაკოტრებაში ბრალდებული თანამდებობაზე დაინიშნა

აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ რომან ჩხენკელი 22 აპრილს დაინიშნა. სამი თვის წინ, ზუსტად 20 იანვარს, 
რომან ჩხენკელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. მან პატიმრობას თავი ამ თანხის გადახდის საფუძველზე დააღწია.

რომან ჩხენკელს პროკურატურა წინასაარჩევნო პერიოდში გაკოტრებული ბანკი „ქართუს“ საქმეზე ახლაც ედავება.

 

ბანკი ქართუ
ბანკი ქართუ

20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ხოლო ჯამბულ ებანოიძის, რომან ჩხენკელის, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძესა და ნიკანორი მელიას მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამართლოს განჩინებით, ჯამბულ ებანოიძეს გირაოს თანხად – 30 000 ლარი, რომან ჩხენკელს – 15 ათასი ლარი, მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძეს – 8-8 ათასი ლარი, ხოლო ნიკანორი მელიას – 25 ათასი ლარი განესაზღვრათ“.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც მან 2012 წლის 17 დეკემბერს გაავრცელა, “ქართუს” გაკოტრების სქემაში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი.სასამართლომ კი განმარტა, თუ რა გარემოებები მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღების დროს:

 

„ბრალდებულთა პიროვნება, მათი წარსული საქმიანობა, ქმედების ხასიათი, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლის და სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი. ასევე ის, რომ ჯამბულ ებანოიძეს, რომან ჩხენკელს, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძესა და ნიკანორ მელიას არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია და დაბარებისთანავე არაერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოებში“.

 

აჭარაში აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი კახა კირტავა თავის მოადგილედ რომან ჩხენკელის, ანუ ქვეყნის პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის ბანკის ხელოვნურად გაკოტრებაში ბრალდებული პირის დანიშვნის ფაქტს ადასტურებს:

 

„დიახ, გიდასტურებთ – 22 აპრილს დაინიშნა მოადგილედ“.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ გირაოშეფარდებული პირის, რომან ჩხენკელის თანამდებობაზე დანიშვნის მართლზომიერებას, კახა კირტავა ამბობს:

 

„არ ვიცნობ მასთან დაკავშირებულ საქმის გარემოებებს, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. კანონი მოადგილის დანიშვნის დროს ჩემთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს“.

 

რომან ჩხენკელთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. მისი მობილურის ნომერი, როგორც “ბათუმელებს” განუმარტეს, არც ამ სამსახურის პრესცენტრში იციან და არც თავად კახა კირტავასთვის არის ცნობილი.

 

“თუ რამე გაინტერესებთ ჩვენი უწყების საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, წერილობით მოგვმართეთ”, – განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ფატი მამიაშვილმა.

 

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩევნებამდე რომან ჩხენკელი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ამავე დეკლარაციის მიხედვით, შარშან მან ამ დეპარტამენტში სამ თანამდებობაზე იმუშავა და ხელფასის სახით 78 908 ლარი მიიღო.

 

1972 წელს დაბადებული რომან ჩხენკელი ქონების სახით ფლობს 107 კვადრატულ მეტრ ბინას თბილისში, 196 682 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ლაგოდეხში, ხოლო 1500 კვადრატულ მეტრ მიწას დიდ ლილოში. ასევე 1998 წელს გამოშვებულ ავტომანქანა FORD RANGER-ს.

 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომან ჩხენკელი 2010 წელს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო, 2011 წელს კი თბილისში გადავიდა სამუშაოდ.

 

რომან ჩხენკელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აჭარაში აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კახა კირტავას შეფასება ასეთია:

 

“არის გამოსავალი – რომან ჩხენკელი დანიშნულია კონკურსის გამოცხადებამდე”.

 

თავად კახა კირტავა აჭარის აუდიტის სამსახურში (ყოფილი კონტროლის პალატა) 2011 წლიდან მუშაობს.

 

„თავდაპირველად დავინიშნე მოადგილედ. დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ კი გავხდი მოვალეობის შემსრულებელი“, – ამბობს კახა კირტავა.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 114-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი აჭარაში დეპარტამენტის უფროსის კანდიდატურას წარუდგენს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, რომლის დანიშვნაზეც ეს უკანასკნელი თანხმობას გასცემს. კახა კირტავას კანდიდატურაზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს, როგორც თავად კახა კირტავა ამბობს, ერთი მიზეზით არ უმსჯელია: ის ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გაზეთი ბათუმელები, ეთერ თურაძე