ახალი ამბები

ქართუ: დავიცავთ მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო შეზღუდვებს

20 სექტემბერი, 2023 • 1101
ქართუ: დავიცავთ მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო შეზღუდვებს

„ბანკი ქართუ“ „ნეტგაზეთის“ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ იმოქმედებენ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებსაც შეასრულებს და საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებით გათვალისწინებულ წესებსაც:

„კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს“, — განგვიცხადეს „ბანკ ქართუში“.

„ბანკ ქართუს“ ასევე ვკითხეთ ჰქონდა თუ არა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მათ ბანკში ანგარიშები, თუმცა განგვიცხადეს, რომ საბანკო საიდუმლოს დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე მოკლებული არიან შესაძლებლობას, ეს ინფორმაცია გაამჟღავნონ:

„საბანკო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, კონკრეტულ პირთან დაკავშირებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ ინფორმაცია, თანახმად „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლისა“, — აცხადებენ „ქართუში“.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში დღეს, 19 სექტემბერს შევიდა.

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

რამდენიმე ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი