ახალი ამბები

“ქართუს” სარგებელი არ მიუღია – თურნავა მიწის გაცვლაზე

11 ივნისი, 2020 • 887
“ქართუს” სარგებელი არ მიუღია – თურნავა მიწის გაცვლაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ჯგუფისა” და სახელმწიფოს შორის გაფორმებული გარიგების შედეგად, რომლის მიხედვითაც “ქართუმ” მთავრობისგან 3 445 კვ.მ მიწის სანაცვლოდ 49 255 კვ.მ მიიღო, გატარდა სახელმწიფო ინტერესები და კომპანიას არავითარი სარგებელი არ მიუღია. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“”ქართუსთან” დაკავშირებით ამ დღეებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, რომ თითქოს “ქართუ ჯგუფმა” რაღაც სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით, აბსოლუტურად თავდაყირა არის ეს ინფორმაცია მოწოდებული. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრი სტაილში სათხილამურო და სნოუბორდის ჩემპიონატს, რაც ტარდება ბაკურიანში.

ამ პროცესში, პროექტის დამტკიცების კვალობაზე, აშკარა გახდა, რომ ამ არეალში ექცევა ერთ-ერთი მიწა, რომელიც “ქართუ ჯგუფს” ეკუთვნის. აქ ასევე მოქცეულია სხვა კერძო მიწებიც და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ჩვენივე ინტერესი. ჩვენი სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვის საფუძველზე და მოთხოვნით “ქართუ ჯგუფი” დაგვთანხმდა და თავისი კუთვნილი მიწა გადაგვიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში, როგორც ეს ხდება საერთო წესით “, – განმარტა თურნავამ.

თურნავას თქმით, მსგავსი გარიგებები ჩვეულებრივი პრაქტიკაა და სწორედ სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ჩემპიონატისთვის მომზადდეს მაღალი დონის ინფრასტრუქტურა.

“ეს იყო სწორედ ჩვენი ინტერესი და არა “ქართუ ჯგუფის” ინტერესი. მან, როგორც ყოველთვის, გაითვალისწინა სახელმწიფოს ინტერესი და თავისი მიწა დათმო ალტერნატიული მიწის სანაცვლოდ. იმასაც შეგახსენებთ, რომ დღესაც ჩვენ, სახლემწიფო, დიდველის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ასევე “ქართუ ჯგუფის” საკუთრებაა, უსასყიდლოდ ვიყენებთ პარკინგისთვის. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და “ქართუ ჯგუფმა” თითქოს რაღაც სარგებელი აქედან ნახა, არის აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო”, – განაცხადა თურნავამ.

“სამხრეთის კარიბჭემ” 10 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში 3 445 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ სახელმწიფომ ბანკ “ქართუს” 7 მიწის ნაკვეთი გადასცა აბასთუმანში, ბაკურიანში, ბათუმსა და მცხეთაში, რომელთა საერთო ფართობი 49 255 კვადრატული მეტრია.

“ქართუმ” მთავრობისგან 3445 კვ.მ მიწის სანაცვლოდ 49255 კვ.მ მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი