ახალი ამბები

“ქართუმ” მთავრობისგან 3445 კვ.მ მიწის სანაცვლოდ 49255 კვ.მ მიიღო

10 ივნისი, 2020 • 2530
“ქართუმ” მთავრობისგან 3445 კვ.მ მიწის  სანაცვლოდ 49255 კვ.მ მიიღო

ბაკურიანში 3 445 კვ.მ-ის მიწაში (და მასზე განთავსებულ შენობაში) სახელმწიფომ ბანკ “ქართუს”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია, 49 255 კვ.მ მიწა გაუცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით გამოითხოვეს ქონების ეროვნული სააგენტოდან, სადაც განმარტებული იყო, რომ მიწების გაცვლის პროცესი 2020 წლის 21 თებერვლის N359 განკარგულებით არის დამტკიცებული, თუმცა აღნიშნული განკარგულება მთავრობის ოფიციალურ საიტზე არ დევს.

ქონების გაცვლის ხელშეკრულება კი სახელმწიფოსა და “ქართუს” შორის 2020 წლის 26 თებერვალს გაფორმდა. სწორედ ამ დღეს შევიდა განცხადება უძრავი ქონების რეესტრში, რომელიც მთავრობამ 4 მარტს დააკმაყოფილა.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ბაკურიანში მდებარე კინოთეატრ “დიდველის” შენობისა და მიწის სანაცვლოდ სახელმწიფომ “ქართუს” გადასცა სამი მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, ორი -აბასთუმანში, ერთი- ბათუმში (მწვანე კონცხზე) და ერთი -მუხათწყაროსთან (ლისის მიმდებარედ), ჯამში ,49 255 კვ.მ.

გამოცემის მიხედვით, ბაკურიანში “ქართუსთვის” გადაცემული სამი მიწის ნაკვეთი ესაზღრება ტერიტორიას, რომელიც 2011 წელს ბანკს ვალის გაქვითვის ხარჯზე გადაეცა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას, კერძოდ მის სახლს, ესაზღვრება აბასთუმანში გადაცემული 2 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართი 3 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. რაც შეეხება ბათუმში გადაცემულ მიწის ნაკვეთებს, გარიგების შედეგად ივანიშვილმა მიიღო 1 310 კვ.მ ფართი, რომელთან ახლოსაც ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს “ბიზნეს დეველოპმენტმა” 2020 წლის ივნისში მიწა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონის წესით იყიდა.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ყველაზე დიდი ტერიტორია “ქართუს” მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ გადაეცა, რომლის ფართობიც 3.45 ჰექტარია და რომელსაც ორი მხრიდან ტყე ესაზღვრება.

დღეს, 10 ივნისს, ჟურნალისტმა პრემირ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გადასცა სახელმწიფომ აღნიშნული მიწები “ქართუს”, როდესაც ბანკის მიერ გაცემულ და მიღებულ მიწებს შორის სხვაობა თითქმის 46 ათასი კვადრატული მეტრია, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ “ასეთ დადგენილებებს მთავრობა შეხვედრაზე აკეთებს უამრავს”. კითხავზე, რატომ არ ატვირთეს ეს განკარგულება  საიტზე, სადაც, როგორც წესი, მთავრობის განკარგულებები იდება, გახარიამ უპასუხა, რომ “მთავრობის ყველა დადგენილება იტვირთება ერთი და იგივე საიტზე და იბეჭდება ერთი და იგივე მაცნეში”.

როგორც “სამხრეთის კარიბჭეს” ქონების ეროვნული სააგენტოდან მისწერეს, ტერიტორია, რომელიც “ქართუმ” საქარველოს მთავრობას 7 სხვადასხვა მიწის ნაკვეთში გაუცვალა, საჭიროა სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს უნდა გაიმართოს.

„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელშეწყობით 2023 წელს ბაკურიანში ტარდება სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებისთვის კომპანიის მიერ მიმდინარეობს კურორტ ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალი დიდველი) 3 (სამი) ახალი საბაგირო გზის, მასთან დაკავშირებული სასრიალო არეალებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღნიშნული საბაგიროები, სასრიალო ტრასები და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად ხვდება ასევე N64.30.04.751 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ მოთხოვნილ იქნა ხსენებული უძრავი ქონების კომპანიის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, შემდგომში კურორტ ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის დადგენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით“ – ქონების ეროვნული სააგენტოდან მისწერეს გამოცემას.

“ქართუს” სარგებელი არ მიუღია – თურნავა მიწის გაცვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი